"ახალბაღში" სასმელი წყლის შადრევნების დამატებას ითხოვენ

გორის კულტურისა და დასვენების პარკში "ახალბაღი" მოსახლეობა სასმელი წყლის შადრევნების დამატებას ითხოვს. მათი თქმით, პარკში არსებული წყლის ერთადერთი შადრევანი საკმარისი არ არის.
"ერთადერთი წყაროა ამხელა პარკში და საღამოს რომ მოხვიდეთ, აქ რიგები დგას. ხომ ხედავთ, აქაც არ მოდის წყალი ნორმალურად, ჩაბინძურებულია, მაგრამ წყლის საყიდლად 50 თეთრი ყველას არ აქვს, ამიტომ ხალხი იძულებულია და ამ წყალს სვამს", - ამბობს ლალი ბიბილაშვილი, რომელიც შვილიშვილს "ახალბაღში" ყოველ საღამოს ასეირნებს.
ლალი ბიბილაშვილის მსგავსად, პრობლემა აწუხებს ნიკოლოზ ნოზაძესაც, რომელიც "ახალბაღში" ყოველდღიურად ვარჯიშობს. მისი თქმით, სასმელი წყლის არსებულ შადრევანს არასდროს არ იყენებს, რადგან მოუწესრიგებელია.
"მე არასდროს არ ვსვამ აქედან წყალს, რადგან გული არ მიმდის. ვვარჯიშობ და სახლიდან მომაქვს ხოლმე, თუმცა ყოველდღიურად აქ ძალიან ბევრი ადამიანი სეირნობს და ზოგჯერ რიგები დგება. ძაღლებიც კი, ამ წყაროდან სვამენ წყალს. აუცილებლად უნდა მოწესრიგდეს და დაემატოს სხვა წყაროებიც, ამხელა პარკია და ეს ერთი წყარო საკმარისი არ არის", - ამბობობს ის.
მოსახლეობის საპასუხოდ, გორის მუნიციპალიტეტის კეთილმოწყობის სააგენტოს დირექტორი ბაჩანა გვიანიშვილი ამბობს, რომ პრობლემა მართლად დგას დღის წესრიგში.
"სასმელი წყლის შადრევნების დამატება "ახალბაღის" ტერიტორიაზე იგეგმება, თუმცა ამ სეზონზე რამდენად მოესწრება, არ ვიცით. მთლიანად პარკის ტერიტორიაზეა დაგეგმილი სარეაბილიტაციო სამუშაოები, რის დასრულების შემდეგაც, მათ შორის მოწესრიგდება, სასმელი წყლის პრობლემაც", - ამბობს ბაჩანა გვიანიშვილი.
 
პუბლიკაცია მომზადდა ევროპის ფონდის მხარდაჭერით, შვედეთის საერთაშორისო განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოს დაფინანსებით. მის შინაარსზე პასუხისმგებელნი არიან ავტორები. პუბლიკაციაში გამოთქმული ყველა მოსაზრება, შესაძლოა, არ ემთხვეოდეს ევროპის ფონდისა და შვედეთის საერთაშორისო განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოს ოფიციალურ პოზიციებს.
Read 262 times Last modified on აგვისტო 30 2019

ადგილი შენი რეკლამისთვის

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

studia-re

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

ნიმდი