Back to Top
პარასკევი, 06 მარტი 2020 15:20

სადგურის საბავშვო ბაღის მშენებლობა ხელშეკრულების ვადებში ვერ სრულდება

სადგურის საბავშვო ბაღში საბავშვო ბაღის სამშენებლო სამუშაოების დასრულებას ზაფხულისთვის ვარაუდოებენ. ხელშეკრულების მიხედვით, სამუშაოები მარტისთვის უნდა დასრულებულიყო, თუმცა როგორც სამშენებლო კომპანიის წარმომადგენელი რადიო "მოზაიკასთან' საუბარში ამბობს, ობიექტზე სამუშაოები ჯერ ინტერიერზე ხორციელდება.

"გარეთ მოვრჩით ყველაფერს, ახლა შიგნით ვმუშაობთ, ვაკეთებთ ტიხრებს, წყალს, კანალიზაციას. ორშაბათიდან კი გარედან ლესვას დავიწყებთ. სავარაუდოდ ივლისის ბოლოსთვის დავასრულებთ. მერიც იყო, მეუფეც მოვიდა, გავყავით საბავშვო ბაღსა და ეკლესიას შორის ტერიტორია, 2 მეტრი რჩებოდა და ეს ადგილიც საბავშვო ბაღს მისცეს. რაც შეეხება თანხას, შევასრულებთ ნაწილს, ფორმა 2 შედგება. არის სპეციალური ორგანიზაცია, ვინც ამოწმებს, შეამოწმებს და მერია ჩაგვირიცხავს, ნაწილ-ნაწილ ვიღებთ თანხას. ამ დროისთვის, უკვე 365 ათასი ლარი გვავქს სჩარიცხული", - ამბობს სამშენებლო კომპანიის წარმოამდგენელი ვახტანგ ყანჩაველი.

 

გორის მერიამ აღნიშნულ ტერიტორიაზე საბავშვო ბაღის ახალი სტანდარტებით აშენება გასული წლის სექტემბერში დაიწყო და აიღო ვალდებულება, რომ სამუშაოებს 210 დღის ვადაში (7თვე) დაასრულებდა, თუმცა როგორც სამშენებლო კომპანიაში ამბობენ, სამუშაოების დასასრულებლად ვადა ივლისის ბოლომდე აქვთ მიცემული.

 

აღსანიშნავია, რომ სადგურის დასახლებაში ამ ობიექტის მშენებლობა 2017-2018 წლებში იყო დაგეგმილი, თუმცა, როგორც აუდიტის დასკვნაშია აღნიშნული, გორის მერიამ 91 000 ლარი დახარჯა, მაგრამ 2 წლის განმავლობაში საბავშვო ბაღი ვერ ააშენა. ამ ეტაპზე კი, ბიუჯეტიდან 1 მლნ 018 ათასი ლარი დაიხარჯება, საიდანაც სამშენებლო კომპანიას 365 ათასი ლარი აქვს მიღებული. პროექტის განხორციელების შედეგად, საერთო ჯამში აღნიშნული საბავშვო ბაღის მშენებლობას მთლიანობაში (2017-2020) 1 109 000 ლარი მოხმარდება.

Read 343 times Last modified on პარასკევი, 06 მარტი 2020 15:25