Back to Top
 

JPrize Web Geo

ორშაბათი, 06 აპრილი 2020 17:19

როცა სოფელში აფთიაქი არ არის და ტრანსპორტიც გაჩერებულია - ვინ მოგვიტანს წამალს?

ლალი ამირიძე გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ზეღდულეთში ცხოვრობს. მის უბანში რამდენიმე მოხუცია, რომელთაც წნევის წამალი გამოელიათ და იმის გამო, რომ სოფელში აფთიაქი არ არის და კორონავირუსის გავრცელების საფრთხის გამო, ტრანსპორტის მოძრაობაც შეიზღუდა, წამლის ყიდვას ვეღარ ახერხებენ.

"აფთიაქები არ არის და წნევის, შაქრის წამლები გვესაჭიროება. ზეღდულეთში არ არის აფთიაქი და ვისაც ქრონიკული დაავადება სჭირს და წამლები მუდმივად ესაჭიროებათ, მათ რა უნდა ქნან? გორში ვერ მოვდივართ, ყველას ხომ არ ჰყავს სახლში მანქანა?" - აკომენტარებს იგი გორის მუნიციპალიტეტის მერიის ფეისბუქის გვერდზე იმ იმედით, რომ პასუხს ვინმე გასცემს.

 

 

 

ლალი ამირიძის საპასუხოდ, გორის მუნიციპალიტეტის მერიაში ამბობენ, რომ უწყება წამლებს ვერ იყიდის და შემდეგ აბულატორიაში ვერ გაყიდის და რომ მათი პრეროგატივა არც სოფლებში აფთიაქების გახსნაა.

 

აღსანიშნავია ისიც, რომ გორის მერიაში არ იციან, მუნიციპალიტეტში ზუსტად რამდენი სოფელია აფთიაქის და წამლების საჭირო მარაგი გარეშე დარჩენილი. ამ საკითხზე საუბრისას, უწყებაში ამბობენ, რომ მოქალაქეებს წამლის საშოვნელად შეუძლიათ, პირველ რიგში, მეზობელს მიმართონ და სთხოვონ ავტომობილის ქონის შემთხვევაში, ქალაქის აფთიაქში წასვლა. ხოლო იმ შემთხვევაში, თუ მოქალაქეს ადგილზე ასეთი დამხმარის პოვნა გაუჭირდება, შეუძლია მერიას მიმართოს. 

 

"ასეთმა ადამიანებმა მეზობელს, ნათესავს უნდა სთხოვონ, მსუბუქი ავტომობილები ხომ დადიან. ვისაც ძალიან უჭირს და ვერც ნათესავს და ვერც მეზობელს ვერ სთხოვს, ვეხმარებით, მაგრამ ასეთი რამდენიმეა სულ" - განმარტავს გორის მუნიციპალიტეტის მერიის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის წარმომადგენელი ნათია მდინარიძე.

 

როგორც გაირკვა, აფთიაქებში წამლების მარაგის შესახებ ზუსტი ინფორმაცია არ არსებობს. შიდა ქართლის გუბერნიაში ამბობენ, რომ მოხუცებისთვის წამლების მიწოდებაში მოხალისები არიან ჩართულები. 

 

"წამლების დარიგება მოხალისეების ჩართულობით ხდება. ასე ხდება დევნილთა ჩასახლებებშიც, იქ 70 წელს გადაცილებულ ადამიანებს ეხმარებიან მოხალისეები", - ამბობს ციკო შაქარაშვილი.

 

გორის მუნიციპალიტეტის მერია პერიოდულად ახორციელებს სხვადასხვა საქველმოქმედო ღონისძიებებს. მოხუცებთან, დევნილებთან და სოციალურად დაუცველებთან სხვადასხვა ფიზიკური თუ იურიდიული პირის შემოწირულობებით ნაყიდი პროდუქტები მიაქვთ.