სკოლა, რომელიც ჩამორჩა პროგრესს 

აგვისტო 06 2019 font size decrease font size increase font size
Rate this item
(0 votes)

ავტორი: მზიკო საათაშვილი

სკოლა, რომელიც ჩამორჩა პროგრესს - ასე აღიქვამენ სვენეთის საჯარო სკოლის მოსწავლეები სივრცეს, სადაც განათლებას იღებენ.

გორის მუნიციპალიტეტის სოფელ სვენეთის საჯარო სკოლა 1989 წელს აშენდა. სამსართულიან შენობაში განათლებას 205 მოსწავლე იღებს. მათ უმრავლესობას არ ახსოვს, საკლასო ოთახებში ელექტრო ენერგია ბოლოს როდის იყო.

მოსწავლეებს სასკოლო ცხოვრების გამრავლფეროვნებაში ხელს თითქმის არაფერი უწყობთ - მოძველებული ტექნიკის გამო ხშირად ღონისძიებებიც ჩაშლილა.

"ყველაზე დიდ პრობლემად მიმაჩნია მოძველებული ტექნიკა, ხშირად ჩაგვშლია ღონისძიება გაუმართავი კომპიუტერის გამო. ასეთი გარემო კი ბავშვებს ხელს გვიშლის განვვითარდეთ და მივიღოთ შესაფერისი ცოდნა“, - ამბობს მარიამ საათაშვილი.

 

წლების განმავლობაში, სკოლას ჩაუტარდა პატარ-პატარა სარემონტო სამუშაოები. მაგალითად, 2011 წელს გარემონტდა მხოლოდ პირველი სართულის დერეფანი, 2012-2013 წლებში გამოიცვალა ფანჯრები და სახურავი, ასევე დამონტაჟდა ცენტრალური გათბობა, თუმცა კაპიტალური რემონტი შენობას არ ჩატარებია.

შედეგად, დერეფნებში იატაკი აყრილია და საკლასო ოთახის კედლები გასარემონტებელია.

"ბავშვები ყველანაირად ვცდილობთ ხოლმე ჩვენი ნამუშევრებით და ნახატებით დავფაროთ ჩვენი კლასის კედლები, სადაც ბევრი ხვრელები და წარწერებია“, - ამბობენ სკოლის დაწყებითი კლასის მოსწავლეები და იმედოვნებენ.

 მოსწავლეებს სკოლის შენობაში არ აქვთ საპირფარეშო. ბოლომდე არც წყლის პრობლემაა მოგვარებული, რის გამოც, სანიტარული ნორმების დაცვა სკოლას უჭირს.

"საპირფარეშოები ღია ცის ქვეშაა. წყალიც ხან არის და ხან - არა. ამჟამად, არც ბუფეტი გვაქვს", - ამბობენ მოსწავლეები.

პრობლემები სკოლის შენობაში შესვლამდეც თვალსაჩინოა - ეზოში არ არის გამწვანება, არ არსებობს სპორტული ან გამაჯანსაღებელი ინფრასტრუქტურა. აქ ვერც სკამებს შეხვდებით. მეტიც, სკოლის ღობეც კი დაზიანებულია.

"მიუხედავად დიდი ტერიტორიისა და ტერიტორიულად კარგი მდებარეობისა, იგი აუთვისებელია", - ამბობენ მოსწავლეები.

 

მოსწავლეებთან ერთად, ამ პრობლემებზე სკოლის დირექტორის მოვალეობის შემსრულებელიც საუბრობს.

"ჩვენმა სკოლამ სცადა დაერგო სხვადასხვა სახის ხეები თუ ყვავილები, თუმცა შეუსაბამო ღობის გამო, ხშირად ხდებოდა მათი მოპარვა ან პირუტყვის მიერ მათი გაფუჭება. ჩვენ ვეცადეთ ღობის შეკეთებას, თუმცა დიდი ტერიტორიის გამო ჩვენი ბიუჯეტი ამას ვერ გასწვდა“, - ამბობს ელენე საათაშვილი.

მისი თქმით, მიმდინარე წელს მათ სკოლაში რაღაცები უკეთესობისკენ შეიცვლება. მაგალითად, მოგვარდება ელექტროენერგიის პრობლემა.

 

მასალა მომზადდა პროექტის "გორელი ახალგაზრდა მოქალაქე ჟურნალისტები დემოკრატიისთვის" ფარგლებში. პროექტს რადიო "მოზაიკა" გორის მუნიციპალიტეტის მერიის თანადაფინანსებით ახორციელებს. 

 

 

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

studia-re

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

ნიმდი