Back to Top
 

JPrize Web Geo

ორშაბათი, 02 დეკემბერი 2019 17:02

გორში, ერთ-ერთი სკვერისთვის გამსახურდიას სახელის მინიჭებაზე საკრებულომ უარი თქვა

გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სივრცითი-ტერიტორიული დაგეგმარების და ინფრასტრუქტურის კომისიამ ფრაქციის “ძლიერი გორი“ ერთ-ერთი წევრის ბექა ქორჩილავას ინიციატივას მხარი არ დაუჭირა.

ქორჩილავა ლომჭაბუკის სკვერისთვის საქართველოს პირველი პრეზიდენტის ზვიად გამსახურდიას სახელის მინიჭებას ითხოვდა, რასაც კომისიის წევრების უმრავლესობამ მხარი არ დაუჭირა.

როგორც დეპუტატებმა იმსჯელეს, აღნიშნულ სკვერს მოსახლეობა "ლომჭაბუკის" სახელით იცნობს და სხვა სახელის დარქმევა გადაფარვა გამოვა. 

კომისია მოამზადებს დოკუმენტს, სადაც განმარტავს, რატომ ეთქვა უარი ინიციატივას და ინიციატივის ავტორს ამ სახელის დარქმევისთვის სხვა ადგილის შერჩევას ურჩევს. 

“ქორჩილავას ინიციატივა ასეთი სახით არ გავა საკრებულოს სხდომაზე. კომისიამ უარყოფითი გადაწყვეტილება მიიღო. პირადად მე რაც შემეხება, დავუჭირე მხარი, მაგრამ უმრავლესობამ მიიღო საბოლოო გადაწყვეტილება“, - თქვა დავით გუდაძემ.

კომისიის სხდომაზე მიღებულ გადაწყვეტილებას ბექა ქორჩილავა სამარცხვინოს უწოდებს.

“რუსული ოცნება მართავს დღეს გორის მუნიციპალიტეტს. დღევანდელი გადაწყვეტილება იყო მორიგი სამარცხვინო გადაწყვეტილება, მათ უარი თქვეს უსახელო სკვერისთვის, საქართველოს პირველი პრეზიდენტის, ეროვნულ განმანთავისუფლებელი მოძრაობის ლიდერის ზვიად გამსახურდიას სახელის მინიჭებაზე. ამით კიდევ ერთხელ დაანახვეს საზოგადოებას, რომ "ქართული ოცნება" არის კოლაბორაციონისტი და მოღალატე ხელისუფლება.“

ინფორმაციისთვის, ოფიციალური დოკუმენტებით აღნიშნული სკვერი რაიმე სახელით ამ დრომდე არსად არ ფიქსირდება.

 

 

პუბლიკაცია მომზადდა ევროპის ფონდის მხარდაჭერით, შვედეთის საერთაშორისო განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოს დაფინანსებით. მის შინაარსზე პასუხისმგებელნი არიან ავტორები. პუბლიკაციაში გამოთქმული ყველა მოსაზრება, შესაძლოა, არ ემთხვეოდეს ევროპის ფონდისა და შვედეთის საერთაშორისო განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოს ოფიციალურ პოზიციებს.

 

 

Read 5321 times Last modified on ორშაბათი, 02 დეკემბერი 2019 17:13