გორელი პედაგოგი, რომელმაც მოსწავლეებისთვის სახალისო ისტორიის წიგნი დაბეჭდა

ოქტომბერი 14 2019 font size decrease font size increase font size
Rate this item
(0 votes)

გორელმა პედაგოგმა გიორგი გაგლოევმა მოსწავლეებისთვის იუმორით გაჯერებული ისტორიის წიგნი დაბეჭდა.

გიორგი რადიო "მოზაიკასთან“ წიგნზე მუშაობის პერიოდს იხსენებს და ამბობს, რომ მისი მიზანი, ისტორიული ფაქტების ისეთი კრებულის შედგენა იყო, როგორიც მოსწავლეებში ინტერესს გააღვიძებდა.

"ისტორიას ვასწავლი. ისტორიაში ინფორმაციის წაკითხვა მნიშვნელოვანია. მოსწავლეები ფიქრობდნენ, რომ მასალები დიდი მოცულობისაა და წაკითხვა არ უნდოდათ. ამ პრობლემის დასაძლევად, ბევრი აქტივობა გამოვიყენე, ნამდვილად მქონდა პროგრესი. მუშაობამ მაჩვენა, რომ მოსწავლეებს გამარტივებული და იუმორით გაჯერებული სიუჟეტები აინტერესებდათ. ყველა გაკვეთილისთვის ვამზადებდი თემის შესაბამის ისტორიულ ფაქტებს, რომლებიც იუმორს შეიცავდა. წლების განმავლობაში, ეს მასალა საკმაოდ მოცულობითი გახდა. ბოლოს გადავწყვიტე წიგნად გამომეცა“.

მასწავლებლებს ფაქტების შეგროვებაში მოსწავლეებიც ეხმარებოდნენ. როგორც გიორგი ამბობს, პროცესი მისთვის და ახალგაზრდებისთვის ერთნაირად საინტერესო აღმოჩნდა.

"მოსწავლეები კითხულობდნენ ისტორიული ხასიათის ლიტერატურას, წერდნენ ფაქტებს და სიხარულით მოჰქონდათ ჩემთან. ვთვლი, რომ ეს მეთოდი მიზნის მიღწევაში ყველაზე მეტად დამეხმარა. ბავშვებმა მივლინების ანალიზის გაკეთება და კითხვა შეიყვარეს. წიგნიც დავბეჭდე მათთვის .,,მსოფლიო ისტორია ანეკდოტებსა და ხუმრობებში“ წიგნმა მკითხველის დიდი მოწონება დაიმსახურა“, - ამბობს გიორგი გაგლოევი.

ეს არ არის პირველი წიგნი, რომელიც მან პედაგოგიურ საქმიანობას მიუძღვნა. გაგლოევის ავტორობით, დაბეჭდილია საქართველოს ისტორიის ყველაზე შემოკლებული ვერსია.

"მე ვფიქრობ, რომ მასწავლებლის პროფესია ყველაზე საპასუხისმგებლო პროფესიაა და განსაკუთრებით ისტორიის მასწავლებლის, რომელიც ქმნის იმ სულიერ ფუნდამენტს, რომელსაც სახელმწიფო უნდა დაეყრდნოს. ჩემი აზრით, განურჩევლად პროფესიისა, ყველა ადამიანის ვალდებულებაა იცოდეს ისტორია, საკუთარი ქვეყნის ისტორია მაინც. ამ კუთხით ჩვენს ქვეყანაშიც არის ისტორიის ობიექტური ცოდნის პრობლემა. ამ პრობლემის დაძლევაზე ფიქრმა გამიჩინა იდეა, რომ შემექმნა ყველაზე მცირე მოცულობის წიგნი ,,საქართველოს ისტორია“. იდეა სისრულეში მოვიყვანე. წიგნი დავწერე ყველასათვის გასაგებ ენაზე, დავწერე საქართველოს ისტორიის ყველაზე მნიშვნელოვანი ფაქტები , რაც საქართველოს ყველა მოქალაქემ უნდა იცოდეს. ეს წიგნი ძალიან მოსწონთ ჩემს მოსწავლეებსაც, ძალიან მეხმარება დიფერენცირებული სწავლების დროს“.

როგორც ავტორი ამბობს, წიგნები მცირე ტირაჟით დაიბეჭდა, მოთხოვნა კი მეტი იყო. ამ დროისთვის, გიორგის არც ერთი ბეჭდური ეგზემპლიარი აღარ აქვს.

გიორგი გაგლოევი ამჟამად გორის #VIII საჯარო სკოლის პედაგოგია. ის 33 წელია ისტორიას ასწავლის. მისი ავტორობით 13 წიგნია დაბეჭდილი, აქედან 7 პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის საცავში ინახება. მკითხველს ელექტრონული ვერსიის წაკითხვა ინტერნეტის საშუალებითაც შუძლია.

ადგილი შენი რეკლამისთვის

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

studia-re

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

ნიმდი