გორის მერია 2 თანამშრომლის აყვანაზე საკრებულოს გამონაკლისის დაშვებას სთხოვს

სექტემბერი 03 2019 font size decrease font size increase font size
Rate this item
(0 votes)

გორის მუნიციპალიტეტის მერია საკრებულოს მერიაში შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებულ პირთა რაოდენობის შეზღუდვიდან გამონაკლისის დაშვებას სთხოვს, - ამის შესახებ სამანდატო საპროცედურო საკითხთა და ეთიკის კომისიაზე იმსჯელეს.

გორის მერია აპირებს ოთხი ავტომობილის შეძენას და ხელშეკრულებით, ორი მძღოლის აყვანას. როგორც მერის იურისტმა განმარტა, ერთი ავტომობილი და მძღოლი ინფრასტრუქტურის სამსახურისთვის არის საჭირო, რადგან აღნიშნულ სამსახურს ხშირად უწევს ადგილზე გასვლა და მიმდინარე სამუშაოების დათვალიერება. საკითხმა დეპუტატებს შორის დისკუსია გამოიწვია. საკრებულოს დეპუტატი ირმა ამბარდნიშვილის თქმით, ავტომანქანა და მძღოლი მერის ახალი მოადგილისთვის უნდათ.

“სად გაგონილა სამსახურის უფროსს მძღოლი აუყვანოთ, სამსახურს უნდა გადასცეთ მანქანა. ჯერ მანქანა არ გადაუციათ და მძღოლი აჰყავთ, აცალეთ გადასცენ მანქანები და თვითონაც მართავენ ამ სამსახურის თანამშრომლები. რა ინფრასტრუქტურის სამსახური, ეს მძღოლი და მანქანა მერის ახალგამომცხვარი მოადგილისთვის გინდათ და ხალხს რატომ ატყუებთ?“, - თქვა ირმა ამბარდნიშვილმა.

ამბარდნიშვილს სიტყვიერად ფრაქცია ქართული ოცნების თავმჯდომარე მიშა გოგინაშვილი დაუპირისპირდა.

“ვინ არის გამომცხვარი? დასანიშნი იყო და დაინიშნა. ნუ იცი ხოლმე ყველაფრის გაკრიტიკება და რაღაცა სისულელეებს ნუ ისვრი, გაჩუმდი და ნუ ჩაირთვები ხოლმე“, - ამბობს მიშა გოგინაშვილმა.

საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე მარლენ ნადირაძე მიიჩნევს, რომ მძღოლის ხელშეკრულებით აყვანა საჭიროა, უბრალოდ რაოდენობის განსაზღვრაა საჭირო.

“საჭესთან თანამშრომელი არ უნდა იჯდეს, მას უნდა ემსახურებოდეს მძღოლი. მძღოლის ფუნქცია მხოლოდ საჭის ტრიალი არ არის, მან უნდა უზრუნველყოს ავტომობილის სისუფთავე, წესრიგი, დაზიანება თუ აქვს. სად უნდა მიიყვანოს და ასე შემდეგ. მძღოლი საჭიროა, უბრალოდ ჩვენ უნდა განვსაზღვროთ ძველ ავტომობილებს ვინ ემსახურებოდა, ორი ჭირდებათ თუ მეტი. სამსახურის სპეციალისტი არ უნდა იჯდეს საჭესთან“, - აღნიშნა მარლენ ნადირაძემ.

ამავე თემაზე: გორის მერიას 4 ახალი ავტომობილის შეძენა სურს

ამავე თემაზე: გორის მერია ორი თანამშრომლის აყვანას გეგმავს

კომისიის წევრების უმრავლესობამ საკითხი დადებითად შეაფასა. ისინი მერიის თხოვნას კენჭს მომდევნო საკრებულოს სხდომაზე უყრიან.

პუბლიკაცია მომზადდა ევროპის ფონდის მხარდაჭერით, შვედეთის საერთაშორისო განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოს დაფინანსებით. მის შინაარსზე პასუხისმგებელნი არიან ავტორები. პუბლიკაციაში გამოთქმული ყველა მოსაზრება, შესაძლოა, არ ემთხვეოდეს ევროპის ფონდისა და შვედეთის საერთაშორისო განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოს ოფიციალურ პოზიციებს.

ადგილი შენი რეკლამისთვის

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

studia-re

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

ნიმდი