შადრევანმა, რომლისთვისაც 106 000 ლარი დაიხარჯა, მხოლოდ 4 თვე იმუშავა

გორის მერიაში ჩატარებულ აუდიტორული შემოწმების შედეგად მომზადებულ პირველად ანგარიშში ქალაქის ცენტრში არსებული კასკადური შადრევანიც მოხვდა.

შადრევნის რეაბილიტაციისთვისაც 2017 წელს 106 ათასი ლარი გამოიყო. ანგარიშის მიხედვით კი, 2017 წლიდან დღემდე ამ შადრევანმა სულ 4 თვე იმუშავა. მერიის წარმომადგენლები ამის მიზეზად დაზიანებულ წყლის სისტემის მილებს ასახელებდნენ, რომელთა შეცვლაც ხარჯთაღრიცხვაში არ იყო გათვალისწინებული.

აუდიტის სამსახურის შეფასებით, მუნიციპალიტეტმა ვერ გამოავლინა შადრევნის ფუნქციონირებასთან დაკავშირებული ყველა პრობლემა და მიუხედავად იმისა, რომ ბიუჯეტით გამოყოფილი დაფინანსება ამის საშუალებას იძლეოდა, მერიამ სრულად ვერ აღადგინა შადრევანი.

დამატებით გამოვლენილი პრობლემების აღმოფხვრის მიზნით, შადრევნის რეაბილიტაციიდან 9 თვის შემდეგ გორის მერიის ა(ა)იპ კეთილმოწყობის სააგენტოს შესაბამისი სამუშაოების შესრულება დაევალა, რის შედეგადაც, შადრევანი ამუშავდა 2018 წლის ივნისის ბოლოს და ამავე წლის ნოემბრამდე იმუშავა. 2019 წლის თებერვალში კი, როდესაც აუდიტის სამსახურის ჯგუფმა შადრევანი ადგილზე დაათვალიერა, აღმოჩნდა, რომ ის არ ფუნქციონირებდა.

"პასუხისმგებელმა პირებმა გვითხრეს, რომ მიმდებარე ტერიტორიაზე სამშენებლო სამუშაოების გამო დაზიანდა ელექტროგაყვანილობა და ამიტომ არ ირთვებოდა მისი განათება, 2019 წლის მაისში კი კეთილმოწყობის სააგენტოდან ოფიციალურად გვაცნობეს, რომ დაზიანებები გამოსწორდა", - წერია აუდიტის პირველად ანგარიშში.

სახელმწიფო აუდიტის სამსახურის შეფასებით, მიუხედავად იმისა, რომ მუნიციპალიტეტმა წლიური ბიუჯეტით დაგეგმა პროექტის რეაბილიტაცია და გამოყოფილი იყო შესაბამისი ფინანსური რესურსი, 201 -2019 წლებში შადრევანმა მხოლოდ 4 თვე იმუშავა.

უწყების შეფასებით, ინფრასტრუქტურული პროექტის რეაბილიტაციის დაგეგმვაში არსებული ხარვეზების და შემდგომ გამოვლენილ პრობლემაზე დროული რეაგირების არარსებობს გამო, მუნიციპალიტეტმა ვერ უზრუნველყო დასახული მიზნის მიღწევა.

 

 

პუბლიკაცია მომზადდა ევროპის ფონდის მხარდაჭერით, შვედეთის საერთაშორისო განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოს დაფინანსებით. მის შინაარსზე პასუხისმგებელნი არიან ავტორები. პუბლიკაციაში გამოთქმული ყველა მოსაზრება, შესაძლოა, არ ემთხვეოდეს ევროპის ფონდისა და შვედეთის საერთაშორისო განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოს ოფიციალურ პოზიციებს.

Read 814 times

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

studia-re

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

ნიმდი