Print this page

გორის სტადიონის რეაბილიტაციაზე დახარჯული მილიონი - აუდიტის და მერიის შეფასებები


სახელმწიფო აუდიტის პირველად ანგარიშში ნათქვამია, რომ 2017 წელს გორში დაიგეგმა ფეხბურთში 19 წლამდელთა შორის ევროპის ჩემპიონატის ფინალური ეტაპის გამართვა, შესაბამისად საჭირო გახდა სტადიონის სარეაბილიტაციო სამუშაოების ჩატარება.

მუნიციპალიტეტმა გამარტივებული შესყიდვის გზით, ხელშეკრულება შპს “საუკს“ გაუფორმა, რომელსაც სტადიონის რეაბილიტაციის სამუშაოების საპროექტო სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაცია უნდა მოემზადებინა. ხელშეკრულების ღირებულებამ 40. 000 ლარი შეადგინა. ამის შემდეგ მუნიციპალიტეტმა კიდევ ერთი გამარტივებული შესყიდვა განახორციელა შპს "ინშაათ საქათველოსთან", რომელსაც სტადიონის სარეაბილიტაციო სამუშაოების ჩატარება დაევალა. ხელშეკრულების ღირებულებამ 940 900 ლარი შეადგინა.

სახელმწიფო აუდიტის სამსახურის მიერ შესრულებული სარეაბილიტაციო სამუშაოების დათვალიერების შემდეგ აუდიტმა გამოავლინა, რომ სამუშაოები არაჯეროვნად შესრულდა.

“სტადიონის ტრიბუნებს შორის სივრცის ამოსავსებად გამოყენებული ლინოკრომის ფენა დაზიანებულია. შედეგად ტრიბუნების ქვემოთ განთავსებულ გასახდელში ჩადის წყალი. მუნიციპალიტეტმა მოსთხოვა მიმწოდებელს ხარვეზების აღმოფხვრა. 2017 წელს შემსრულებლებმა აღადგინა დაზიანებული ადგილები. მიუხედავად ამისა 2018 წელს პრობლემა კვლავ გამოვლინდა და წყალი ისევ ჩაედინება ოთახებში“, - ნათქვამია სახელმწიფო აუდიტის პირველად დასკვნაში.

სახელმწიფო აუდიტის პირველად დასკვნაში ასევე ნათქვამია, რომ სტადიონის სარეაბილიტაციო სამუშაოების ღირებულების ანაზღაურება არ განხორციელებულა ფაქტობრივი დანახარჯების დამადასტურებელი დოკუმენტაციის თანახმად.

სახელმწიფო აუდიტის პირველად შეფასებას გორის მუნიციპალიტეტის მერია შენიშვნით პასუხობს, მათი თქმით მიუხედავად იმისა, რომ აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით ინფორმაცია მიწოდებული იქნა აუდიტის თანამშრომლებზე, მათი მხრიდან არ იქნა გათვალისწინებული პირველად ანგარიშში.

“შამუშაოები შესრულებულია პროექტის სრული დაცვით, რაც შეეხება ფაქტობრივ დანახარჯებს მასზე არსებობს აკრედიტებული საექსპერტო ორგანოს ექსპერტიზის დასკვნა, სადაც აღნიშნულია, რომ მფორმა N2- ის ისპექტირების დროს მასალის ერთეულის ღირებულება შედარებული იქნა საგადასახადო ანგარიშ ფაქტურებს, ხოლო შრომითი დანახარჯები შედარებული იქნა “სამშენებლო ნორმების და წესები“ - ს მოთხოვნებს, რომელზე დაყრდნობითაც მოხდა მუნიციპალიტეტის მხრიდან მიღება - ჩაბარების აქტის გაფორმება“, - ნათქვამია დოკუმენტში, რომელიც გორის მერიამ სახელმწიფო აუდიტს შენიშვნის სახით გაუგზავნა.

როგორც ოფიციალური დოკუმენტებიდან ირკვევა, გორის მერიას ფეხბურთის სტადიონის რეაბილიტაციიისათვის ადგილობრივი ბიუჯეტიდან ჯამში 980 900 ლარი აქვს დახარჯული, თუმცა ობიექტზე ინფრასტრუქტურული პრობლემები დღემდე არსებობს.

 

 

პუბლიკაცია მომზადდა ევროპის ფონდის მხარდაჭერით, შვედეთის საერთაშორისო განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოს დაფინანსებით. მის შინაარსზე პასუხისმგებელნი არიან ავტორები. პუბლიკაციაში გამოთქმული ყველა მოსაზრება, შესაძლოა, არ ემთხვეოდეს ევროპის ფონდისა და შვედეთის საერთაშორისო განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოს ოფიციალურ პოზიციებს.

Read 581 times Last modified on სექტემბერი 19 2019