ურნების სიმცირე და ნაგავსაყრელები სოფლებში - რას გეგმავს გორის კეთილმოწყობის სააგენტო

გორის მუნიციპალიტეტის 126 სოფლიდან 39-ში ნაგვის ურნები არ დგას. რის გამოც, უკვე წლებია, მოსახლეობა ნარჩენებს მდინარეში ყრის.

ვეფხვია დვალიშვილი ნაგავს საცხოვრებელ სახლთან აგროვებს. მთელი კვირის განმავლობაში მოგროვილი ნარჩენები კი, კვირის ბოლოს, საკუთარი ტრანსპორტით წედისში ან გორში ჩააქვს. 

"ჩემს სოფელში ნაგვის ურნები არ დგას. პირადად მე საკუთარი ტრანსპორტით ჩამაქვს ნაგავი ან წედისში ან გორში, მაგრამ სოფელში, ვისაც ტრანსპორტი არ ყავს, იძულებულია გზაზე ან მდინარის ნაპირზე დაყაროს. შემდეგ ამ ნაგავს ან მდინარე წაიღებს, ან ქარი გაფანტავს და ძალიან დიდი პრობლემაა ეს ჩვენთვის“, - ამბობს ვეფხვია დვალიშვილი. 

ის ბნავისში ცხოვრობს. ეს კი ერთ-ერთია იმ სოფლებიდან, სადაც ნაგვის ურნები არ დგას. მერის წარმომადგენელი ამბობს, რომ ბნავისში ურნებს გზებზე გაშენებული ხეხილის ბაღების გამო ვერ დგამენ. 

“ერთ-ერთი პრობლემა არის ის, რომ გზებზე გადმოსულია ადგილობრივების ხეხილის ბაღები და დიდ მანქანას გავლა არ შეუძლია. ურნები რომ დალაგდეს და შემდეგ ნაგვის მანქანა ამოვიდეს ხელს უშლის. ვთხოვეთ ბაღის მეპატრონეებს, რომ ხის ტოტები ჩამოგვეჭრა, მაგრამ ამის უფლება არ მოგვცეს“, - გვითხრა ნუგზარ მძინარაშვილმა. 

მერის წარმომადგენელმა ჯერ არ იცის, რა გზას გამონახავს მერია პრობლემის მოსაგვარებლად, თუმცა რადიო "მოზაიკასთან" საუბარში აღნიშნავს, რომ ნაგვის ურნების დადგმის საჭიროებას თავადაც ხედავს. 

მსგავსი პრობლემა ბნავისის გარდა, კიდევ 38 სოფელში არსებობს. როგორც მერიაში ამბობენ, პრობლემის მოსაგვარებლად, საწყის ეტაპზე მცირე გაბარიტების მქონე ნაგვის მანქანების შეძენაა საჭირო. 

"დასუფთავების მანქანები ყველგან არ ეტევა, პატარა გაბარიტების მქონე მანქანებს შევიძენთ. კეთილმოწყობის სამსახური ნარჩენების გატანას 75 სოფლიდან ახორციელებს. ყველა სოფლის უბანში ვერ შედის ეს დიდი მანქანები, ამიტომ დავგეგმეთ შევიძინოთ პატარა გაბარიტების მქონე მანქანები", - განაცხადა გორის მერმა.

უწყების ინფორმაციით, ნაგვის ურნების დადგმისას მერია პრიორიტეტს იმ სოფლებს ანიჭებს, რომლებიც მჭიდროდ დასახლებულია. 

"არის სოფლები, სადაც ან საერთოდ არ ცხოვრობს არავინ, ან ერთი-ორი მოსახლეა. მაგალითად, საყავრეს თემში საერთოდ არ გვიდგას ურნა, რადგან მოსახლეობა არ არის. ასევე მღებრიაანთ თემი, აქაც 1-2 მოსახლეა და ურნები არ არის. სულ 39 სოფელია, სადაც ურნები საერთოდ არ დგას. მაგალითად, ბნავისი, ოლოზი, ღვარები, პატარა გორიჯვარი, დიდი გორიჯვარი, კვარხეთი და სხვა", - გვითხრა გორის მუნიციპალიტეტის მერიის კეთილმოწყობის სააგენტოს ხელმძღვანელმა.

მდინარე ნაგავი გორი

 

რა პრობლემას ქმნის ნაგვის ურნების არარსებობა?

იქ, სადაც ნაგვის ურნები არ დგას, მოსახლეობა ნაგავს ან მდინარეში ან გზის პირას ყრის. შედეგად, გორის მუნიციპალიტეტის არაერთ სოფელში სტიქიური ნაგავსაყრელები არსებობს. 

კავკასიის გარემოსდაცვითი არასამთავრობო ორგანიზაციების ქსელის წარმომადგენელი, ირმა კიტრიაშვილი ამბობს, რომ სტიქიური ნაგავსაყრელების არსებობა საფრთხეს უქმნის მოსახლეობის ჯანმრთელობას. 

“ჩვენი ორგანიზაცია USAID -ის დახმარებით, ახორციელებს პროექტს “ნარჩენების მართვის ტექნოლოგიები რეგიონებში“. გვიწევს ამ თემებზე მუშაობა და ვხედავთ, რომ საქმე გვაქვს მოსახლეობის თვითშეგნებასთან, რომ ნარჩენები არ გადაყაროს მდინარეში ან მინდორზე, სადაც მსხვილფეხა პირუტყვი იკვებება და ზიანი მოაქვს, როგორც ადამიანებისთვის, ისე ცხოველებისთვის“, - ამბობს კიტრიაშვილი.

გარემოს დასუფთავებაზე ზრუნვა გორის კეთილმოწყობის სააგენტოს ფუნქციაა. როგორც სააგენტოს ხელმძღვაბელი ბაჩანა გვიანიშვილი ამბობს, სტიქიურ ნაგავსაყრელებს პერიოდულად ასუფთავებენ. სამომავლოდ კი ამ პრობლემის მოგვარებას ურნების დამატებით გეგმავენ.

“სტიქიურ ნაგავსაყრელებს პერიოდულად ვასუფთავებთ, თუმცა სამომავლოდ ურნების დამატებაც მოხდება, მთავრია ინფრასრტუქტურულმა მდგომარეობამ ამის საშუალება მოგვცეს“, - გვითხრა ბაჩანა გვიანიშვილმა.

გორის მუნიციპალიტეტის მერიის 2018 წლის ანგარიშის მიხედვით, სტიქიური ნაგავსაყრელი 18 სოფელში დაიხურა. 

ჯერჯერობით უცნობია იმ სოფლების სია, რომლებისთვისაც მერია ნაგვის ურნებს მიმდინარე წელს შეიძენს, თუმცა როგორც უწყებაში ამბობენ, ეს პროცესი ყოველწლიურია. 

 

 

 

პუბლიკაცია მომზადდა ევროპის ფონდის მხარდაჭერით, შვედეთის საერთაშორისო განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოს დაფინანსებით. მის შინაარსზე პასუხისმგებელნი არიან ავტორები. პუბლიკაციაში გამოთქმული ყველა მოსაზრება, შესაძლოა, არ ემთხვეოდეს ევროპის ფონდისა და შვედეთის საერთაშორისო განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოს ოფიციალურ პოზიციებს.

Read 2597 times Last modified on მარტი 25 2019

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

studia-re

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

ნიმდი