მუნიციპალური ა(ა)იპ -ების მუშაობის შეფასება - ოპოზიციის კითხვები მმართველი გუნდის მიმართ

შპს "სოკარ ჯორჯია გაზი", გორის მერიის სამხედრო აღრიცხვისა და გაწვევის სამსახური, საფეხბურთო კლუბი "გორი" - გორის საკრებულოს დეპუტატებს აღნიშნულმა ორგანიზაციებმა მუშაობის ანგარიში წარუდგინეს. 

გორის საკრებულოს ბიუროს სხდომაზე დეპუტატებმა დღეს 3 სამსახურის მუშაობის ანგარიში ჩაიბარეს. საქმიანობის შესახებ საკრებულოს წევრებს ანგარიში გორის მერიის სამხედრო აღრიცხვისა და გაწვევის, საფეხბურთო კლუბ "გორის" და შპს "სოკარ ჯორჯია გაზმა" წარუდგინა. გარდა ამისა, დეპუტატებმა ასევე მიიღეს ინფორმაცია პირუტყვის განსაკუთრებით საშიში ინფექციური დაავადებების წინააღმდეგ ბრძოლის ღონისძიებების მიმდინარეობის შესახებ.

საკრებულოს ოპოზიცია წარდგენილ ანგარიშებს არ ენდობა. დეპუტატი ვასილისა ჯაბახიძე ფიქრობს, რომ გორის მერიის ა(ა)იპ - ებში თანხები არამიზნობრივად იხარჯება. საკრებულოს წევრს კითხვები აქვს ა(ა)იპ - ებში დასაქმებულებთან დაკავშირებითაც.

"წარმოდგენილ სამსახურებში, რეალურად, ქართული ოცნების მხარდამჭერები არიან დასაქმებულები. შესაბამისად, თანხები იხარჯება არამიზნობრივად. კომისიის სხდომაზე აუცილებლად გავივლით ყველა დეტალს და ზუსტად ვნახავთ, რაში იხარჯება ფული და როგორ იქნება მათ ანგარიშში წარმოდგენილი", - აღნიშნა ვასილისა ჯაბახიძემ

ანგარიში მოიწონა საკრებულოს თავმჯდომარემ. დავით რაზმაძეს მიაჩნია, რომ მუნიციპალური ა(ა)იპ - ები დაკისრებულ მოვალეობას თავს ართმევენ.

“საკმაოდ სერიოზულად მუშაობს სამხედრო სამსახური. ძალიან გამოცდილი გუნდია , რომელიც ემსახურება ჩვენს მუნიციპალიტეტს. მე ვფიქრობ, რომ ყველა ჯანმრთელი ადამიანი ვალდებულია თავისი ქვეყნის სამხედრო სამსახურში ჩადგეს, თუმცა არის მეორე მხარეც, თუ ჩვენ ევროპული დემოკრატიისკენ გვაქვს გეზი აღებული, "გირჩის" პოზიციაც უნდა გავიზიაროთ ან კანონმდებლობა გასწორდეს და ისე მოხდეს, არავინ დაზარალდეს. 

გორის გუნდი ერთ ერთი წარჩინებული გუნდია, მას აქვს საფეხბურთო სკოლა, სადაც სხვადასხვა ასაკობრივი ჯგუფებია გაერთიანებული და კარგი მიღწევებიც აქვთ“, - განაცხადა დავით რაზმაძემ.

საკრებულოს ბიუროს სხდომაზე დღის წესრიგით 22 საკითხი იყო წარმოდგენილი. აღნიშნულ თემებზე საკრებულოს სხდომამდე კომისიები იმსჯელებენ.

Read 1629 times Last modified on აპრილი 30 2019

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

studia-re

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

ნიმდი