Back to Top
ოთხშაბათი, 30 დეკემბერი 2020 13:27

ხიდისთავი-ატენი-ბოშურის 10 კმ-იანი გზის რეაბილიტაცია წელსაც ვერ დასრულდა

მსოფლიო ბანკის მიერ მხარდაჭერილი პროექტის დასრულება ხიდისთავი-ატენი-ბოშურის 10 კმ-იან მონაკვეთზე ისევ გადაიდო.

 

საავტომობილო გზების დეპარტამენტმა სამუშაობის დასრულების თარიღად ბოლოს 2020 წლის დეკემბერი დაასახელა, თუმცა დღეს უწყებაში განმარტავენ, რომ პროექტი ისევ დაუსრულებელია.

 

"3-4 წლიანი პროექტია, დასრულებული არ არის და ზუსტად ვერ გეტყვით როდის გაიხსნება ეს გზა ოფიციალურად. თუმცა ამ მონაკვეთზე ტრანსპორტს შეზღუდვა არ არ აქვს და ავტომანქანები თავისუფლად გადაადგილდება",-აცხადებენ საავტომობილო გზების დეპარტამენტში. 

 

პროექტი, რომელის განხორციელებაც ტენდერში გამარჯვებულმა უცხოურმა კომპანიამ 2016 წელს დაიწყო, 2018 წლის მაისში უნდა დასრულებულიყო.  ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობების დარღვევისთვის, სამუშაოების განმახორციელებელ კომპანიას 2019 წლის ოქტომბერში ჯარიმა დაეკისრა.  6 155 842 ლარის ღირებულების პროექტის დასრულების ვადა ამ დრომდე დამკვეთმა უწყებამ უცხოურ კომპანიას რამდენჯერმე გაუგრძელა. 

 

ამ საკითხზე საუბარი 2017-2018 წლებში გორის მუნიციპალიტეტში ჩატარებულ შესაბამისობის აუდიტის ანგარიშშია (გვ. 49-50). დოკუმენტის მიხედვით, პროექტის შეფერხების თავიდან აცილების მიზნით (რომლის დამადასტურებელი მტკიცებულებები აუდიტის ჯგუფმა ვერ მიიღო), ყველა შესაძლო, მოსალოდნელი პრობლემა თუ რისკი წინასწარ უნდა ყოფილიყო განსაზღვრული და უწყებებს შესაბამისი ზომები უნდა მიეღოთ.

Read 506 times