გორის მერიის აუდიტის სამსახურის წარმომამდგენელი "ევროკრედიტის" საქმეში ფიგურირებს

საფინანსო კომპანია"ევროკრედიტის" დაზარალებულები ჯგუფური დანაშაულის შესახებ ახალ სარჩელს ამზადებენ, - ამის შესახებ რადიო "მოზაიკას" დაზარალებულთა ნაწილმა აცნობა.

მათი ინფორმაციით, საქმეზე მხოლოდ გორის ოფისის ხელმძღვანელის, ქეთევან ყაყიტაშვილის დაკავება არაფერს ცვლის და მათი აზრით, იმ ადამიანების პასუხისმგებლობის საკითხიც უნდა დადგეს, ვინც ამ პროცესში უშუალო შემსრულებლები იყვნენ.

ამ პროცესში ჩართულია ლია შოშიაშვილიაც, რომელიც 2013 წლის აპრილიდან 2017 წლის მარტის ჩათვლით, აღნიშნული საფინანსო კომპანიის ბუღალტრად მუშაობდა. პარალელურად, 2014 წლიდან 2017 წლის ოქტომბრამდე ის გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოში საფინანსო-საბიუჯეტო კომისიის სპეციალისტი იყო. 2018 წლის თებერვლიდან დღემდე კი მერიის აუდიტის სამსახურის ხელმძღვანელის მოადგილეა.

რდიო "მოზაიკა" მისი პოზიცით დაინტერესდა ინტერესთა კონფლიქტის შესახებ, რადგან საჯარო მოხელეს, გარდა პედაგოგიური საქმიანობისა, სხვა ანაზღაურებადი სამუშაო ეკრძალება. ლია შოშიაშვილი კი ამბობს, რომ კანონის ფარგლებში მოქმედებდა და არაფერი დაურღვევია.

"ამ საქმეში ჩემი მეგობრიცაა დაზარალებული, მან ნოტარიულად გამიფორმა ნებართვა, რომ ბანკიდან თანხა ამეღო და შემდეგ ამ კომპანიის ანგარიშზე შემეტანა. მე ვიყავი "ევროკრედიტში" ბუღალტერი, მაგრამ არანაირი კანონი არ დამირღვევია. იქ მე ყოველდღიურად ვერ დავდიოდი, ზოგჯერ ორკვირაში ერთხელ მივდიოდი, ისიც შაბათ დღეს, რადგან სხვა დღეები არ მქონდა თავისუფალი. ევროკრედიტის საქმეზე გამოკითხვაზე ერთადერთ დღეს ვიყავი, ისიც შაბათს, ეს იყო 2017 წელს. მას შემდეგ არც არავინ დამკავშირებია, რადგან 2018 წლის აპრილის დასაწყისში უკვე კომპანიის ხელმძღვანელი, ქეთევან ყაყიტაშვილი დააკავეს. მთელი საბუთები რაც ამ საქმეს უკავშირდებოდა, ყველაფერი წაღებული იყო ისედაც. იმის ვალდბულება რომ მე მევლო სადმე ამის გამო, არ ყოფილა. რაც კი იყო დოკუმენტები, ჩეკები და ა.შ., ყველაფერი წესრიგში იყო, საფინანსო განყოფილებასთან სადაო არაფერი არ ყოფილა", - ამბობს ლია შიოშვილი.

"ევროკრედიტში" ფინანსური კრიზისი 2016 წლიდან დაიწყო, რის შემდეგაც მეანაბრეებმა სამართლებრივი დავა წამოიწყეს, თუმცა კომპანიის ხელმძღვანელის, ქეთევან ყაყიტაშვილის დაკავების მომხრე მათი ნაწილი არ ყოფილა და თანხის უკან დაბრუნებას ელოდებოდა.

ყაყიტაშვილი თანხების მითვისების ბრალდებით, გასული წლის აპრილში დააკავეს, მიმდინარე წლის მაისში გამართულ სასამართლო პროცესზე კი გაირკვა, რომ კომპანია ,,ევროკრედიტს" გორში 72 მოქალაქის მიმართ არსებული დავალიანების გადახდა დააკისრეს, თუმცა დაზარალებულები ამბობენ, რომ აღნიშნული კომპანიდან, ფინანსური კრიზისის გამო კუთვნილ თანხას ვერ იღებენ. სწორედ ეს გახდა იმის საფუძველი, რომ მათ ამჯერად უკვე ჯგუფურ დანაშაულზე დაიწყეს სარჩელის მომზადება.

საქმეში ჩართულ იურისტებს კონკრეტულ პირებთან დაკავშირებით გარკვეული კითხვები აქვთ. მათ შორისაა კომპანიის მაშინდელი ბუღალტერი ლია შოშიაშვილი, რომელიც საჯარო მოხელეობასთან ერთად კერძო კომპანიაში ანაზღაურებად სამსახურში მუშაობდა, რაც ადვოკატების თქმით, მის უშუალო ხელმძღვანელებს, შემდეგ კი პროკურატურასაც უნდა სცოდნოდა.

 

 

პუბლიკაცია მომზადდა ევროპის ფონდის მხარდაჭერით, შვედეთის საერთაშორისო განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოს დაფინანსებით. მის შინაარსზე პასუხისმგებელნი არიან ავტორები. პუბლიკაციაში გამოთქმული ყველა მოსაზრება, შესაძლოა, არ ემთხვეოდეს ევროპის ფონდისა და შვედეთის საერთაშორისო განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოს ოფიციალურ პოზიციებს.

 

 

Read 853 times Last modified on ივნისი 10 2019

ადგილი შენი რეკლამისთვის

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

studia-re

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

ნიმდი