გორის საკრებულომ გენდერული საბჭოს დებულება სხდომის დღის წესრიგიდან ამოიღეს

გორის საკრებულოს დღევანდელი სხდომის დღის წერიგიდან ორი საკითხი ამოიღეს, რაც გენდერული თანასწორობის საბჭოს გაფართოებას და დებულებაში ცვლილებების შეტანას გულისხმობდა.

დავით რაზმაძის ინიციატივით, აღნიშნულ საბჭოს უნდა დამატებოდა მერი ან მერის წარმომადგენლები, არასამთავრობო სექტორი და საკრებულოს რამოდენიმე სპეციალისტი. ამ ინიციატივას არ დაეთანხმა საკრებულოს დამოუკიდებელი დეპუტატი ირმა ამბარდნიშვილი. მისი თქმით, ყველა, ვისაც სურვილი გაუჩნდება, არ უნდა გახდეს საბჭოს წევრი.

“დებულება წარმოდგენილი ცვლილებისა იყო ის, რომ საქმიანობას გენდერული თანასწორობის საბჭო ვერ ართმევდა თავს და უკეთესი გამჭვირვალობის მიზნით მოგვმართა სხვადასხვა არასამთავრობო ორგანიზაციამ, რომ სხვადასხვა სპეციალისტები შემოსულიყვნენ საბჭოში. ერთ - ერთია ქეთი ბებიაშვილი. 750 არასამთავრობო ორგანიზაციაა გორში, ხომ არ შეიძლება ყველა გახდეს ამ საბჭოს წევრი. როდესაც საბჭო შეიქმნა, მე პირადად მქონდა ქეთი ბებიაშვილთან კომუნიკაცია, მაშინ სასტიკი უარი განაცხადა, ჩემი დამსაქმებელი ორგანიზაცია ამის უფლებას არ მაძლევსო, იურიდიული კონსულტაციაც არავის გაუწია და საიდან შემოჰყავთ ახლა არ ვიცი“, - თქვა ირმა ამბარდნიშვილმა.


ფრაქციის "ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" თავმჯდომარე მიხეილ გოგინაშვილის თქმით, საკითხის გადაწყვეტამდე საჭიროა კონსულტაციების გავლა პარლამენტთან არსებულ გენდერულ საბჭოში.


“მე ვფიქრობ, რომ კონსულტაციები უნდა გავიაროთ პარლამენტთან არსებულ გენდერულ საბჭოსთან. დებულებაში როდესაც იწერება, რომ საკრებულოს ყველა წევრს შეუძლია შემოსვლა, საკრებულოში 40 კაცია და ხომ ვერ აუკრძალავ ყველამ საბჭოს წევრობა რომ მოინდომოს?! მერიდან სამ კაცი, არასამთავრობოდან სამ კაცი და ასე შემდეგ - ვფიქრობ, 50 კაცამდე ავალთ და ამხელა საბჭო იქნება არაფუნქციური. საკითხი კარგად უნდა შევისწავლოთ და როგორც კარგი იქნება, ისე გადავწყვიტოთ“, - ამბობს მიხეილ გოგინაშვილი.


საკრებულოს თავმჯდომარის, დავით რაზმაძის თქმით, აღნიშნული პირების დამატება ხელს შეუწყობს გენდერული საბჭოს გაძლიერებას.

“ჩვენ გვინდოდა გენდერის საბჭოს გაფართოება. გენდერის საბჭოში კონსტანტინე თავზარაშვილიც უნდა იყოს, იმიტომ, რომ როდესაც ჩვენ ვიღებთ ბიუჯეტს, ეს ბიუჯეტი უნდა იყოს გენდერულად მგრძნობიარე. თუ მერი ვერ ახერხებს, კარგი იქნება სამსახურის უფროსები იყვნენ ჩართულები სურვილისამებრ. ასევე, მინდოდა ამ საბჭოში ნათია ომაძე, რომელიც ძლიერი სპეციალისტია და აქვს კორდინაცია გენდერული თემებისა, ქალბატონი ინგა ტარიელაშვილი, ქეთი ბებიაშვილი. ვფიქრობდი, რომ აღნიშნული პირების ჩართულობა გააძლიერებდა ამ საბჭოს. კოლეგებისგან მივიღე რეკომენდაცია, რომ კონსულტაციები გავიაროთ სამთავრობო სტრუქტურებში, თბილისის მუნიციპალიტეტში და პარლამენტში ამის მიხედვით დავალაგებთ გენდერულ საბჭოს“, - აღნიშნა დავით რაზმაძემ.


დეპუტატების შენიშვნები საკრებულომ გაითვალისწინა და დადგენილება დღის წესრიგიდან ამოიღო. უმოკლეს დროში მოხდება საკითხის შესწავლა და მომავალ სხდომაზე საკრებულოს წევრები მიიღებენ გადაწყვეტილებას, დარჩება ამ ფორმით გენდერული საბჭო თუ ახალი ფორმით მოხდება მისი დალაგება.

 

პუბლიკაცია მომზადდა ევროპის ფონდის მხარდაჭერით, შვედეთის საერთაშორისო განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოს დაფინანსებით. მის შინაარსზე პასუხისმგებელნი არიან ავტორები. პუბლიკაციაში გამოთქმული ყველა მოსაზრება, შესაძლოა, არ ემთხვეოდეს ევროპის ფონდისა და შვედეთის საერთაშორისო განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოს ოფიციალურ პოზიციებს.

Read 1796 times

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

studia-re

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

ნიმდი