„ასიმილაციის სირთულეები“, ანუ სახელმწიფომ რა ვერ ჰქმნა

ოქტომბერი 28 2019 font size decrease font size increase font size
Rate this item
(0 votes)

ავტორი: გიორგი დვალიშვილი

ასიმილაცია დომინირებული ეთნიკური ერთობის მიერ სხვა ეთნიკური ერთობის შთანთქმის პროცესია. გორის მუნიციპალიტეტში, ისევე როგორც მთელს საქართველოში არაერთი ეთნიკური თუ რელიგიური უმცირესობის წარმომადგენელი ცხოვრობს. რესპონდენტების უმრავლსეობა თანხმდება, რომ ტრადიციები და კულტურა, თითოეული ეთნოსის თუ რელიგიის თვითმყოფადობის შენარჩუნების აუცილებელი წინაპირობაა.

წარმოშობით აზერბაიჯანელი მუსლიმი ამბობს, რომ ტრადიციული დღესასწაულების მასშტაბურად აღნიშვნის სტიმული შემცირდა, თითქოს „გაქართველდნენ“. წარმოშობით სომეხი ბაპტისტური ეკლესიის მიმდევარი ახალგაზრდა გოგო კი, ბუნდოვნად იხსენებს ეროვნულ ტრადიციებს. ქართველი კათოლიკე კი, ამბობს, რომ მათი ტრადიციები და დღესასწაულები თითქმის იგივეა, რაც მართლმადიდებლური, შესაბამისად, ასიმილაციის საფრთხე დღის წესრიგში არ არის.

ხაგან შახვერდოვის ახალი წელი მარტის თვეში დგება, როდესაც დღე და ღამის დრო ერთმანეთს უთანაბრდება. ბაირამობა აზერბაიჯანელი ხალხის 2 მნიშვნელოვანი დღესასწაულიდან ერთ-ერთია.

„ამ დღეს თავისი დატვირთვა აქვს, ეს დღისა და ღამის გათანასწორებას, ჰაერის გათბობას, თოვლის დნობის დაწყებას, ხეებზე ყლორტის გამოსვლას და დედამიწის გამოცოცხლებას ნიშნავს“, - ამბობს ხაგანი, რომელიც გორში, სოფელ თედოწმინდაში 20 წლის წინ დაიბადა და აქ გაიზარდა. როგორც ის ამბობს, ტრადიციები მისთვის მნიშვნელოვანია.

„ახალ წელ 31 დეკემბერს არ აღვნიშნავთ. მარტის თვეში, როცა დღე და ღამის დრო ერთმანეთს უტოლდება, ჩვენთვის მაშინ დგება ახალი წელი. ამ დღესასწაულით ჩვენ გაზაფხულის დადგომას და ახალი ცხოვრების დაწყებას აღვნიშნავთ. ამ დროის განმავლობაში, ყველა ოჯახი ქეიფობს, თუმცა ალკოჰოლს არ ვეტანებით. ცხვარს ვკლავთ და ხორცს გაჭირვებულებს ვურიგებთ. ამ პერიოდში ოჯახში ჩხუბი და ხმამაღლა ლაპარაკი არ შეიძლება. ბაირამობას ვინმეს ოჯახს უნდა ესტუმრო. სანამ კარებთან მიხვალ, ყურებზე ხელი უნდა აიფარო, ახლოს მისვლისას კი ჩამოიღო და რა სიტყვასაც პირველად გაიგებ, ის დაგეკვებება. სტუმრად ცარიელი არ უნდა წახვიდე, აუცილებლად სიტკბო უნდა მიიტანო“, - გვიყვება ხაგანი.

ხაგანი ამბობს, რომ სხვა რეგიონებში უფრო განსხვავებულად აღნიშნავენ ბაირამობის დღესასწაულს. მისი თქმით, თედოწმინდაში ამ დღესასწაულის მასშტაბურად აღნიშვნის სტიმული აღარ არის.

„კახეთში უფრო მასშტაბურად აღნიშნავენ, კარნავალი მიდის, ახალგაზრდობა იკრიბება, ცეცხლს ანთებენ. ჩვენ სოფელში ცოტა სხვანაირად არის, თითქოს მიივიწყეს, ძალიან ცოტანი ვართ აქ, სტიმულიც არ არის, თითქოს გაქართველდნენ, იქით (კახეთში) უფრო ხალისიანად არიან, სხვანაირად მისდევენ წესებს. ჩვენი სოფელი ცოტა დაჩაგრული სოფელია, ბევრი პრობლემაა. ფინანსებთანაც არის ეს ყველაფერი დაკავშირებული. სოფლიდან იშვიათად მუშაობს ვინმე ხელფასზე."

ხაგანის განმარტებით, თედოწმინდაში შიიტური მიმართულების მუსულმანები ცხოვრობენ. სწორედ მათთვის არის დამახასიათებელი ტრადიცია, რომელსაც ისინი „შახსეი-ვახსეი“-ს უწოდებენ. „შახსეი-ვახსეი“ არის გლოვის ტრადიციული რიტუალი. ხაგანის თქმით, სხვა დღესასწაულებისგან განსხვავებით, შიიტი მუსლიმები ამ დღეს ერთმანეთს კი არ ულოცავენ, არამედ უსამძიმრებენ. ამ დღეს ისინი მსვლელობას აწყობენ და სამგლოვიარო გალობით და მკერდში მჯიღის ცემით აღნიშნავენ.

„შახსეი-ვახსეი შემოკლებულად წარმოშობილია სიტყვისგან „შახ - ჰუსეინ, ვაი ჰუსეინ“. ამ სიტყვას იმეორებს ყოველი კაცი თვითგვემის დროს. ამ დღეს სასაფლაოებზე გავდივართ, ყველა თავის მკვდართან მიდის, პატივს მიაგებს და მოიხსენიებს. იმამ ჰუსეინის საპატივსაცემოდ დამკვირდა ეს ტრადიცია, რომელიც მუჰამედის შვილიშვილი იყო და მე-7 საუკუნეში 72 მხლებელთან ერთად მოკლეს“, - ამბობს ხაგან შახვერდოვი.

რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს მონაცემების მიხედვით, გორის მუნიციპალიტეტში უმრავლესობას, კერძოდ, მოსახლეობის 97%-ზე მეტს მართლმადიდებლები წარმოადგენენ. რაც შეეხება დანარჩენ სარწმუნოებებს, გორში 523 მუსლიმი და 40 კათოლიკე ცხოვრობს. ემზარ ჭონიშვილი ერთ-ერთია იმ 40 გორელიდან, რომელი კათოლიკური აღმსარებლობისაა. მისი თქმით, კათოლიკური ტრადიციები დიდად არ განსხვავდება მართლმადიდებლურისგან. მიუხედავად იმისა, რომ გარემო-პირობები და საზოგადოება ხელს არ უშლის შეინარჩუნოს და მიყვეს კათოლიკურ ტრადიციებს, ამბობს, რომ იგრძნობა, რომ განსხვავებული მრწამსის ადამიანებს საზოგადოება სხვანაირად ექცევა.

„ტრადიციები თითქმის იგივეა რაც მართმადიდებლური, უბრალოდ თარიღებშია განსხვავება, მაგალითად აღდგომა ხან ემთხვევა, ხან ერთი კვირით ადრეა ხოლმე. რაიმე ისეთი ტრადიცია არ მახსენდება რაც შეიძლება მივიწყებული იყოს. რაც შეეხება უფლებებს, პირადად მე ნამდვილად არავინ მავიწროვებს, მაგრამ მაინც იგრძნობა ის, რომ სხვა აღმსარებლობის ხარ და ისე არ გიყურებენ როგორც მართმადიდებელს“, - ამბობს ემზარ ჭონიშვილი.

სომხური წარმოშობის გორელი გოგო, მარიამ ადამიანი 25 წლისაა. იგი ბაპტისტური ეკლესიის მიმდევარია. სომხური ტრადიციების გახსენება უჭირს, რადგან საქართველოში დაიბადა და გაიზარდა, თუმცა გვიყვება ბაპტისტური ეკლესიის ტრადიციულ დღესასწაულზე, რომელსაც ისინი „სამკლის დღესასწაულს“ უწოდებენ.

„სომხური ტრადიციებიდან მხოლოდ ერთი მახსენდება საქორწინო საღამოს დროს ტორტით შემოდიოდა პატარძლის დედა თუ არ ვცდები და სწორად მახსოვს; რაც შეეხება ბაპტისტურ ეკლესიას, სამკლის დღესასწაულს, სექტემბერ-ოქტომბერში აღინიშნება, ამით ჩვენს მადლიერებას გამოვხატავთ უფლისად,ი, რომელიც მოსავალს გვაძლევს. ეკლესიის ყველა წევრს და ვინც უბრალოდ დადის ეკლესიაში ყველას მოაქვს უფლის წინაშე მოსავალი გამზადებული და გასამზადებელი. ვეპატიჟებით ვისაც სურვილი აქვს დასწრების, მეგობრებს ნათესავებს. ვაკურთხებთ სუფრას,ვლოცულობთ ყველა გულში. მოძღვარი ან დიაკვანი ხმამაღლა ლოცავს უფლის სუფრას და შემდეგ იმართება პურობა. აქვე დავამატებ რომ ესაა უფლის სუფრა და არასდროს არის ,,ღრეობა", - აღნიშნავს მარიამ ადამიანი.

რელიგიური და ეთნიკური უმცირესობების თანაბარ უფლებრივ მდგომარეობაზე საუბრისას ადამიანი ამბობს, რომ მდგომარეობა ამ მიმართულებით წარსულთან შედარებით, უკეთესია, თუმცა ამავდროულად, ამბობს, რომ განსხვავებულობას საზოგადოება მაინც აგრძნობინებს.

„უფლებების მხრივ, ადრინდელთან შედარებით ვფიქრობ გამოსწორებულია მდგომარეობა. თუმცა დღესაც არიან ადამიანები ვინც ,,გვერდულად" უყურებენ სხვადასხვა რწმენის და კონფესიის წარმომადგენლებს."

სამოქალაქო აქტივისტი და თეოლოგი ნიკა წიქარიძე ფიქრობს, რომ უმცირესობებისადმი უმრავლესობის ცნობადობა ჩვენს მუნიციპალიტეტში ძალიან დაბალია. მისი აზრით, ნებისმიერი უმცირესობა ამჯობინებს ჩრდილში დარჩენას.

„უმრავლესობის დამოკიდებულება არ არის კონსტრურირებული და ვერ გაიზომება, როგორც მთლიანი პოზიცია, ამა თუ იმ ჯგუფის მიმართ. თითქოს მათ აქვთ საკუთარი დღის წესრიგი და მათივე რელიგიური ან სახალხო ტრადიციული მოვლენები, არ გამოდის სახლის, რელიგიური დაწესებულების ან პატარა შეკრებების გარეთ. ფაქტიურად, აქ მოქმედებს მიდგომა, ჩვენ ხელს არ ვუშლით უმრავლესობას და იყვნენ თავისთვის და უმცირესობაც, ამ კულისებში დგომის როლს შეეგუა და ერთმანეთს, ამ ერთგვარ „კომფორტის“ ზონას არ ვურღვევთ“.

ასიმილაციაზე საუბრისას წიქარიძე იხსენებს ე.წ „ფრანგების ეკლესიის“ მაგალითს, რომელიც ადრე კათოლიკური იყო, შემდეგ კი, მართლმადიდებლურად „გადაკეთდა“.

„რამოდენიმე წლის წინ, ამ ეკლესიაში დაიწყო, საფუძვლიანი ჩარევა, სამშენებლო კუთხით და შეიცვალა მისი გადახურვა, მოშალეს გარე ფასადი, შიდა იატაკი, მოზაიკური ტიპის სარკმელები და რაც ყველაზე სამწუხაროა, შიდა მოხატულობა, მთლიანად მოხსნეს და „შეაბათქაშეს“, ახლა კი დაწყებულია ახლიდან მისი მოხატვა. ეს ტაძარი მე-19 საუკუნის ნაგებობაა და თავისთავად ასეთი ჩარევა, ნიშნავს ისტორიის წაშლას, უძრავ კულტურულ მემკვდრეობის ძეგლზე, ამ ძეგლის უხეშ და გამოუსწორებელ დაზიანებას. თუმცა, როგორც საზოგადოების დიდი ნაწილის, ისე მთლიანად სახელმწიფოს პოზიცია იყო უტყვი და ინდეფერენტული."

წიქარიძის აზრით, მართლმადიდებლურ ეკლესიაზე ასეთ ჩარევას საზოგადოება არ მოითმენდა, თუმცა ვინაიდან, თავდაპირველად, ეკლესია კათოლიკური იყო, უმრავლესობა გაჩუმდა.

„გვახსოვს ბაგრატის ტაძარზე რა ამბავი იყო, თუმცა გორის ეკლესიაზე ხმა არავინ ამოიღო. სწორეს ეს ასახავს, ჩვენი საზოგადოების დამოკიდებულებას, ზოგადად უმცირესობების მიმართ, რადგან არ არსებობს, ნაცვალსახელი ჩვენ და ჩვენი, თუმცა ჯერ კიდევ არსებობს, ჩვენ და ისინი. ეს კი საკმაოდ საფრთხის შემცველი და მყიფე მდგომარეობაა, ამ ქვეყნის ერთიან საზოგადოებად ფორმირების და მთლიანობის კუთხით.“

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის გორის ოფისის ხელმძღვანელი ქეთი ბებიაშვილი ამბობს, რომ სახელმწიფო ვალდებულია უზრუნველყოს უმცირესობების თვითგამორკვევის საკითხი. მისი აზრით, კანონი არსებობს, თუმცა პრაქტიკაში გარკვეული პრობლემებია.

„რა თქმა უნდა,სახელმწიფო ვალდებულია უზრუნველყოს და გაატაროს მთელი რიგი ღონისძიებები, მათ შორის საკანონმდებლო დონეზე დააზუსტოს აღნიშნული საკითხი. აღსანიშნავია, რომ საერთაშორისო ხელშეკრულებები და შიდა კანონმდებლობა აღნიშნულის ხელშეწყობას გულისხმობს, თუმცა პრაქტიკაში გვაქვს გარკვეული პრობლემები, რაც თავის მხრივ, სახელმწიფოს მხრიდან არათანმიმდევრულ პოლიტიკაზე საუბრის საშუალებას გვაძლევს. იდენტობის უზრუნველსაყოფად მათი კულტურა და თვითმყოფადობა უნდა იყოს დაცული და უზრუნველყოფილი სახელმწიფოს მხრიდან“.

ეთნიკური თუ რელიგიური უმცირესობების კულტურის და თვითმყოფადობის დაცვის მცდელობის ერთ-ერთ მაგალითად შესაძლებელია განვიხილოთ, გორის მუნიციპალიტეტის მერიის ბიუჯეტის ერთ-ერთი მუხლი - „რელიგიური ორგანიზაციების ხელშეწყობა“, რომლისთვისაც მიმდინარე წლის ბიუჯეტში 200 000 ლარია გათვალისწინებული. მიუხედავად იმისა, რომ ამ ბიუჯეტით სარგებლობის უფლება ნებისმიერ რელიგიურ ორგანიზაციას შეუძლია, მერიის მხრიდან არის გარკვეული მოთხოვნები, რომელიც პროცესს აფერხებს.

საკრებულოს აპარატის ხელმძღვანელი, ზაზა ნასყიდაშვილი, აღნიშნული პროგრამის მიზნობრიობას განმარტავს. მისი თქმით, მიზანი გორის მუნიციპალიტეტში არსებული კულტურული ძეგლების მოვლა-შენახვის, ისტორიული მნიშვნელობის ტაძრებისა და რელიგიური კერების აღდგენა-რეაბილიტაცია და ახალი რელიგიური კერების მშენებლობის ხელშეწყობაა.

„არ აქვს მნიშვნელობა, ვინ მოგვმართავს - ორმოცდაათიანელები იქნებიან, ევანგელისტები იქნებიან თუ მუსლიმები- ამას არ აქვს მნიშვნელობა, უბრალოდ უნდა აკმაყოფილებდეს პროგრამის მიზნებს და შეფასების ინდიკატორს. შეფასების ინდიკატორი არის ისტორიული მნიშვნელობის ტაძრებისა და რელიგიური კერების რეაბილიტაცია“, - ამბობს ზაზა ნასყიდაშვილი.

გორის მერიიდან მოწოდებული ინფორმაციის მიხედვით, გასულ წელს ადგილობრივი ბიუჯეტის მუხლში ,,რელიგიური ორგანიზაციების ხელშეწყობა" გათვალისწინებული თანხიდან 120 000 ლარი მე-19 საუკუნემდე აშენებულ ეკლესია მონასტრების რეაბილიტაციისათვის გაიხარჯა, ხოლო 40 000 ლარი ეკლესიების ელექტრო ენერგიით მომარაგებისათვის. როგორც ირკვევა, სხვა რელიგიურ ორგანიზაციებს მერიისთვის არ მიუმართავთ.

ყოველივე ზემოთ თქმულიდან გამომდინარე, აშკარაა, რომ სახელმწიფო საკმარის ნაბიჯებს არ დგამს იმისათვის, რომ რელიგიური და ეთნიკური უმცირესობების იდენტობის უზრუნველსაყოფად მათი კულტურა და თვითმყოფადობა იყოს დაცული.

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

studia-re

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

ნიმდი