უფუნქციოდ დარჩენილი სათემო ცენტრები - რას გეგმავს გორის მერია მათ ასამუშავებლად

სათემო ცენტრები, რომლებიც დევნილი მოსახლეობის გააქტიურებისთვის აშენდა და გორის მერიას გადაეცა, წლებია, ამ ფუნქციას არ ასრულებს.

დევნილი მოსახლეობა მათ ჩასახლებებში მდებარე სათემო ცენტრების ამუშავებას ითხოვს.

“ამჟამად, არასამთავრობო ორგანიზაცია “ქართლოსი“ მუშაობს ხურვალეთის სათემო ცენტრში და რაღაც დატვირთვა მიეცა, კვირაში ორი დღე მაინც არის აქტიური“, - ამბობს ნათია. ის ხურვალეთის დევნილთა დასახლებაში ცხოვრობს და როგორც ჩვენთან საუბარში ჰყვება, სათემო ცენტრი დიდი ხნის განმავლობაში დაკეტილი იყო.

აღნიშნულ სათემო ცენტრში ორგანიზაცია "ქართლოსი" ინგლისური ენის კურსებს ატარებს. ამავე მიზნით, ორგანიზაცია სკრის დევნილთა დასახლებაში მდებარე სათემო ცენტრითაც სარგებლობს. თუმცა სხვა დღეებში, ეს ობიექტები დაკეტილია. 

 

“ჩვენი ორგანიზაცია ამ ეტაპზე ახორციელებს პროექტს "არაფორმალური განათლება ახალაგაზრდებისთვის", რომლის ფარგლებშიც დევნილი ახალგაზრდებისთვის ტარდება ინგლისური ენის კურსები“, - გვითხრა ანა ჯებისაშვილმა, "ქართლოსის" წარმომადგენელმა.

კიდევ ერთი არასამთავრობო ორგანიზაცია ბერბუკის დევნილთა დასახლებაში მდებარე სათემო ცენტრით სარგებლობს. ჩასახლებაში მცხოვრები დიანა მარიამიძის თქმით, სათემო ცენტრი კვირის განმავლობაში მხოლოდ ერთი დღე ფუნქციონირებს.

“ჩვენთან ამჟამად, არასამთავრობო ორგანიზაცია “გადავარჩინოთ ბავშვები“ მუშაობს. თუმცა მხოლოდ კვირაში ერთი დღეა ცენტრი დატვირთული, დანარჩენ დღეებში დაკეტილია. სურვილი ნამდვილად დიდი გვაქვს, რომ ჩვენი სათემო ცენტრი უფრო აქტიური გახდეს“, - გვითხრა დიანამ.

ის სათემო ცენტრები, სადაც არასამთავრობო ორგანიზაციები არ მუშაობენ, უფუნქიოა. მაგალითად, საქაშეთის დევნილთა დასახლებაში მცხოვრები ლანა კახნიაშვილი ამბობს, რომ სათემო ცენტრის შენობა დიდი ხანია დაკეტილია.

“წინა წლებში შედარებით აქტიური იყო, ერთ-ერთი ორგანიზაცია ახორციელებდა პროექტს. გარდა მაგისა, მოსახლოებას რომ რაიმე დასჭირდებოდა, ინტერნეტი, ქსეროქსი და სხვა, აქ ყველაფერი ხელმისწვდომი იყო. ახლა სულ დაკეტილია და არაფერი აღარ ხდება“, - ამბობს ლანა.

ამ დროსთვის, გორის მუნიციპალიტეტში მდებარე 7 სათემო ცენტრიდან ოთხს არასამთავრობო ორგანიზაციები სხვადასხვა აქტივობების განხორციელებისთვის იყენებენ. ერთი კი გორის მერიას კერძო პირისთვის აქვს გადაცემული - მერიასა და კერძო პირს შორის გაფორმებული ხელშეკრულების თანახმად, ცენტრში ცეკვის წრე ფუნქციონირებს. 

ამ თემაზე რადიო "მოზაიკამ" ვანო გრიგოლაშვილი ჩაწერა. ის ორგანიზაციაში "World Vision Georgia" იმ პერიოდში მუშაობდა, როცა ეს ორგანიზაცია აღნიშნულ სათემო ცენტრებს აშენებდა. მისი თქმით, სათემო ცენტრების დღევანდელი მდგომარეობა, მათი აშენების მიზანს აცდენილია. 

"ჩვენ ეს ცენტრები გადავეცით ადგილობრივ თვითმმართველობებს, მაგრამ სამწუხაროდ, კარგა ხანია, აღარ შეგვიმჩნევია იმ ცენტრებში აქტივობები, რამდენიმეს გამონაკლისს თუ არ ჩავთვლით. ჩვენი მოლოდინი სულ სხვა იყო. ვფიქრობ, კარგი იქნება მუნიციპალიტეტებმა გარკვეული დატვირთვა მისცენ ამ ცენტრებს და დევნილი ახალგაზრდების გააქტიურებისთვის სწორად იქნას გამოყენებული. კარგი იქნება პროექტების ადგილზე განხორციელება, რომ ამ ცენტრებს არა იშვიათი, არამედ ყოველდღიური ფუნქცია ჰქონდეს", - აღნიშნა ვანო გრიგოლაშვილმა. 

გორის მერიაში უფუნქციოდ დარჩენილი სათემო ცენტრების ამუშავების ზუსტ დროს ვერ ასახალებენ, თუმცა გორის მუნიციპალიტეტის მერიის ახალგაზრდული განყოფილების ხელმძღვანელი დიმა გოგიაშვილი ამბობს, შესაბამისი პროექტი უკვე მოამზადეს.

“შემუშავებული გვაქვს პროექტი, რომელზე თანხმობასაც ველოდებით ზემდგომი ორგანოებისგან. ეს პროექტი გულისხმობს პირველ ეტაპზე ოთხი ცენტრის გააქტიურებას, შემდეგ კი დანარჩენი სათემო ცენტრების სრულფასოვნად ამუშავებას. ამ ყველაფერს ისევ არასამთავრო სექტორთან თანამშრომლობით ვგეგმავთ“, - გვითხრა დიმა გოგიაშვილმა

2008 წლის ომის შემდეგ დევნილთა დასახლებებში სათემო ცენტრები ეტაპოვრივად აშენდა. პირველად პროექტების განხორციელება ორგანიზაცია World Vision Georgia,-მ დაიწყო, რაშიც თანდათანობით სხვა ქართული და უცხოური ორგანიზაციებიც ჩაერთვნენ, თუმცა პროექტების დასრულების შემდეგ, სათემო ცენტრები უფუნქციოდ დარჩა.

 

პუბლიკაცია მომზადდა ევროპის ფონდის მხარდაჭერით, შვედეთის საერთაშორისო განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოს დაფინანსებით. მის შინაარსზე პასუხისმგებელნი არიან ავტორები. პუბლიკაციაში გამოთქმული ყველა მოსაზრება, შესაძლოა, არ ემთხვეოდეს ევროპის ფონდისა და შვედეთის საერთაშორისო განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოს ოფიციალურ პოზიციებს.

Read 2432 times Last modified on მარტი 25 2019

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

studia-re

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

ნიმდი