Back to Top
 

JPrize Web Geo

ორშაბათი, 18 მაისი 2020 16:10

covid-19 - ის გამო გაუხარჯავი თანხები გორში - მერია მუშაობის გასაგრძელებლად ემზადება

"გორის მუნიციპალიტეტში პროექტების განხორციელებასთან ერთად, მოსახლეობასთან კონსულტაციებიც შეფერხდა", - ამის შესახებ გორის მერმა რადიო "მოზაიკას" გადაცემაში "კომუნიკაცია დისტანციურად" ისაუბრა.

 

კონსტანტინე თავზარაშვილის თქმით, COVID-19 - ის გამო დაწესებული შეზღუდვების გამო მოსახლეობასთან კონსულტაციები ვერ გაიმართა.

 

"ამ დროისთვის მიმდინარეობს მუშაობა შეხვედრების ფორმატის შესახებ. მერია ყველა შესაძლებლობას გამოიყენებს იმისათვის, რომ მომავალ წელს, გასული წლების მსგავსად, პროგრამა წარმატებით განხორციელდეს”, – ამბობს კონსტანტინე თავზარაშვილი.

 

გორის მერმა ასევე განმარტა, რომ თანადაფინანსების პროგრამის ფარგლებში ზოგიერთი არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენელზე ჰონორარის სახით თანხა ადგილობრივი ბიუჯეტიდან გაიცემოდა, რაც ბოლო თვეების განმავლობაში არსებული ვითარებიდან გამომდინარე შეჩერდა. თავზარაშვილის განმარტებით, საგანგებო მდგომარეობის მოხსნის შემდეგ, აღნიშნული ურთიერთობა ჩვეულ რეჟიმში გაგრძელდება.

 

პანდემიის გამო გორის მუნიციპალიტეტში სამოქალაქო ბიუჯეტით გათვალისწინებული პროექტებიც შეფერხდა, რომლისთვისაც წელს 3 მლნ ლარამდე თანხა იყო განსაზღვრული.

 

“2020 წელს “სამოქალაქო ბიუჯეტის” ფარგლებში, მოსახლეობის მიერ შერჩეული 38 ინფრასტრუქტურული პროექტის განსახორციელებლად, გორის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიან 2 800 000 ლარია გათვალისწინებული. გრძელდება საპროექტო - სახარჯთაღვრიცხო დოკუმენტაციის მომზადება. საპროექტო სამუშაოების ნაწილი დასრულებულია. აღსანიშნავია, რომ მიმდინარე წელს პროგრამის ფარგლებში მუნიციპალიტეტის 27 სოფელში გარეგანათება უკვე მოეწყო”, – ამბობენ მერიაში.

 

კორონავირუსის გამო შეჩერებული ინფრასტრუქტურული პროექტები გორის მუნიციპალიტეტში გასულ კვირას განახლდა.

 

გორის მერიაში ვარაუდობენ, რომ წლის ბოლომდე ბიუჯეტით გათვალისწინებული პროგრამები შეუსრულებელი არ დარჩება და თანხები 2021 წლის დადგომამდე მაქსიმალურად გაიხარჯება.

Read 254 times Last modified on ორშაბათი, 18 მაისი 2020 16:33