საუბნო გზები მეჯვრისხევში - სოფლის გასაჭირი და ხელისუფლების პასუხი

გორის მუნიციპალიტეტის სოფელ მეჯვრისხევში ადგილობრივები საუბნო გზების მოწესრიგებას ითხოვენ. სოფელში ამბობენ, რომ გზები დაზიანებულია და წვიმის დროს გადაადგილება უჭირთ.

ნათია ტატიაშვილი სტუდენტია. ის გორში ყოველ დღე მიდის. სახლიდან ავტობუსის გაჩერებამდე გზას კი ფეხით გადის. ამბობს, რომ წვიმიან ამინდში სოფელში ფეხით სიარული განსაკუთრებით რთულია.

“უბნებში, წვიმის დროს ხალხი სახლიდან ვერ გადის. მაგალითად, მეჯუდისპირში. გზა ისეა დაზიანებული, რომ მანქანებსაც კი უჭირთ ხან გავლა. გუბეები დგება.

უამრავი პრობლემაა მოსაგვარებელი და ამ გზების მოწესრიგებით მაინც დაიწყონ, რაღაცა ნაწილი მაინც მოხრეშონ, რომ ადამიანმა გადაადგილება შეძლოს“, - ამბობს ნათია ტატიაშვილი

მეჯვრისხევის ცალკეულ უბნებში ფეხით გადაადგილება განსაკუთრებით პრობლემატური მას შემდეგ გახდა, რაც სასმელი წყლის სისტემის რეაბილიტაციის გამო გზების ნაწილი ტრაქტორით გადათხარეს.

“სასმელი წყალი რომ გააკეთეს, მაშინ გადათხარეს და წესიერად არც მიაყარეს. ამიტომ ტალახდება და საშინელი მდგომარეობა“. 

“სოფელში თითქმის ყველა უბანში ასეა. როცა წვიმს, გარეთ გამოხედვა აღარ გვინდა. ბავშვები სკოლაში და ბაღში გაჭირვებით მიდიან. ვისაც მანქანა არ ყავს, რა ქნას იმ ადამიანმა, იძულებულები ვართ ტალახში ვიაროთ“, - ამბობენ ადგილობრივები. 

მეჯვრისხევის ადმინისტრაციული ერთეულის წარმომადგენელი, ლექსო ბუჯიაშვილი პრობლემების შესახებ საქმის კურსშია. ამბობს, რომ იმ უბნებში, სადაც ბუნებრივი მილები გამოიცვალა, გზებს მოაწესრიგებენ. დანარჩენ უბნებში კი გზას ეტაპობრივად შეაკეთებენ.

“ყოველწლიურად ვცდილობთ მოვხრეშოთ საუბნო გზები, მაგრამ არის არაერთი უბანი, სადაც გზა ძალიან დაზიანებულია და ეს გაზიფიცირების პროცესთანაა დაკავშირებული. გაზის მილების გამოცვლის გამო, გზები გაფუჭდა და ვცდილობთ, ეტაპობრივად მოვაწესრიგოთ.

წელს ყურადღებას ისეთ უბნებზე გავამახვილებთ, რომელიც ყველაზე მეტადაა დაზიანებული. დანარჩენ უბნებში , პატარა მეჯვრისხევის ნაწილში, ჯერჯერობით ვერ მოხერხდება, სანამ მილების ამოცვლის პროცესი არ დასრულდება“, - გვითხრა ლექსო ბუჯიაშვილმა

მიმდინარე წელს მეჯვრისხევში ახალუბანთან დამაკავშირებელი გზის რეაბილიტაცია დაიწყო, რომლის ფარგლებში ორი სოფლის დამაკავშირებელი საავტომობილო გზა მოწესრიგდება. სამუშაოებისთვის 1 000 000 ლარზე მეტი დაიხარჯება.

Read 1596 times Last modified on აპრილი 23 2019

ადგილი შენი რეკლამისთვის

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

studia-re

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

ნიმდი