Print this page

საიტი ფერმერებისთვის - სარგებლობენ თუ არა გორელი ფერმერები ვებ.გვერდით

გორის მუნიციპალიტეტში მცხოვრები გლეხებისთვის და ფერმერებისთვის შექმნილი საიტი agrofarm.ge უკვე ორ თვეზე მეტია ამოქმედდა. მისი მიზანი ფერმერებისთვის საკუთარი მოსავლის რეალიზებაა. ამ დროისთვის საიტზე სხვადასხვა სახის სოფლის პროდუქტია გამოტანილი, მათ შორის სიმინდი, ვაშლი, ლობიო და სხვა.
ღია გრუნტზე დათესილი ერთწლიანი კულტურებიდან ვებგვერდზე ამ დროისთვის, სიმინდი, ლობიო, კომბოსტო, კიტრი, პომიდორი და საგვიანე კარტოფილია განთავსებული. მეცხოველეობის პროდუქტებიდან და თევზეულიდან, მხოლოდ ქათმის ხორცი და კალმახი.
რადიო “მოზაიკა“ დაინტერესდა, რამდენად სარგებლობენ გლეხები აღნიშნული საიტით და ახერებენ თუ არა ამ გზით მოსავლის გაყიდვას.
კარალეთში მცხოვრებ, გოდერძი აკოპაშვილს საკალმახე მეურნეობა აქვს. ამბობს, რომ რეალიზება არ უჭირს, თუმცა პროდუქტი საიტზე მაინც განათავსა.
“საიტის მეშვეობით, ჯერ არავინ დამკავშირებია, თუმცა ისედაც არ მიჭირს რეალიზაცია. ვნახოთ, ამ საიტზე განთავსების შემდეგ, იმედია, გაიზრდება კლიენტების რაოდენობა“, - გვითხრა გოდერძი აკოფაშვილმა.
აღნიშნულ საიტზე განათავსა საკუთარი პროდუქტი ტყვიავში მცხორებმა ზაზა კორინთელმაც. იმედი აქვს, რომ ვებ.გვერდი მოსავლის ეფექტურად რეალიზებაში დაეხმარება.
“ძალიან მომწონს, რომ ფერმერებს ასეთი შესაძლებლობა მოგვეცა. იმედი მაქვს, უფრო მეტი ადამიანი დაინტერესდება. ჰიბრიდული ჯიშის ყვითელი სიმინდი და საკონსერვო ლობიო განვათავსე. ჯერ არავინ დამკავშირვებია, თუმცა მომავალშიც ვაპირებ ამ საიტით ვისარგებლო“, - გვითხრა ზაზა კორინთელმა.
ვებ-გვერდი ადგილობრივი ეკონომიკის განვითარებისთვის გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოსა და სტრატეგიული განვითარების სააგენტოს ერთობლივი ინიციატივით შეიქმნა.
ამ დროისთვის, საიტზე 30 -მდე განცხადებაა. როგორც სააგენტოში ამბობენ, საიტი უახლოეს პერიოდში ქართულის გარდა, რუსულ და ინგლისურ ენებზეც იქნება ხელმისაწვდომი, რათა პროდუქციის რეალიზება ფერმერებმა ქვეყნის ფარგლებს გარეთაც შეძლონ.

 

პუბლიკაცია მომზადდა ევროპის ფონდის მხარდაჭერით, შვედეთის საერთაშორისო განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოს დაფინანსებით. მის შინაარსზე პასუხისმგებელნი არიან ავტორები. პუბლიკაციაში გამოთქმული ყველა მოსაზრება, შესაძლოა, არ ემთხვეოდეს ევროპის ფონდისა და შვედეთის საერთაშორისო განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოს ოფიციალურ პოზიციებს.

 

 
Read 693 times Last modified on სექტემბერი 03 2019