Print this page

იურისტები საკრებულოს წევრთა ხარჯების გაჭვირვალობას ითხოვენ

გორში მოქმედი არასამთავრობო ორგანიზაციები საკრებულოსგან მოითხოვენ დეპუტატებმა უფრო მეტად დაასაბუთონ, თუ როგორ ხარჯავენ საკრებულოს წევრებისთვის, მოსახლეობასთან შესახვედრად გამოყოფილ თანხას. ხარჯების ასანაზღაურებლად დეპუტატებს ადგილობრივი ბიუჯეტიდან 400 ლარს უხდიან.

ლექსო მერებაშვილი ერთ - ერთია იმ იურისტებისგან, რომელიც ფიქრობს, რომ საკრებულოს დადგენილება დეპუტატებისთვის გარკვეული ხარჯების ანაზღაურების შესახებ მეტ დაკონკრეტებას მოითხოვს. მიაჩნია, რომ დადგენილება ზოგადია და აუდიტის სამსახური ადგილობრივ თვითმმართველობას მომავალში შენიშვნას მისცემს. 

“400 ლარი გათვალისწინებულია ხარჯებისათვის. საწვავი თუ შეიძინა, ან "სამარშრუტო ტაქსით" გადაადგილდა, ამის დამადასტურებელი ქვითარი უნდა წარადგინოს. აუდიტმა არაერთ მუნიციპალიტეტს მისცა შენიშვნა და სამწუხაროდ, ჩვენი მუნიციპალიტეტი ალბათ არ ითვალისწინებს, სანამ თავად არ მიიღებს შენიშვნას“, - თქვა ლექსო მერებაშვილმა.

გორის მუნიციპალიტეტის საკრებულომ რიგით წევრებზე ხარჯის თანხა და მისი მიზნობრიობა 2017 წლის 8 დეკემბერს დაადგინა. დოკუმენტის მიხედვით, დეპუტატი, რომელიც თვეში ერთხელ მინიმუმ სამ შეხვედრას გამართავს მოსახლეობასთან, ხარჯების ასანაზღაურებლად 400 ლარს მიიღებს. ამისათვის კი დეპუტატმა უნდა წარმოადგინოს აქტი, რომელსაც სამი ამომრჩეველი აწერს ხელს. შეხვედრის დამადასტურებელი მხოლოდ ერთი დოკუმენტი კი საიას გორის ოფისის ხელმძღვანელის, ქეთი ბებიაშვილისთვის არასაკმარისია. 

“წინა წლებში მონიტორინგს ვატარებდით ამ საკითხთან დაკავშირებით. იმ მოსახლეობასთან გადავამოწმეთ იყო თუ არა შეხვედრები, რომელთა ხელმოწერებიც დაფიქსირდა დოკუმენტში, თუმცა მოსახლეობა მსგავს ფაქტს ხშირ შემთხვევაში არ ადასტურებს, რაც გარკვეულ ეჭვებს ბადებს, რომ თანხები იხარჯება არამიზნობრივად.

როდესაც საუბარია ხარჯის აღრიცხვაზე, საკრებულოს წევრმა, უნდა წარმოადგინოს ხარჯვის დამადასტურებელი დოკუმენტი, ფართი იქირავა, ლანჩი ჰქონდა, საწვავი შეიძინა, რაზეც გაწია ხარჯი სადეპუტატო საქმიანობის შესასრულებლად“, - ამბობს ქეთი ბებიაშვილი.

იურისტების შეფასებებს არ ეთანხმება საკრებულოს აპარატის ხელმძღვანელი, მისი აზრით ყველა ხარჯის დოკუმენტებით გამყარება ფიზიკურად შეუძლებელია.

“ხარჯთაღრიცხვას და ქვითრებს არ წარადგენენ, საკრებულოს წევრები ეს არც მოეთხოვებათ. ისინი უნდა დაესწრნონ საკრებულოს სხდომებს, კომისიების მუშაობას , ამასთან ერთად ოქმი უნდა წარადგინონ ხელმოწერებით. წარმოუდგენელია ყველა ხარჯი ქვითრებით იყოს დადასტურებული“, - აღნიშნა ზაზა ნასყიდაშვილმა.

იურისტების ნაწილი ფიქრობს, რომ დადგენილება დეპუტატებისთვის ხარჯების ანაზღაურების შესახებ დასახვეწია და მეტი გამჭვირვალობის მიზნით, დამატებითი რეგულაციებია დასაწესებელი.

პუბლიკაცია მომზადდა ევროპის ფონდის მხარდაჭერით, შვედეთის საერთაშორისო განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოს დაფინანსებით. მის შინაარსზე პასუხისმგებელნი არიან ავტორები. პუბლიკაციაში გამოთქმული ყველა მოსაზრება, შესაძლოა, არ ემთხვეოდეს ევროპის ფონდისა და შვედეთის საერთაშორისო განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოს ოფიციალურ პოზიციებს.

Read 2050 times Last modified on აპრილი 24 2019