Back to Top
პარასკევი, 02 ოქტომბერი 2020 14:20

30 ავტობუსი - “საჩუქარი“, რომლისთვისაც გორის მერია 3 მილიონ ევროს სესხად იღებს

ხელისუფლება ამბობდა, რომ მუნიციპალური განვითარების ფონდი გორს ავტობუსებს ჩუქნიდა. გუშინ კი ცნობილი გახდა, რომ ავტობუსებისთვის ადგილობრივი ხელისუფლება 3 მილიონ ევროს სესხად იღებს.  

 

"წინასაარჩევნო პერიოდში, მუნიციპალიტეტის მიერ სესხის აღება დარღვევა არ არის, მაგრამ ამ კუთხით საზოგადოებას მეტი ინფორმაცია უნდა მიეწოდოს", - ასე გამოეხმაურა იურისტი ლექსო მერებაშვილი გორის მუნიციპალიტეტის მერიის მიერ, ახალი ავტობუსებისთვის სესხის აღებას. 

 

"კარგი იქნება საზოგადოებისთვის გამჭვირვალე გახდეს ის შეთანხმება, რაც ახალი ავტობუსების ჩამოყვანას ეხება. დღემდე ვიცოდით, რომ მუნიციპალური განვითარების ფონდი გვჩუქნიდა ამ ავტობუსებს და გაკვირვებას იწვევს, ახლა რატომ დადგა საჭიროება სესხის აღებისა, მით უფრო, რომ წინასაარჩევნო პერიოდია და ამან შეიძლება გააჩინოს ეჭვები, ამომრჩევლის მოსყიდვას ხომ არ აქვს ადგილი. ისიც გასარკვევია, ამ ვალის გადახდა მუნიციპალიტეტს მოუწევს თუ სახელმწიფოს", - ამბობს ლექსო მერებაშვილი. 

 

გორის მუნიციპალიტეტის მერს, თანხმობა სესხის აღების შესახებ, საკრებულომ რიგგარეშე სხდომაზე მისცა. გარდა ოპოზიციონერი დეპუტატებისა, დადგენილებას ყველა წევრმა მხარი დაუჭირა.

 

საკრებულოს თავმჯდომარე დავით რაზმაძე ამბობს, რომ აღნიშნული სესხი მუნიციპალიტეტის გადასახდელი არ იქნება. 

 

"ხელშეკრულება გაფორმებულია მუნიციპალიტეტის განვითარების ფონდთან. მოგეხსენებათ, 2019 წელს დაიწყო ამ თემაზე მუშაობა. შესაბამისად, გაკეთდა ავტოსადგომიც და ახლა ვაფორმებთ დოკუმენტურად, რომ ეს სესხი მუნიციპალიტეტმა აიღოს და მოხდეს შეძენა. ავტობუსების ნაწილი უკვე შეძენილია, როგორც ვიცი. ვფიქრობ, რომ სამართლებრივად ასე მოითხოვა, რომ ასე წარმართულიყო ეს პროცესი. მაგ ვალს დაფარავს ყველა ვარიანტში სახელმწიფო და შიდა შემოსავლებიდან არ მოგვიწევს დაფარვა", - განმარტა დავით რაზმაძემ. 

 

ინფორმაციისთვის, გორის მერია 3 მლნ ევროზე მეტს სესხად მუნიციპალური განვითარების ფონდისგან აიღებს, რომელმაც გორის მუნიციპალიტეტს 30 ახალი ავტობუსი უნდა გადასცეს. აღნიშნული ავტობუსებისთვის გორში ავტოსადგომის მშენებლობა უახლოეს მომავალში დასრულდება. სამუშაოებისთვის 951 000 ლარი დაიხარჯა.  

 

 

Read 657 times