გორის საკრებულოსთვის წელს 47 012 ლარით მეტი დაიხარჯება

გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დასაფინანსებლად ადგილობრივი ბიუჯეტიდან წელს 766 400 ლარია გათვალისწინებული. აქედან შტატიანი თანამშრომლების ანაზღაურებას თვეში 59 900 ლარი, წელიწადში კი 718 800 ლარი მოხმარდება. შტატგარეშე თანამშრომლებისთვის თვეში 3 917 ლარი, წელიწადში კი 47 600 ლარია გათვალისწინებული.

გასულ წელს აღნიშნული ხარჯები შედარებით ნაკლები რიცხვებით იყო წარმოდგენილი.  საერთო ჯამში კი, შტატიანი და უშტატო თანამშრომლებისთვის გაწერილი თანხა 47 012 ლარით ნაკლებს შეადგენდა. კერძოდ შტატიანი თანამშრომლების ხელფასებში 2018 წელს სულ 673 900 ლარი დაიხარჯა, უშტატო თანამშრომლების წლიურმა ანაზღაურებამ 45 488 ლარი შეადგინა.

საკრებულოს აპარატის ხელმძღვანელის თქმით, დაფინანასების გაზრდა მიმდინარე წელს ფრაქციის თავმჯდომარის მოადგილის კადრის დამატებამ გამოიწვია.

“2018 წელს, როდესაც ბიუჯეტი მივიღეთ ფრაქციის თავმჯდომარის მოადგილეები არ იყვნენ გათვალისწინებული, შემდეგ დაემატა და მივიღეთ ეს თანხა 47 012 ლარი, რომელიც ფრაქციის მოადგილეების ხელფასზე გადანაწილდა, სხვა ცვლილება არ მომხდარა, ხელფასებიც იგივე დარჩა და არც თანამშრომელი დამატებულა“, - განმარტა ზაზა ნასყიდაშვილმა

ადმინისტრაციულ ხარჯებთან დაკავშირებით თავისი მოსაზრება აქვს ფინანსისტ თამარ ედიშერაშვულს. ის ფიქრობს, რომ თანხების მატება მოსახლეობაზე გათვლილ პროგრამებზე უნდა ხდებოდეს.

“როდესაც ქვეყანაში არის კატასტორუფული გაჭირვება, ადმინისტრირება არ უნდა იზრდებოდეს, უნდა იზრდებოდეს პროგრამები, რომელიც მოსახლეობას მიეწოდება. ადმინისტრაციის ნაწილში ბიუჯეტის გაზრდის წინააღმდეგი ყოველთვის ვარ და ვიქნები, ეფექტურობა მიწოდებულ მომსახურებას არ ახლავს თან“, - აღნიშნა თამარ ედიშერაშვილმა

გორის საკრებულოში თანამდებობის გარეშე 17 პირი მუშაობს. მოსახლეობასთან შესახვედრად, თითოეულზე 400 ლარია გათვალისწინებული, რაც თვეში 6 800 ლარს, ხოლო წელიწადში 81 600 ლარს შეადგენს. ამ ხარჯებთან ერთად თვეში მხოლოდ საკრებულოსთვის 70 617 ლარი, წელიწადში კი 848 000 ლარია. ეს კი ადგილობრივი ბიუჯეტის დაახლოებით 16% შეადგემნს.

თვითმართველობის კოდექსის თანახმად, საკრებულოს წევრი თავის საქმიანობას ახორციელებს უსასყიდლოდ, ანაზღაურებადია მხოლოდ საკრებულოს პირთა საქმიანობა.

 

 

პუბლიკაცია მომზადდა ევროპის ფონდის მხარდაჭერით, შვედეთის საერთაშორისო განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოს დაფინანსებით. მის შინაარსზე პასუხისმგებელნი არიან ავტორები. პუბლიკაციაში გამოთქმული ყველა მოსაზრება, შესაძლოა, არ ემთხვეოდეს ევროპის ფონდისა და შვედეთის საერთაშორისო განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოს ოფიციალურ პოზიციებს.

Read 546 times

ადგილი შენი რეკლამისთვის

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

studia-re

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

ნიმდი