მაიკო

ოქტომბერი 24 2019 font size decrease font size increase font size
Rate this item
(0 votes)
"სიტყვა "ფემინურობის" მნიშვნელობა ბავშვობაში არ ვიცოდი. არ ვიცოდი რა იყო ჩემი სასჯელის მიზეზი სკოლასა თუ ოჯახში. ახლა გავიზარდე და მივხვდი, რომ ამ „სასჯელს“ ფემინურობა ჰქვია“ - ასე იწყებს საუბარს 32 წლის კაცი, რომელიც უკვე 10 წელია იტალიაში ცხოვრობს.
ჩვენს რესპონდენტს ურჩევნია, რომ მისი სახელის და გვარის იდენტიფიცირება არ მოხდეს, რადგან ფიქრობს, რომ მისი ამბავი, მშობლებს კიდევ ერთხელ ატკენს გულს. ის სახელიც თავად შეარჩია, რომლითაც აღნიშნულ სტატიაში მოვიხსენიებთ - მაიკო.
„სახელი „მაიკო“ ტყუილად არ შევარჩიე სტატიისთვის. სწორედ ეს იყო ის დამამცირებელი სახელი, რომლითაც ზურგს უკან ხშირად მიხსენიებდნენ ხოლმე“, - განმარტავს ის.
სამოქალაქო განათლების ლექსიკონის მიხედვით, ფემინურობა ეს არის მოცემულ სოციუმში იმ თვისებათა ერთობლიობა, რომელსაც ქალს მიაწერენ. მაიკო ფიქრობს, რომ ფემინურობის გამო დაისაჯა იმით, რომ თავის ქვეყანაში არ მიეცა თავისუფლად არსებობის საშუალება.
„ვფიქრობ, რომ ქვიარი ადამიანების ბანალურ ისტორიას ვყვები, მაგრამ მინდა ამით კიდევ ერთხელ ვაჩვენო ჩვენი საზოგადოებას თავისი მანკიერი მხარეები. ვაჩვენო, რომ ჩვენც ადამიანები ვართ, გაგვაჩნია ემოციები, სიყვარულიც შეგვიძლია და თანაგრძნობაც. ჩვენც ამ საზოგადოების სრულფასოვანი წევრები უნდა ვიყოთ, თუმცა სამწუხაროდ, ეს ასე არ არის“, - ამბობს მაიკო.
როგორც თავად ამბობს, განსხვავებული ბავშვი იყო. საბავშვო ბაღში ძირითადად გოგოებთან ერთად თამაშობდა. ამაში უცნაურს ვერაფერს ხედავდა მანამ, სანამ მამამ სცემა.
„ბავშვობიდან ბევრი მოგონება არ შემომრჩა. ერთადერთი, რაც ხშირად მახსენდება ხოლმე, ეს არის ის დღე, როცა მამამ მცემა. მიზეზი მარტივი იყო - პარკში ვსეირნობდით, სათამაშოების გამყიდველ ქალთან ჩავიარეთ და მამამ მითხრა, რომ შემეძლო ამერჩია რომელიმე სათამაშო და მიყიდიდა. მე ისე, რომ არც დავფიქრებულვარ, ერთ-ერთ გრძელთმიან თოჯინას დავავლე ხელი. მახსოვს, მისი ლამაზი ფერის თმა; წარმოვიდგინე, როგორ დავვარცხნიდი, მაგრამ ეს მამამ ვერ მაპატია, ალბათ 4 წლის ვიქნებოდი მაშინ“.
შემდეგ იყო სკოლა, მასწავლებლები და ისევ ოჯახი, რომელიც ვერ პატიობდა განსხვავებულად ყოფნას.
„მაიკო, მაიკოო... ახლაც ჩამესმის ხოლმე ყურებში, როცა ამ სახელს თანაკლასელები მეძახდნენ, არ ვთამაშობდი ფეხბურთს, ვერ ვაკეთებდი ე.წ „აჯიმანიებს“ ანუ აზიდვებს და მომწონდა ფერადი ტანსაცმელი - ეს ყველაფერი საკმარისი იყო, რომ სირცხვილის დაფაზე გამოეკრათ ჩემი სახელი. ბევრჯერ უტირია დედას ამის გამო. ვერ ვიტყვი, რომ არ ვუყვარვარ, მაგრამ ვგრძნობდი, როგორ სცხვენოდა. დედას დღეს აღარ სცხვენია, რადგან ფეხზე მყარად ვდგავარ, მართალია ათასობით კილომეტრის იქით, მაგრამ მაინც...“
მაიკო მას შემდეგ მიხვდა, რომ გორში და ზოგადად, საქართველოში მომავალი არ ჰქონდა, რაც სამუშაო ადგილზე გახდა დისკრიმინაციის და შევიწროვების მსხვერპლი.
„სკოლის დამთავრების შემდეგ, ჩემი უმაღლესში სწავლის არც სურვილი და არც საშუალება ჩემს მშობლებს არ ჰქონდათ. ალბათ ესეც სასჯელის ერთ-ერთი ფორმა იყო. სწავლაზე ხმის ამოღების უფლება არ მქონდა. თავიდან სოფლის საქმეებში ვეხმარებოდი ჩემებს, პარალელურად სამსახურს ვეძებდი. როგორც იქნა ვიპოვე, მაგრამ აქაც არ გამიმართლა“.
მაიკოს არც სამსახურის გამხელა სურს.
„თავიდან ყველაფერი კარგად იყო, თუმცა როცა თვის ბოლოს ერთსა და იმავე პოზიციაზე მომუშავე ორმა ადამიანმა განსხვავებული ხელფასები ავიღეთ, დავფიქრდი. უფროსს პირდაპირ არაფერი უთქვამს, მაგრამ არათანაბარ პირობებში ყოფნამ, ძალიან დამთრგუნა. მუშაობის მოტივაცია დამიკარგა. ყველაფერი მეორე თვეში გახდა ნათელი, როცა უფროსს შემთხვევით წამოსცდა - ამ ქალაჩუნას საერთოდ რომ აქვს ხელფასი, მაგაზეც მადლობელი იყოს, ვერ დამინახა მეც რომ იქ ვიდექი, ან იქნებ დამინახა და შეგნებულად თქვა?“
ამის შემდეგ მაიკო კიდევ 4 თვე იყო იძულებული ემუშავა ნახევარ ხელფასზე. შემდეგ, მოულოდნელად, ქვეყნის დატოვების შანსი მიეცა. იტალიაში წავიდა და იქ სტილისტობა ისწავლა.
„ჩემმა ერთ-ერთმა ნათესავმა სიკეთე გამოიჩინა და დამეხმარა. მითხრა, რომ გორში ვერ გავიხარებდი, იცოდა, რომ სტილისტობა ბავშვობიდან მაინტერესებდა. მისი დამარებით, იტალიაში წავედი და საბედნიეროდ, დავმკვიდრდი კიდეც. უკვე მე-10 წელია აქ ვარ“, -ამბობს მაიკო.
საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის გორის ოფისის ხელმძღვანელის, ქეთი ბებიაშვილის განმარტებით, მაიკოს ამბავში ადამიანის უფლების დარღვევის 2 ფაქტი ფიქსირდება. პირველი ეს არის - პატივის და ღირსების შემლახველი ქმედება და მეორე - არათანაბარი სახელფასო განაკვეთის არსებობა ერთი და იგივე შეასრულებელ სამუშაოსთან დაკავშირებით.
„წარმოდგენილ შემთხვევაში ცალსახად იკვეთება პატივის და ღირსების შელახვა, ძალადობა მისი იდენტობიდან გამომდინარე მასზე საზოგადოების მხრიდან და დისკრიმინაცია, ვინაიდან არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება არათანაბარი სახელფასო განაკვეთის არსებობა ერთი და იგივე შესრულებელ სამუშაოსთან დაკავშირებით. ეს საკითხი ადრეც აკრძალული იყო საქართველოს კონსტიტუციით. დღეს ვინაიდან, ანტიდისკრიმინაციული კანონი არის, არსებობს მექანიზმი, რომლის მიხედვითაც ადამიანს შეუძლია მიმართოს სახალხო დამცველის აპარატს ან სასამართლოს და მოითხოვოს აღნიშნული დისკრიმინაციის ფაქტის დადგენა და შესაბამისად, შეუძლია მიყენებული ზიანის ანაზღაურებაზეც გააკეთოს მოთხოვნა“, - აცხადებს ქეთი ბებიაშვილი.
"იყო პერიოდი, როცა სახელი "მაიკო" ჩემში შიშს, ზიზღს, საკუთარი თავის სიძულვილს და უიმედობას იწვევდა, მაგრამ ათასობით კილომეტრის იქით და წლების შემდეგ, მივხვდი, რომ პრობლემა ჩემში კი არა, საზოგადოებაშია, რომელსაც არ შეუძლია განსხვავებულის მიღება. დღეს მე ჩემი თავი შევიყვარე ისეთი, როგორიც ვარ", - ასე ასრულებს ჩვენთან საუბარს მაიკო.

ადგილი შენი რეკლამისთვის

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

studia-re

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

ნიმდი