დაუსრულებელი პროექტები გორში - მიზეზები და ადგილობრივი ხელისუფლების პასუხი

სადგურის საბავშვო ბაღი, გორის სპორტ - კომპლექსი, ხიდისთავი - ატენი -ბოშურის გზა - ეს იმ პროექტების არასრული ჩამონათვალია, რომლებიც  გასულ წლებში გორში მთელი სხვადასხვა მიზეზების გამო ვერ დასრულდა. ადგილობრივი ხელისუფლება პირობას დებს, რომ ყველა შეჩერებული პროექტი წლის ბოლომდე ეტაპობრივად დასრულდება.

როდის გამოცხადდება სადგურის ბაღის ასაშენებლად მეოთხე ტენდერი?

სადგურის დასახლებაში საბავშვო ბაღის ასაშენებლად გამოცხადებული ტენდერი სამჯერ ჩავარდა. პირველად გამოცხადებული ტენდერის შემდეგ სამუშაოები მალევე შეწყდა, რადგან გორის მერიამ გამარჯვებულ კომპანიას არაჯეროვნად შესრულებული სამუშაოების გამო ხელშეკრულება გაუუქმა. მეორედ და მესამედ გამოცხადებულ ტენდერებში გამარჯვებულ კომპანიებს კი დოკუმენტაციაში არსებული ხარვეზების გამო დისკვალიფიკაცია მიენიჭათ. გორის მერიაში ამბობდნენ, რომ ბაღის ასაშენებლად მეოთხე ტენდერი ერთ თვეში გამოცხადდებოდა. გორის მერის, კონსტანტინე თავზარაშვილის თქმით, საბავშვო ბაღის პროექტი უკვე მზად არის.

“პროექტი მზად არის, გარკვეული ცვლილებები შევიტანეთ პროექტში და უკვე გადაგზავნილია ექსპერტიზაზე. დასკვნას როგორც კი მივიღებთ, მაშინვე გამოვაცხადებთ. მაგ ადგილას დამატებით, კიდევ შევიძინეთ კერძო პირისგან და გავაფართოვეთ აღნიშნული ტერიტორია იმიტომ, რომ თანამედროვე სტანდარტებთან შესაბამისი საბავშვო ბაღი აშენდეს“, - გვითხრა კონსტანტინე თავზარაშვილმა.

ამავე თემაზე:  რატომ ვერ აშენდა სადგურზე საბავშვო ბაღი - გორის მერიის პირობა ჩავარდნილი ტენდერების ფონზე

 

როდის გაიხსნება გორის სპორტული კომპლექსი ?

გორის სპორტ - კომპლექსის აშენება 2016 წლის ოქტომბერში დაიწყო და 2017 წელს უნდა დასრულებულიყო, თუმცა მულტიფუნქციური კომპლექსი ამ დრომდე გაუხსნელია. მიზეზად ერთ-ერთ დარბაზში არასწორად შერჩეული ინვენტარი და მისი შეცვლის პროცესი დასახელდა.  შიდა ქართლის გუბერნიაში ამბობდნენ, რომ აღნიშნული კომპლექსის გახსნა წლის ბოლომდე გადაიდო. სპორტკომპლექსის აშენებისთვის გამოცხადებულ ტენდერში გამარჯვებულ კომპანიას, სპორტის სამინისტრომ ხელშეკრულება ცოტა ხნის წინ გაუუქმა, თავად კომპანიამ კი საქართველოს მთავრობას ლონდონის სასამართლოში უჩივლა.

ამავე თემაზე: კომპანია, რომელმაც გორში სპორტ - კომპლექსი ააშენა, მთავრობას ლონდონის სასამართლოში უჩივის

“შეაჩერე კორუფციას“ წარმომადგენელი, ვატო გელაშვილი ფიქრობს, რომ კომპანიამ საზღვარგარეთ სასამართლო დავის დაწყება, მთავრობისადმი უნდობლობის გამო გადაწყვიტა.

“ხელისუფლებისადმი ნდობა საკმაოდ შერყეულია, რადგან ყოველ წელს ამბობენ, რომ აუცილებლად გაიხსნება და დასრულდება ეს შენობა პროექტი, მაგრამ დღემდე გაურკვეველია როდის გაიხსნება. ამ კომპანიას, რომ არ ჰქონდეს მყარი მიზეზი, სასამართლო დავას არ დაიწყებდა, მით უმეტეს ლონდონის სასამართლოში, რადგან ეს დიდ ხარჯებთანაა დაკავშირებული.

თუმცა ადგილობრივი ხელისუფლება ამბობს, რომ სასამართლოში დავის მიუხედავად, წელს მაინც გახსნიან შენობას. ამაში ხელს სასამართლო დავა ხელს არ შეუშლით, რადგან შესაძლოა გახსნან, რადგან ბევრ რამეს ისე, აკეთებენ რისი უფლებაც არა აქვთ, თუმცა რამდენად ხარისხიანად იქნება სამუშაოები შესრულებული, ეს მეორე საკითხია“, - ამბობს ვატო გელაშვილი.

რატომ ვერ დასრულდა ხიდისთავი - ატენი -ბოშურის გზის რეაბილიტაცია?

ხიდისთავი - ატენი - ბოშურის გზის რეაბილიტაცია 2018 წლის 22 მაისს უნდა დასრულებულიყო. აღნიშნული გზის რეაბილიტაცია საავტომობილო გზების დეპარტამენტმა 2017 წელს დაიწყო, მას შემდეგ ტენდერში გამარჯვებულმა კომპანიამ სამუშაოების დასრულების ვადა რამდენჯერმე ითხოვა, ბოლო თარიღად კი 2018 წლის ნოემბერი დასახელდა, თუმცა აღნიშნული გზის რეაბილიტაციის სამუშაოები ამ დრომდე შეჩერებულია. საკითხით გორისა და გორის მუნიციპალიტეტის მაჟორიტარი დეპუტატები რამდეჯერმე დაინტერესდნენ. იოსებ მაკრახიძისა და თემურ ხუბულურის თქმით, გზის რეაბილიტაციის დასრულება მათთვის უცნობი მიზეზის გამო ვერ ხერხდება.

ამავე თემაზე: გორის მაჟორიტარის კომენტარი ხიდისთავი-ბოშურის გზის დაუსრულებელ პროექტზე

ამავე თემაზე: ატენის ხეობაში გზის რეაბილიტაციის დასრულება მომავალ წლამდე გადაიდო

 

პუბლიკაცია მომზადდა ევროპის ფონდის მხარდაჭერით, შვედეთის საერთაშორისო განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოს დაფინანსებით. მის შინაარსზე პასუხისმგებელნი არიან ავტორები. პუბლიკაციაში გამოთქმული ყველა მოსაზრება, შესაძლოა, არ ემთხვეოდეს ევროპის ფონდისა და შვედეთის საერთაშორისო განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოს ოფიციალურ პოზიციებს.

 

Read 1762 times Last modified on მაისი 01 2019

ადგილი შენი რეკლამისთვის

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

studia-re

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

ნიმდი