რატომ ვერ აშენდა სადგურზე საბავშვო ბაღი - გორის მერიის პირობა ჩავარდნილი ტენდერების ფონზე

სამჯერ ჩავარდნილი და მეოთხედ გამოსაცხადებელი ტენდერის ფონზე, გორის მერია პირობას დებს, რომ სადგურის დასახლებაში ახალი საბავშო ბაღი წლის ბოლომდე აშენდება. 

ეთოს ყოველ დილით სადგურიდან ჭალაში ჩასვლა უწევს. ამ გზას, 5 წლის ბავშთან ერთად, ყოველდღე საზოგადოებრივი ტრანსპორტით გადის. ამისთვის კი, თვის განმავლობაში, დაახლოებით 30 ლარს ხარჯავს. ამ თანხის გაღება ეთოს მხოლოდ იმიტომ უწევს, რომ სადგურის დასახლებაში საბავშვო ბაღი არ არის. 

“ჭალის დასახლებაში რომ ბაღია, იქ დამყავს ჩემი შვილი. რამდენიმე წელია, ველოდებით, რომ სადგურის დასახლებაში ბაღი გვექნება, მაგრამ ამ დრომდე ეს საკითხი პრობლემად რჩება. ხშირად ყოფილა შემთხვევა, რომ ვერ წამიყვანია ბავშვი, ტრანსპორტით გადააგილება გვიწევს ყოველდღე“ , - ამბობს ეთო ბლუაშვილი. 

სადგურის დასახლებაში საბავშვო ბაღის არარსებობაზე სხვა მშობლებიც წუხან. ისინი რადიო "მოზაიკასთან" საუბარში ამბობენ, რომ ბაღის მშენებლობის დასრულებას ჯერ კიდევ შარშან ელოდებოდნენ. 

sabavshvo bagi sadguri gori

რატომ ვერ აშენდა სადგურის დასახლებაში საბავშვო ბაღი?

სადგურის დასახლებაში ახალი საბავშვო ბაღი 2017 წელს უნდა აშენებულიყო. 2017 წლის 29 ივნისს კომპანია ,,ინშაათ საქართველომ“ გორში, სადგურის დასახლებაში ორ-სართულიანი საბავშვო ბაღის მშენებლობა დაიწყო. სამუშაოები 2017 წლის 26 დეკემბერს უნდა დასრულებულიყო. ბაღის ასაშენებლად 560 000 ლარი იყო გამოყოფილი, თუმცა გამარჯვებულ კომპანიას გორის მერიამ არაჯეროვნად შესრულებული სამუშაოების გამო, ხელშეკრულება აღარ გაუგრძელა. მეორედ და მესამედ გამოცხადებული ტენდერებში გამარჯვებულ კომპანიებს, კი დოკუმენტაციაში არსებული ხარვეზების გამო დისკვალიფიკაცია მიენიჭათ.

ფინანსისტი თამარ ედიშერაშვილი ფიქრობს, რომ საბავშვო ბაღის ასაშენებლად გამოცხადებული ტენდერების ჩავარდნა, დაუგემავად მუშაობის ბრალია.

“ჩავარდნილი ტენდერები მიუთითებს იმაზე მიუშაობა მიდის დაუგეგმავად. როცა სამი წლით ადრე იცი, რა უნდა გააკეთო, შესაბამის დოკუმენტაციაც კვალიფიციურად მზადდება, ექსპერტიზას დროულად გადის და მთელი ბიუროკრატიული მექანიზმი სამოქმედო გეგმის მიხედვით მუშაობს. საქმე გვაქვს დაბალ კვალიფიკაციასთან“, - ამბობს ფინანსისტი. 

საკრებულოს წევრი “ნაციონალური მოძრაობიდან“, ვასილისა ჯაბახიძე ფიქრობს, რომ გორის მერიამ თავიდანვე არ გაითვალისწინა ის რისკები, რაც საბავშო ბაღის აშენებას გააჭიანურებდა. 

“ჩემი აზრით, “ქართლი ოცნების“ წარმომადგენლები მიზანმიმართულად ისეთ პირობებს დებენ ტენდერებში, რომ კომპანიამ ვერ შეძლოს შესრულება, ან ძალიან მწირ თანხას დებენ, რომელიც საკმარისი არ იქნება შენობის ასაშენებლად“, - ამბობს ჯაბახიძე. 

sabavsho bagi goris sadguri 2

როდის აშენდება სადგურის დასახლებაში საბავშვო ბაღი?

გორის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, სადგურის დასახლებაში ახალი საბავშვო ბაღი წელს აუცილებლად აშენდება. 

მერის, კონტაქნტინე თავზარაშვილის თქმით, ბაღის ასაშენებლად ხელახალი ტენდერი ერთ თვეში გამოცხადდება და მიმდინარე წელს სადგურის დასახლებაში თანამედროვე სტანდარტებთან შესაბამისი ბაღი აშენდება. 

“თანამედროვე სტანდარტებთან შესაბამისი პროექტი მომზადდება, რის მიხედვითაც დაახლოებით ერთ თვეში გამოვაცხადებთ ხელახალ ტენდერს და დავიწყებთ საბავშვო ბაღის მშენებლობას. ის თანხა, რაც აქამდე გვქონდა განსაზღვრული, დაახლოებით 500 000 ლარით გაიზრდება თანხა, რადგან წინა პროექტი თანამედროვე სტანდარტებთან შესაბამისი არ იყო, ამიტომ ახლა ახალი პროექტი მომზადდება“, - ამბობს თავზარაშვილი. 




პუბლიკაცია მომზადდა ევროპის ფონდის მხარდაჭერით, შვედეთის საერთაშორისო განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოს დაფინანსებით. მის შინაარსზე პასუხისმგებელნი არიან ავტორები. პუბლიკაციაში გამოთქმული ყველა მოსაზრება, შესაძლოა, არ ემთხვეოდეს ევროპის ფონდისა და შვედეთის საერთაშორისო განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოს ოფიციალურ პოზიციებს.

Read 2679 times Last modified on მარტი 25 2019

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

studia-re

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

ნიმდი