კომენტარების წაშლით პროტესტს ვერ გააქრობ- შეფასებებები გორის მერიის რეაქციაზე

აგვისტო 07 2019 font size decrease font size increase font size
Rate this item
(0 votes)
გორის მუნიციპალიტეტის მერიის ფეისბუქის გვერდზე კრიტიკული შინაარსის კომენტარები კეთილმოწყობის სააგენტოსთვის შეძენილი რუსული წარმოების სპეცტექნიკის შეძენას მოჰყვა. მოსახლეობის ნაწილმა გორის მერია რუსული პროდუქციის პოპულარიზაციაში დაადანაშაულა. რამდენიმე საათში გორის მერიის ტექნიკურმა ჯგუფმა პოსტის ქვემოთ დაწერილი ყველა კომენტარი წაშალა.
აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით, საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის გორის ოფისის ხელმძღვანელი აცხადებს, რომ კომენტარების წაშლა გამოსავალი არ არის. ქეთი ბებიაშვილის თქმით, ნებისმიერ ადამიანს აქვს გამოხატვის თავისუფლება.
„არ უნდა წაშლილიყო ეს კომენტარები. თუ ტექსტი შეიცავდა მუქარას ან ძალადობისკენ მოწოდებას, შესაძლებელი არის, რომ ამასთან დაკავშირებით, მერიას რეაგირება მოეხდინა და მიემართა სამართალდამცავი ორგანოებისთვის. კომენტარების წაშლა არცერთ შემთხვევაში იყო გამართლებული, ნებისმიერ ადამიანს აქვს გამოხატვის თავისუფლება! აზრი არის დაცული აბსოლუტური პრივილეგიით, შესაბამისად, მოქალაქეს აქვს უფლება გამოხატოს თავისი მოსაზრება, მთავარია, რომ არ იყოს დისკრიმინაციული, ძალადობისა და მუქარის შემცველი“, - ამბობს ქეთი ბებიაშვილი.
გორის მერიის ფეისბუქის გვერდიდან კრიტიკული კომენტარების წაშლას გამოეხმაურა ჟურნალისტი ლადო ბიჭაშვილიც. მისი აზრით, გორის მერიამ მორალური პრინციპებთან ერთად, კანონიც დაარღვია.
„უზენეაესი სასამართლოს გადაწყვეტილებაა, რომ თუკი ადმინისტრაციული/საბიუჯეტო ორგანო სოციალურ ქსელში მოქალაქის კომენტარს წაშლის/შეზღუდავს, ეს ჩაითვლება გამოხატვის თავისუფლების დარღვევად. გორის მუნიციპალიტეტის მერია ეს დღეები რომ შლიდა მოქალაქეების კომენტარებს საჯარო გვერდიდან მხოლოდ მორალურს კი არა უკვე დაწერილ კანონსაც არღვევდა“, - აცხადებს ლადო ბიჭაშვილი.
გორელი სამოქალაქი აქტივისტის ნიკა წიქარიძის აზრით, მერიამ ამ საქციელით მოქალაქეთა კრიტიკული განწყობები გააღვივა.
„ისინი ცდილობენ გააქრონ, გამოკეტონ ის შეხედულებები და თქვან ,რომ არ არსებობს რეალურად, რაც ვფიქრობ, სისუსტის ნიშანია. მათ როგორც ჩანს არ ესმით, რომ ისინი არიან საჯარო მმართველები. კრიტიკას ვერ გააქრობ, ამ საქციელით აღრმავებ კრიტიკულ განწყობებს, რადგან შენ უგულებელყოფ იმ საზოგადოებას, რომელსაც ემსახურები. რა უნდა მოვთხოვოთ ადგილობრივ ხელისუფლებას, როდესაც ცენტრალურ ხელისუფლებასაც ახასიათებს იგივე კრიტიკული აზრის მიმართ“, - ამბობს ნიკა წიქარიძე.
ინფორმაციისთვის, სპეცტენიკა, რომელიც გორის მერიამ ქალაქის დასუფთავებისთვის შეიძინა, რუსული წარმოებისაა.შპს "სტრადასგან" აღნიშნული ტექნიკის შესაძენად მერიამ ბიუჯეტიდან 710 994 ლარი დახარჯა.

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

studia-re

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

ნიმდი