ხვალინდელი დღის შიში - გუგუტიანთკარელების ცხოვრების ნაწილი

აგვისტო 09 2019 font size decrease font size increase font size
Rate this item
(0 votes)
2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის 11 წლისთავი რუსულმა მხარემ სოფელ გუგუტიანთკარს განსაკუთრებულად "მიულოცა" - 7 აგვისტოს რუსმა ოკუპანტებმა ერთ-ერთ საცხოვრებელ სახლთან ახალი ძელები დადგეს.
"2019 წლის 7 აგვისტოს გორის მუნიციპალიტეტის სოფელ გუგუტიანთკარის სიახლოვეს საოკუპაციო ძალების მხრიდან განახლდა ხელოვნური ბარიერების აღმართვის უკანონო პროცესი", - ასეთი შინაარსის განცხადება გაავრცელა საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ 1 დღის დაგვიანებით, მას შემდეგ, რაც ადგილზე ჟურნალისტები და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლები ჩავიდნენ.
„ამ ეტაპზე არანაირი დამატებითი სამუშაოები არ მიმდინარეობს, თუმცა ეპიზოდს, რომელიც ე.წ. ბორდერიზაციასა და ბარიკადების მშენებლობას უკავშირდებოდა, ადგილი ჰქონდა 7 აგვისტოს და საქართველოს ხელისუფლების შესაბამისმა ორგანოებმა მყისიერადვე, 7 აგვისტოს შუადღეს ცხელი ხაზი რამდენჯერმე გააქტიურეს. 7 აგვისტოსვე იყო საგარეო უწყების კომუნიკაცია ჩვენს პარტნიორებთან და ალბათ იმასაც მიხვდებით, რომ ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადებაში უშუალოდ გუგუტიანთკარის ეპიზოდი შემთხვევით არ მოხვდებოდა და ამას გარკვეული მუშაობა უძღოდა წინ“, - აცხადებს მინისტრი შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში, ფაქტიდან 2 დღის შემდეგ.
გუგუტიანთკარის მოსახლეობას ოფიციალური განცხადებები ვერ ამშვიდებს. ადგილობრივები ამბობენ, რომ სოფელი დაცლის საშიშროების პირასაა.
"ჩვენ ომი ვნახეთ და მივეჩვიეთ კიდეც, მუდმივ შიშში ცხოვრებას, მაგრამ ახალგაზრდა თაობებმა რა დააშავეს, მათ არ უნდა უწევდეთ ასეთ რეჟიმში ცხოვრება. თუ ასე გაგრძელდა, სოფელი დაცლის საშიშროების პირას დადგება", - ამბობს გუგუტიანთკარის ერთ-ერთი მაცხოვრებელი.
როგორც გუგუტიანთკარელები გვიყვებიან, მათ უკვე დიდი ხანია თვალი გაუსწორეს ამ პრობლემას. იმედიც ნაკლებად აქვთ, რომ რაიმე უკეთესობისკენ შეიცვლება.
"ახლა იმის შიში გვაქვს, რომ თუ ეს ე.წ ბორდერიზაცია გაგრძელდა, აქვე ამ სახლებთან არის წყლის ავზი, რომელსაც სოფლის დიდი ნაწილი იყენებს ნაკვეთების მოსარწყავად, ღმერთმა არ ქნას, რომ აქამდე მოაღწიოს რუსულმა ძელებმა", - ამბობენ ისინი.
ოკუპანტებმა ლითონის ბოძები გუგუტიშვილების დამწვარი სახლის ეზოში დაამონტაჟეს.

 

 

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

studia-re

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

ნიმდი