სტიქიური ნაგავსაყრელები გორის სოფლებში - როგორ ასრულებს მერია ნარჩენების გეგმას

სტიქიური ნაგავსაყრელი 2018 წელს გორის მუნიციპალიტეტის 24 სოფელში დაიხურა, - ამის შესახებ გორის მუნიციპალიტეტის ნარჩენების მართვის 5-წლიან გეგმაშია ნათქვამი. საუბარია 10-მდე ადმინიტრაციულ ერთეულში შემავალ სოფლებზე, სადაც მათი წარმომადგენლების განმარტებით, ღია ნაგავსაყრელების დახურვა პერიოდულად ხდება.

რადიო "მოზაიკა" დაინტერესდა, რა მდგომარეობაა ამ მხრივ გორის მუნიციპალიტეტის სოფლებში, რისთვისაც მერის იმ წარმომადგენლებს დაუკავშირდა, რომელთა ადმინისტრაციულ ერთეულში ის სოფლებია შესული, სადაც 2018 წელს ღია ნაგავსაყრელების დახურვა იყო გათვალისწინებული.

აღმოჩნდა, რომ დასახელებული 24 სოფლიდან უმრავლეს მათგანში ნარჩენები პერიოდულად იმარხება და ეს პროცესი გასული წლიდან დაიწყო. თუმცა ამ დროისთვის, მაინც რჩება სოფლებში ღია ნაგავსაყრელები, სადაც საყოფაცხოვრებო ნარჩენები პერიოდულად იყრება, შედეგად კი სტიქიური ნაგავსაყრელები წარმოიქმნება. ყველაზე მწვავედ ეს პრობლემა მერეთის თემში დგას, სადაც ნაგავს რამდენიმე სოფლის მოსახლეობა ყრის.

"ჩვენ ადმინისტრიაციულ ერთეულში შემავალ სოფლებში ნაგავსაყრელები პერიოდულად იხურება. თუმცა არის სოფლები, სადაც ნაგავი ყოველდღიურ რეჟიმში იყრება და ფიზიკურად შეუძლებელია ნაგავსაყრელის დახურვა. მოსახლეობის ცნობიერების დონე, მართალია გასულ წლებთან შედარებით გაზრდილია, თუმცა არა იმ დოზით, რომ პრობლემის ძირეულად აღმოფხვრა მოხდეს. საჭიროა საჯარიმო სანქციების დაწესება, თუმცა რომელი სამსახური გააკონტროლებს ამ საკითხს ვერ გეტყვით, რადგან სამუშაო საათები საჯარო მოხელეს 9-დან 6 საათამდე აქვს განსაზღვრული", - აცხადებენ მერის წარმომადგენლები.

ნარჩენების მართვის 5 წლიანი გეგმის მიხედვით, სტიქიური ნაგავსაყრელები 2018 წელს შემდეგ სოფლებში დაიხურა: ქერე, კარბი, მერეთი, კოშკა, გუგუტიაანთკარი, ზარდიაანთკარი, დიცი, ქორდა, არბო, თედოწმინდა, ნაწრეტი, ახალშენი, ბერშუეთი, კოშკა, ახრისი, ახალუბანი, ქვემოარცევი, ჯარიაშენი, ციცაგიაანთკარი, მუმლაანთკარი, ზერტი, ფაბრიკის დასახლება, კირბალი.

გორის მერიის ა(ა)იპ კეთილმოწყობის სააგენტოს ინფორმაციით, 104 სოფლიდან ურნები 77 მათგანშია განთავსებული. მიუხედავად ამისა, მოსახლეობის ნაწილი ნარჩენებს ურნების მიღმა ყრის.

 

პუბლიკაცია მომზადდა ევროპის ფონდის მხარდაჭერით, შვედეთის საერთაშორისო განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოს დაფინანსებით. მის შინაარსზე პასუხისმგებელნი არიან ავტორები. პუბლიკაციაში გამოთქმული ყველა მოსაზრება, შესაძლოა, არ ემთხვეოდეს ევროპის ფონდისა და შვედეთის საერთაშორისო განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოს ოფიციალურ პოზიციებს.

 

 

 

Read 418 times

ადგილი შენი რეკლამისთვის

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

studia-re

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

ნიმდი