გორი - (არა)სტუდენტური ქალაქი

აგვისტო 12 2019 font size decrease font size increase font size
Rate this item
(0 votes)

ავტორი: მედეა პავლიაშვილი

გორელი ახალგაზრდების უმეტესობა ცხოვრების ყველაზე მნიშნვნელოვან ეტაპზე, უმაღლესი განათლების მისაღებად, დედაქალაქში მიდის. მათი უმრავლესობა გორში აღარც უნივერსიტეტის დამთავრების შემდეგ ბრუნდება.

ახალგაზრდების ნაწილი ფიქრობს, რომ გორი არ არის სტუდენტური ქალაქი - ის ახალგაზრდებს ვერც საჭირო განათლების სასურველი ხარისხით მიღების და ვერც დასაქმების და პიროვნული განვითარების შანსს აძლევს. 

"რატომ ჩავაბარე თბილისში? პირველი ის, რომ ჩემთვის სასურველი და საინტერესო ფაკულტეტი გორში არ ისწავლება. მეორე მიზეზი არის ის, რომ სხვა ქალაქებთან შედარებით, დასაქმებისა და კარიერული წინსვლისთვის მეტი შანსი დედაქალაქშია”, - ამბობს მარიამი.

სწავლის თბილისში გაგრძელება პირდაპირ კავშირშია ფინანსებთან. ამის გათვალისწინებით, ახალგაზრდების ნაწილი სასურველ უნივერსიტეტში სწავლას, საცხოვრებელი ადგილის შეცვლის გარეშე, აპირებს. ერთ-ერთი ასეთი ლიკაა. 

"არ ვცხოვრობ დედაქალაქში და კვირაში რამდენიმეჯერ მიწევს უნივერსიტეტისთვის გორიდან თბილისში სიარული. რა თქმა უნდა, ეს რთულია, დამღლელი, მგზავრობაში დიდი დრო მეკარგება, მაგრამ, ვფიქრობ რომ ისეთი ხარისხიანი განათლებისა და საინტერესო სტუდენტური წლების გამო, როგორსაც ილიაუნი მთავაზობს, მიღირს ამ ენერგიის და დროის დახარჯვა".

ახალგაზრდების ნაწილი, სკოლის დამთავრების შემდეგ, გორს ახალი შესაძლებლობების პოვნის მიზნითაც ტოვებს. ისინი ფიქრობენ, რომ თბილისი უკეთესს განათლებასთან ერთად, მათ ახალი ემოციების და თავგადასავლების ქონის შესაძლებლობასაც აძლევს. 

“გორში გასართობი ადგილების დეფიციტია. საბოლოოდ, კი ამ ყველაფერს ცუდი გავლენა აქვს ქალაქზე, რადგან ახალგაზრდები მიდიან სხვაგან და ქალაქი თითქმის ცარიელია.“

სტუდენტური სამუშაოების და გასართობი ადგილების დეფიციტის მიუხედავად, ახალგაზრდების ნაწილი გააზრებულ არჩევანს მაინც გორის უნივერსიტეტზე აკეთებს. ერთ-ერთი ასეთი დიანაა. მისი თქმით, გორის უნივერსიტეტი ახალგაზრდებს, სტუდენტური წლების საკუთარი საჭიროებების და ინტერესების შესაბამისად, გატარებაში ეხმარებათ. 

"სწავლა 10 საათზე იწყება და შუადღით 3-ზე მთავრდება. ასევე აღსანიშნავია ისიც, რომ უნივერსიტეტში ტარდება უამრავი სამეცნიერო კონფერენციები, რაც სტუდენტს ეხმარება მისი შესაძლებლობების მაქსიმალურად გამოვლენაში. უნივერსიტეტში მოქმედებს უამრავი წრეებიც, მანსაკანი, უნივერსიტეტის თვითმართველობა. ასევე, მინდა აღვნიშნო ისიც, რომ უნივერსიტეტი ყოველ სემესტრში უამრავ სტიპენდიას სცემს, როგორც ფულად ასევე სწავლის გაგრძელებას უცხოეთში, პირადად მე ყოველი სემესტრი ფრიადებზე მაქვს დახურული, და მაშასადამე ვიღებ უნივერსიტეტის სტიპენდიასაც", - ამბობს დიანა. 

მასალა მომზადდა პროექტის "გორელი ახალგაზრდა მოქალაქე ჟურნალისტები დემოკრატიისთვის" ფარგლებში. პროექტს რადიო "მოზაიკა" გორის მუნიციპალიტეტის მერიის თანადაფინანსებით ახორციელებს. 

ადგილი შენი რეკლამისთვის

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

studia-re

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

ნიმდი