"ოცნების" შემომწირველი ბიზნესმენი სახელმწიფოსგან გორში, 12 840 კვ.მ. ფართის გადაცემას ელოდება

გორში, ყოფილი ცირკის ტერიტორია გორის მუნიციპალიტეტის მერიამ ეკონომიკის სამინისტროს გადასცა, - ამის შესახებ ერთი თვის წინ საკრებულოს წევრებმაც იმსჯელეს და გორის მერს თანხმობა მისცეს მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონება სახელმწიფოსთვის უსასყიდლოდ გადაეცა.

საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე ამბობს, რომ მუნიციპალიტეტმა სასამართლო გადაწყვეტილება აღასრულა და აღნიშნული ქონება სახელმწიფოს დაუბრუნა. მარლენ ნადირაძის თქმით, რა პროცესები მოჰყვება ამ საკითხს, ეს უკვე ადგილობრივ დონეზე აღარ გადაწყდება.

"თავის დროზე ეს იყო სახელმწიფოს საკუთრება. შემდეგ მოხდა არასწორად დარეგისტრირება და გადმოცემა მუნიციპალიტეტზე, ახლა მუნიციალიტეტი უბრუნებს სახელმწიფოს თავის ქონებას. სახელმწიფო როდესაც საკუთრებაში აღრიცხავს,რ ას გადაწყვეტს, როგორ დაუკმაყოფილებს ინტერესს იმ პიროვნებას, რომელმაც სასამართლოში იდავა, ეს უკვე სხვა საკითხია, რომელიც ეკონომიკის სამინისტრომ უნდა გადაწყვიტოს", - ამბობს მარლენ ნადირაძე.

პიროვნება, რომელიც აღნიშნულ ქონებაზე წლებია დაობს, გორის მუნიციპალიტეტის ა(ა)იპ "სპორტი სასახლის" დირექტორია. ბორია გოგიჩაიშვილი პარალელურად, შპს "ეკო ჯეო ფრუტ"-ის დირექორი და შპს "საქართველოს" მეწილეა. ეს უკანასკნელი კი სწორედ ის კომპანიაა, რომელმაც მიმდინარე წლის შუალედურ არჩევნებზე "ქართულ ოცნებას" 100 000 ლარი შესწრირა. ამჟამად კი, ბორია გოგიჩაიშვილი სახელმწიფოსგან ტერიტორიის გადაცემას ელოდება, რომლის საერთო ფართი 12840 კვ.მ-ია. რადიო "მოზაიკასთან" საუბარში ის ამბობს, რომ უძრავი ქონების გადაცემას სახელმწიფოსგან ყოველდღიურად ელის. მისი თქმით, ამ პროცესს გარკვეული ეტაპები აქვს.

"არსებობს სასამართლო გადაწყვეტილება და ამ საკითხზე საკრებულომაც იმსჯელა. ეს ქონება სახელმწიფომ უნდა დამიბრუნოს, რადგან მერიას პირდაპირ ჩემთვის გადმოცემის უფლება არ ჰქონდა. გარკვეული პროცესებია საჭირო. ყოველდღე ველოდები, რომ დამიკავშირდებიან ეკონომიკის სამინისტროდან. როგორც კი რამე სიახლე იქნება ამ საკითხზე, დაგიკავშირდებით", - აღნიშნა გოგიჩაიშვილმა.

ყოფილი ცირკის ტერიტორიის ბორის გოგიჩაიშვილისთვის გადაცემას საკრებულოს წევრი ირმა ამბარდნიშვილი აპროტესტებს. მისი აზრით, ტერიტორია, რომლის გადაცემას სახელმწიფო კერძო პიროვნებისთვის აპირებს კულტურული მემკვიდრეობაა და მისი გასხვისება დაუშვებელია. საუბარია გორში კულტურისა და დასვენების პარკთან არსებულ ტერიტორიაზე, სადაც ცირკის შენობა 1996 წელს დაიწვა. ამ პერიოდში ბორის გოგიჩაიშვილი შამპანურის ქარხანაში მუშაობდა და აღნიშნულ ობიექტთან შეხება არ ჰქონია.

"ახალბაღის ტერიტორია მდინარე მტკვარამდეა. საკებულოში კი მიმტკიცებდნენ, ტერიტორია მერიის საკუთრებაში ცირკამდეაო? არადა ხიდი, "პაგოდები", ცირკი და სტადიონი კულტურული მემკვიდრეობის ნუსხაშია. ისტორიულ პარკი, რომელსაც უამრავი ტურისტის მოზიდვა და ბიუჯეტის შევსება შეუძლია, ბორია გოგიჩაშვილს უნდა ავაოხრებინოთ?", - აცხადებს ირმა ამბრადნიშვილი.

მიუხედავად ამჟამად არსებული ვითარებისა, ბორის გოგიჩაიშვილი აღნიშნულ ტერიტორიაზე უკვე სასტუმროს აშენებას გეგმავს, მანამდე კი იმ უწყებასთან დაკავშირებას აპირებს, რომელსაც ყოფილი ცირკის ტერიტორია გორის მერიამ სახელმწიფოს ახლახანს გადასცა.

შიდა ქართლის ძიუდოს ყოფილი პრეზიდენტი ბორის გოგიჩაიშვილი, რომელიც 2011 წელს სახელმწიფო სახსრების მითვისების და საგადასახადო დოკუმენტების გაყალბების ბრალდებით იყო დაკავებული, პარალელურად გორში სპორტის სასახლის გახსნასაც ელოდება, სადაც ის სახელმწიფო ქონებისთვის შექმნილი, ჯერ არ გახსნილი სპორკომპლექსის დირექტორია, სადაც როგორც თავად ამბობს ფორმალურად, ხელფასის გარეშეა დარეგისტრირებული.

აღნიშნულ პიროვნებასთან ხელისუფლების ამგვარ დამოკიდებულებაზე არასამთავრობო სექტორში გარკვეული კითხვის ნიშნები გაჩნდა, რის გამოც ისინი საკითხის ირგვლივ განვითარებულ პროცესებს აქტიურ მონიტორინგს უწევენ.

 

 

პუბლიკაცია მომზადდა ევროპის ფონდის მხარდაჭერით, შვედეთის საერთაშორისო განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოს დაფინანსებით. მის შინაარსზე პასუხისმგებელნი არიან ავტორები. პუბლიკაციაში გამოთქმული ყველა მოსაზრება, შესაძლოა, არ ემთხვეოდეს ევროპის ფონდისა და შვედეთის საერთაშორისო განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოს ოფიციალურ პოზიციებს.

 
 
 
Read 2339 times

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

studia-re

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

ნიმდი