Print this page

დანგრეული კლუბი უფლისციხეში - ადგილობრივები ნანგრევების გატანას ითხოვენ

უფლისციხეში ძველი კლუბის შენობის ნანგრევების გატანას ითხოვენ. ადგილობრივები ამბობენ, რომ შენობა გაიყიდა, მფლობელმა სამშენებლო მასალა წაიღო, ნანგრევები კი აღარ გაიტანა.

მოსახლოების თქმით, ამის გამო აღნიშნული ტერიტორია ნაგავსაყრელად იქცა.

“ ეს კლუბის შენობა გაყიდეს და რაც კარგი იყო, ის წაიღეს და ეს ნანგრევები დატოვეს. მას მერე ასეა და ზოგი ნაგავს აყრის ზემოდან, ქარი წამოუბერავს და მტვერი დგება. ზაფხულში ბევრად ცუდი სიტუაცია იქნება თუ არ გაიტანეს.“

“ამ ნანგრევების ქვეშ ქვეწარმავლები არიან, ბავშვები აღარ გამოგვყავს გარეთ. ეხლა რაც მეტად დათბება, მით უფრო საშიში იქნება აქ გავლა. იქნებ რამენაირად მოგვიგვარონ ეს პრობლემა“, - ამბობენ ადგილობრივები.

გორის მუნიციპალიტეტის მერიის კეთილმოწყობის სააგენტოს ხელმძღვანელი ბაჩანა გვიანიშვილი ამბობს, რომ ნანგრევების გატანას იმ შემთხვევაში შეძლებენ, თუ მოსახლოება ადგილობრივ წარმომადგენელს წერილობითი განცხადებით მიმართავს.

"უკეთესი იქნება, რომ მოსახლეობამ წერილობით მიმართოს მერს და შესაბამისი სამსახური განიხილავს. თუ იმ კომპანიის ვალდებულებაა, რომ უნდა გაასუფთაოს აღნიშნული ტერიტორია, აუცილებლად უნდა გაიტანოს. საერთოდ, როცა დემონტაჟისთვის იყიდება ესა თუ ის შენობა, ვინც იყიდის, იმას ევალება, რომ ტერიტორია მოაწესრიგოს. მოსახლეობამ უნდა მიმართოს ადგილობრივ წარმომადგენელს და თუ გაირკვევა, რომ ჩვენ უნდა მივხედოთ ამ საქმეს, აუცილებლად მივალთ ადგილზე“, - გვითხრა ბაჩანა გვიანიშვილმა.

გორის მუნიციპალიტეტის მერიაში ამბობენ, რომ აღნიშნული ტეროტირიიდან ნანგრევები იმ კომპანიას უნდა გაეტანა, რომელმაც შენობა იყიდა, თუმცა ვალდებულება არ შეასრულა.

“ეს შენობა აუქციონის წესით გაიყიდა, მფლობელს ვალდებულება ჰქონდა, რომ გაეტანა ნანგრევები, მაგრამ ვალდებულება არ შეასრულა. ამის შესაბამისად, გორის მერიამ დაიწყო პროცედურები და გადაწყდება სამართლებრივად, როგორ და რანაირად მოხდება ამ ტერიტორიის გასუფთავდება“, - გვითხრეს მერიაში.

უფლისციხელების თქმით, ნანგრევებს თუ დროულად არ გაიტანენ, ზაფხულში ამ ტერიტორიაზე გავლა საშიში გახდება.

​პუბლიკაცია მომზადდა ევროპის ფონდის მხარდაჭერით, შვედეთის საერთაშორისო განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოს დაფინანსებით. მის შინაარსზე პასუხისმგებელნი არიან ავტორები. პუბლიკაციაში გამოთქმული ყველა მოსაზრება, შესაძლოა, არ ემთხვეოდეს ევროპის ფონდისა და შვედეთის საერთაშორისო განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოს ოფიციალურ პოზიციებს.

Read 1756 times Last modified on აპრილი 17 2019