ადამიანები, რომლებიც მოქალაქეების უფლებებს იცავენ - გორელი ადვოკატების ისტორია

ნოემბერი 08 2019 font size decrease font size increase font size
Rate this item
(0 votes)

8 ნოემბერს ადვოკატთა პროფესიული დღე აღინიშნება. რადიო “მოზაიკა“ ესაუბრა გორელ ადვოკატებს, რომლებსაც საზოგადოება უკვე კარგად იცნობს.

ისინი გვიყვებიან წლების განმავლობაში დაგროვილ გამოცდილებაზე, როგორი იყო მათი პირველი სასამართლო პროცესი და რატომ აირჩიეს ადვოკატის პროფესია.

 

ლექსო მერებაშვილი

"სკოლის მოსწავლე ვიყავი, როდესაც იმიტირებულ პროცესებში მივიღე მონაწილეობა და ძალიან მომხიბლა საქმის გაცნობის, არგუმენტების მოძიების პროცესმა. შესაბამისად, ავირჩიე იურიდიული ფაკულტეტი და თან ვიცოდი რომ ადვოკატი ვიქნებოდი. პირველი პროცესზე ალიმენტის საკითხს ვიხილავდით. გზაში სასამართლოსკენ გაზაფხულის უხვმა და უცაბედმა წვიმამ სრულიად დამასველა. პროცესს ამ მიზეზით ვერ გადავდებდით, შესაბამისად ესე შეუფერებელ და დასამახსოვრებელ მდგომარეობაში ჩავატარე სხდომა. რთული პროცესები ბევრი იყო, განსაკუთრებით რთულია ის პროცესები სადაც ვერ ვამტკიცებ სიმართლეს. ამ კუთხით დირბის საბავშვო ბაღის დირექტორის სამსახურიდან უკანონო გათავისუფლების საქმე მახსოვს. სამწუხაროდ ვერ შევძელით ჩვენი სიმართლის დამტკიცება", - ამბობს ლექსო. 

 

თამარ თედლიაშვილი

“2001 წელს, ჩემი ოჯახის წევრს შეექმნა პრობლემები სამართალდამცავებთან, რა თქმა უნდა ძალიან სანდო ადვოკატის საკითხი დადგა დღის წესრიგში, პირველი საქმეც ეს იყო. ჩემი ადვოკატობის პერიოდში ყველაზე რთული და ემოციური რაც მახსენდება იყო, არასრულწლოვანის საქმე, რომელსაც ბრალად ედებოდა დედის მეგობრის ჯანმრთელობის დაზიანება. აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა შეეფარდა,იყო შესაძლებლობა არასაპატიმრო ღონისძიების გამოყენებისაც. საქმე დასრულდა პირობითი მსჯავრით, ვიდრე განაჩენს გამოიტანდა სასამართლო ყოველი ჩემი შესვლა ციხეში იყო ემოციურად მძიმე, თუმცა არანაკლებ მძიმე იყო 2012 წლის დასაწყისში ჩემი არასრულწლოვანი შვილის ინტერესების დაცვაც", - გვითხრა თამარმა. 

 

ქეთი ბებიაშვილი

"ჩემ პერიოდში რა შემოთავაზებაც იყო პროფესიების, ჩემი ბუნებიდან გამომდინარე უფრო ახლოს იყო სამართალმცოდნეობა, ამიტომ დიდი ფიქრი არ დამჭირვებია გადაწყვეტილების მისაღებად. ჩემი პროფესიის ფარგლებში პედაგოგიური საქმიანობის უფლებაც მაქვს, შემიძლია ვიყო ტრენერი და საზოგადოებას გადავცე ადამიანის უფლებების შესახებ ინფორმაცია, ასევე შემიძლია ვიყო იურისტი და დავიცვა ადამიანის უფლებები, ეს შესაძლებლობა მომეცა ამ პროფესიის არჩევის შემდეგ. ჩემი პირველი საქმე რამდენიმე ადამიანის უფლებების დაცვას ეხებოდა, რომელიც წარმატებით დასრულდა. ერთ - ერთი საქმე, რომელიც ძალიან მეამაყება, იყო, ნინო მაისურაძის საქმე. სადაც სასამართლო პრაქტიკის დადგენა მოხდა , ამ გადაწყვეტილებით სასამართლომ განმარტება გააკეთა ,რომ საჯარო სამსახურში თანამშრომელმა პირადი განცხადება , რომ დაწეროს, ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია შეამოწმოს, ადმინისტრაციული წარმოება ჩაატარო და ამის შემდეგ მიიღო გადაწყვეტილება. ეს იყო მნიშვნელოვანი საქმე ჩემ პრაქტიკაში", - იხსენებს ქეთი ბებიაშვილი.

რეზო რევაზიშვილი

“ჩემი პროფესიის არჩევა განაპირობა, იმან რომ ყოველთვის მაინტერესებდა სამართლიანობის საკითხი. ეს ყველა ადამიანში დევს , ზოგი მეტად აქცევს ყურადღებას, ზოგი ნაკლებად. ჩემ შემთხვევაშიც ასე მოხდა, როდესაც წავიკითხე დოსტოევსკის "დანაშაული და სასჯელი" , ეს იყო ამ მიმართულებით მეტი ფიქრის საფუძველი. თუმცა არ ვამბობ , რომ მხოლოდ ამან განსაზღვრა, მაგრამ საბოლოო ჯამში მზად ხარ , აი ამ ფიქრისთვის და ეს ფიქრიც მოდის. ეს იყო ჩემ შემთხვევაშიც. ამიტომ დავუკავშირე ჩემი მომავალი ამ პროფესიას. ყველაზე რთული პროცესი იყო სულ პირველი, დაზარალებულს ვიცავდი და სიტყვით უნდა გამოვსულიყავი. ამ გადასახედიდან მარტივი იყო მაგრამ მაშინ ვღელავდი. ემოციურად რთული დაზარალებულების საქმეებია ხოლმე. დაზარალებულები განიცდიან, განსაკუთრებულ თანაგრძნობას იწვევენ და ნაკლებად აღწევენ წარმატებას", - ამბობს რეზო. 

2011 წლიდან საქართველოში ადვოკატთა საერთაშორისო დღე აღინიშნება, თარიღი ზუსტად 8 წლის წინ, საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის ინიციატივით გამოცხადდა.

ადგილი შენი რეკლამისთვის

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

studia-re

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

ნიმდი