ატენი - სოფელი, რომელსაც განვითარების დიდი პოტენციალი აქვს

აგვისტო 13 2019 font size decrease font size increase font size
Rate this item
(0 votes)

ავტორი: ნინი ყველაშვილი

ერთ-ერთი ადგილი, რომელიც გორის მუნიციპალიტეტში საკუთარი ტურისტული პოტენციალით გამოირჩევა, ატენის ხეობაა.

სოფელი ატენი გორიდან 10 კილომეტრში, მდინარე ტანას სანაპიროზე მდებარეობს.

საკუთარი სოფლის პოტენციალს იაზრებენ ის ადამიანები, რომლებიც ატენში ცხოვრობენ და გული სწყდებათ, რომ მათ გარშემო არსებული რესურსები ათვისებული არ არის.

“ატენის სიონი, დედათა მონასტერი, ატენასი, დანახვისი - უამრავი რამ არის აქ სანახავი. მშვენიერ ბუნებას რომ თავი დავანებოთ, აქაურობა ისტორიული ძეგლებითად მდიდარი და გამორჩეულია”, - ამბობს ერთ-ერთი ადგილობრივი და საკუთარ სოფელზე ერთ ისტორიულ ცნობასაც გვახსენებს.

 

“ომის დაწყებას დანახვისზე, ჩირაღდნების დანთებით აგებინებდნენ მთელ შიდა ქართლს. ანთებული ჩირაღდნების დანახვისას, ყველა ხვდებოდა, რომ ომი იწყებოდა და მზადებას იწყებდნენ”.

ისტორიული ცნობით, ატენი ერთ დროს ქალაქად იწოდებოდა. ის მეფე ბაგრატ IV-ის ბრძანებით XI საუკუნის შუაწლებში. ატენსა და ატენის ხეობაზე გამავალ გზებს იცავდა და სამეფო ხელისუფლების მტკიცე დასაყრდენი იყო ატენის და ვერეს ციხეები, დეკციხე და სხვა. XIII-XVII საუკუნეებში ატენი მნიშვნელოვან ქალაქად რჩებოდა, მაგრამ დაღესტნელი ფეოდალების განუწეყვეტელი თავდასხმების შედეგად XVIII საუკუნისათვის დაკნინდა და სოფლად იქცა.

ამჟამად, სოფელი მჭიდროდ დასახლებულია. ადგილობრივები ფიქრობენ, რომ ტურიზმის განვითარების შემთხვევაში, ატენის მრავალფეროვან ბუნებაში რამდენიმე დღის გატარების სურვილი ბევრ ადამიანს გაუჩნდება. 

“აქ არის შერეული ტყეები. გარდა იმისა, რასაც უშუალოდ ატენში ნახავენ, წავლენ აქვე ახლოს მდებარე წედისის ციხეზე, ბიისის გოგირდოვან წლებზე და ითევზავებენ მდინარე ტანაზე. ეს ყველაფერი ძალიან მიმზიდველი შეიძლება აღმოჩნდეს ტურისტებისთვის და მომგებია ქვეყნისთვის”.

ატენის ხეობაში არსებულ ტურისტულ პოტენციალზე ჩვენ ა(ა)იპ გორის მუნიციპალიტეტის კულტურისა და ტურიზმის განვითარების ხელშეწყობის სააგენტოს ტურიზმის განყოფილების უფროსსაც ვესაუბრეთ. რობერტ მაღლაკელიძე ატენის ციხის განვითარების გეგმაზე გვესაუბრა.

“გეგმაში გვაქვს ატენის ციხის 3D ფორმატში პროექტის გაკეთება. იქ ახლა ძალიან ძნელია ასვლა, გვინდა გზა და დასასვენებელი ადგილები გაკეთდეს. ციხეს რესტავრაცია ესაჭიროება და ამ რესტავრირებულ ციხეში გვინდა მოეწყოს ატენის როგორც ყოფილი ქალაქის გაცოცხლება“, - თქვა რობერტ მღლაკელიძემ

ტურიზმის განყოფილება აბრეშუმის გზის ფესტივალის ჩატარებასაც გეგმავს. 

“ჩაფიქრებული მაქვს, რომ საერთაშორისო ფესტივალი ჩატარდეს ტანას და ატენის ხეობაში, და მას დაერქვას “აბრეშუმის გზა ისტორიული ხეობიდან უფლისციხემდე“. როგორც ვიცით, ქარავნები უფლისციხეში ჩერდებოდნენ. წარმოიდგინეთ, რა ლამაზი სანახავი იქნება როგორ დადიან ქარავნები, რა ხდებოდა იმ დროს ხეობაში. ეს ყველაფერი ვიზუალურად იქნება ძალიან ლამაზი. ეს პროექტი დააინტერესებს არა მხოლოდ უცხოელ ტურისტს, არამედ შიდა ტურიზმსაც შეუწყობს ხელს”, - ამბობს რობერტ მაღლაკელიძე.

ადგილობრივი ხელისუფლება ბიისის ჩანჩქერის და მისი მიმდებარე ტერიტორიის, ტურისტული თვალსაზრისით, განვითარებაზეც მუშაობს.

"ბიისის თბილი წყლებიც მინდა, რომ განვითარდეს და დაინტერესდეს ინვესტორი. ამ საკითხზე პირადად მქონდა "ჯინო ფერედაისის" ხელმძღვანელთან შეხვედრა და შევთავაზე ამ წყლებით დაინტერესება. ჩემი დიდი სურვილია ატენის ხეობა მნიშვნელოვან ტურისტულ ცენტრად იქცეს", - გვითხრა ტურიზმის განყოფილების ხელმძღვანელმა.

ადგილობრივები ფიქრობენ, რომ ამ გეგმების განხორციელების შემდეგ, ატენის ყოველდღიურობა მნიშვნელოვლად შეიცვლება - იმატებს მაღაზიების, საოჯახო სასტუმროების, კვების ობიექტების რაოდენობა, რაც ატენელების ცხოვრების ხარისხსს მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს.

მასალა მომზადდა პროექტის "გორელი ახალგაზრდა მოქალაქე ჟურნალისტები დემოკრატიისთვის" ფარგლებში. პროექტს რადიო "მოზაიკა" გორის მუნიციპალიტეტის მერიის თანადაფინანსებით ახორციელებს. 

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

studia-re

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

ნიმდი