5 ქალი გორის მუნიციპალიტეტიდან - ისინი რეალობას ცვლიან

ივლისი 08 2019 font size decrease font size increase font size
Rate this item
(0 votes)

არიან ქალები, რომლებიც საკუთარ თავში ნაპოვნი ძალით, სხვების ცხოვრებასაც ცვლიან.

მეუღლის გარდაცვალების შემდეგ, მაზლისგან ძალადობის მსხვერპლი გავხდი, - ასე იწყებს საკუთარ აქტივიზმზე საუბარს მაია აწკარუნაშვილი. ის გორის მუნიციპალიტეტის სოფელ კარალეთში ცხოვრობს და უკვე წლებია, ქალთა უფლებრივი მდგომარეობის გაუმჯობესებისთვის იბრძვის.  ამბობს, რომ ამ ბრძოლაში ჩართვის მიზეზი 10 წლის წინ მომხდარი ამბავი გახდა - ის არასრულწლოვან შვილთან ერთად ღია ცის ქვეშ დარჩენის საფრთხის წინაშე აღმოჩნდა.

ჰ მაია აწკარუნაშვილი არიან ქალები

ფოტოზეა მაია აწკარუნაშვილი

„ჩემი ქმრის გარდაცვალების შემდეგ, მაზლი მაიძულებდა სახლი დამეტოვებინა შვილთან ერთად, ამბობდა, რომ მამამისზე იყო სახლი და წილი არ გვეკუთვნოდა. სწორედ ამ ვითარებამ მიბიძგა რომ დამეწყო ბრძოლა, ბრძოლა ჩემი და ჩემი შვილის უფლებების დასაცავად. პირველი რაც გავაკეთე, იყო ტრენინგებზე, შეხვედრებზე დასწრება, სადაც იკრიბებოდნენ უფლებადამცველები, იურისტები, ფსიქოლოგები, ვისწავლე კანონები, ჩემი, როგორც - ქალის და ჩემი შვილის, როგორც - ბავშვის უფლებები. თუ ადრე მე მჭირდებოდა რჩევა-დარიგებები და კანონების შესწავლა, ახლა მე ვურჩევ სხვებს. როცა ვიგებ, რომ რომელიმე ქალის უფლება ირღვევა, ვინმეს ჩაგრავენ მგრძნობელობა, ვფიქრობ, უფრო მეტი მაქვს და ვცდილობ, მაქსიმალური ინფორმაცია მივაწოდო, როგორც ჩვენი ორგანიზაციის ფარგლებში, ისე პიროვნულადაც. ბრძოლას უკეთესი ცვლილებებისთვის ყოველთვის მოაქვს შედეგი. ახლა ვაკეთებ ჩემ საყვარელ საქმეს და ვეხმარები სხვებსაც, იცოდნენ საკუთარი უფლებები".

ცხოვრების შეცვლა დაოჯახების შემდეგ გადაწყვიტა ახალსოფელში მცხოვრებმა ნატალია შატაკიშვილმა. ის არასრუწლოვანი იყო, როცა დაოჯახდა. თანმდევმა მოვლენებმა კი, მის მთავარ მოვალეობად ოჯახზე ზრუნვა აქცია. ამბობს, რომ ადრეულ ასაკში დაოჯახებამ და შვილების ყოლამ, მისი ცხოვრება ერთფეროვანი გახადა, რასთან შეგუებაც არ ისურვა. მან საკუთარ თავში პიროვნული განვითარებისთვის საჭირო ძალები მოძებნა და დღეს უკვე მას, ოჯახთან ერთად, სამი სამსახური აქვს.

„17 წლის ასაკში გავთხოვდი. რა თქმა უნდა, საშუალოს გარდა განათლება ვერ მივიღე. მიუხედავად იმისა, რომ შვილები ყველაზე დიდი სიმდიდრე იყო, თითქოს ცხოვრება გამიუფერულდა, ინტერესი მეკარგებოდა, თავს ოჯახის მონად ვთვლიდი. დავკარგე ჩემი თავის ფასი, ცხოვრება ვითარდებოდა, მე კიდევ სახლში ჩაკეტილი ყოველდღე ერთიდაიგივეთი, ერთ ადგილს ვტკეპნიდი. გადავწყვიტე, ცხოვრება შემეცვალა, ბავშვებიც ცოტა მოიზარდნენ, ბაღში მივიყვანე და სწვლა დავიწყე, გავიარე ბუღალტერიის კურსები და მუშაობა საჯარო სამსახურში დავიწყე. მეტი ინტერესი გამიჩნდა განათლების, წარმატების, წინსვლის. ასევე, საღამოს საათებში მეორე სამსახურში აფთიაქში დავიწყე მუშაობა და მესამე პროფესიაც კოსმეტოლოგია შევისწავლე. ამით იმის თქმა მინდა, რომ მეტად ბრძოლის უნარიანი გავხდი, ქალმა აუცილებლად უნდა იმუშაოს, რათა არ გახდეს სხვაზე დამოკიდებული“.

ჰ მანანა თვაური არიან ქალები

ფოტოზეა მანანა თვაური


უკეთესი ცვლილებებისთვის საკუთარ თემში, წლებია, მუშაობს სოფელ ნაწრეტში მცხოვრები მანანა თვაური. ის, ამჟამად, შავშვების ადმინისტრაციული ერთეულის თანამშრომელია და საკუთარი თემის განვითარებისთვის, სხვადასხვა პროექტებს ახორციელებს. სწამს, რომ ქალების ჩართულობა საზოგადოებრივ-პოლიტიკურ საქმიანობაში პრინციპულად მნიშვნელოვანია. 

„ვფიქრობ, რომ ქალი აუცილებლად უნდა იყოს ჩართული მუდმივ საზოგადოებრივ ცხოვრებაში. ადამიანის შესაძლებლობებს არ აქვს საზღვარი. 2013 წლიდან საკუთარ თავთან ბევრს ვმუშაობ. ძალიან ბევრი რამ გავაკეთე, თითქმის სულ არასამთავრობოების დახმარებით. ეს იყო წითელი ჯვრის კომიტეტი, ასევე წითელი ჯვრის საზოგადოება, UშAID. ასევე, თანადაფინანსებებს ვიყენებდი. ერთადერთი მიზანი მქონდა, რაც შეიძლება მეტი გამეკეთებინა. მინდოდა ჩემი შესაძლებლობები გამომეცადა. აქტიურად ვიყავი ჩართული და ვცდილობ, ისევ გავარგრძელო სხვადასხვა საინტერესო პროექტებში მონაწილეობა, რაც ჩვენს თემში ხორციელდება. მტკიცედ ვარ დარწმუნებული, რომ შეუძლებელი არაფერია. მთავარია, სურვილი და რწმენა“.

ჰ გალინა არიან ქალები

ფოტოზეა გალინა ქელეხსაევა

შეუძლებელი რომ არაფერია, ამის დიდი ლიახვის ხეობიდან დევნილ გალინა ქელეხსაევასაც სწამს. მან 2008 წელს სოფელი ქემერტი ოჯახის წევრებთან ერთად დატოვა და წლების განმავლობაში, შეგროვებული დოვლათი ერთ დღეში დაკარგა. მიუხედავად განვითარებული მოვლენებისა და მძიმე ყოფისა, დევნილთა დასახლებაში იყო ერთ-ერთი პირველი ქალი, რომელმაც სხვებს ცხოვრების თავიდან დაწყების მაგალითი მისცა. იმ დროს, როდესაც დევნილთა დასახლებებში დონორებმა სათემო ორგანიზაციების და დევნილთა იდეების მხარდაჭერა დაიწყეს, გალინა ქელეხსაევამ სკების მომარაგება, ფუტკრების მოშენება და თაფლის წარმოება გადაწყვიტა. თაფლით ამარაგებდა როგორც მეზობელ ადგილნაცვალ პირებს, ისე სხვა ჩასახლებებსაც. სხვადასხვა პროექტში გაგრძელებული საქმიანობის შედეგად, ახლა ის შავშვების საბავშვო ბაღის დირექტორია.

„ყველამ დიდი სტრესი გამოვიარეთ. ამ სიტუაციაში ყოფნა აღარ შეიძლებოდა, ვაით და მოთქმით საქმეს არ ეშველებოდა. მივხვდი, რომ საჭირო იყო მოქმედება. ძალა ვიპოვე საკუთარ თავში, რომ ასაკის და მდგომარეობის მიუხედავად ჩავრთულიყავი სხვადასხვა საქმეებში და ოჯახსა და საზოგადოებაზე ზრუნვა სწორედ ჩემი საქმიანობით დამეწყო. ვერ გეტყვით, რამდენ ტრენინგს დავესწარი ამ დრომდე, რამდენ პროექტში ვიყავი ჩართული, რამდენ შეხვედრაზე მიმიწვიეს და რამდენ დისკუსიაში ვისაუბრე ჩემ ხედვაზე ქართულ-ოსური ურთიერთობის აღდგენის მიმართულებით. ამჟამად, შავშვების საბავშვო ბაღში ვმუშაობ, მიხარია, რომ ამ ჩასახლებაში მცხოვრები ბავშვების სკოლამდელი განათლების მიღებაში მონაწილეობას მეც ვიღებ. ახალ თაობასთან მუშაობა განსაკუთრებით დევნილებში, ვფიქრობ, ძალიან მნიშვნელოვანია“.

ჰ ვენერა ბებო არიან ქალები

ფოტოზეა ვენერა ედიშერაშვილი

რესპოდენტებს შორის ყველაზე უფროსი ვენერა ედიშერაშვილია. 85 წლის მოხუცს სოფელ დიცში ჟურნალისტები და სხვადასხვა სამთავრობო თუ არასამთავრობო ორგანიზაციები ძირითადად ოკუპაციის თემაზე აკითხავენ. ის შვილთან, ილია ბერუაშვილთან ერთად ცხოვრობს - ისინი ავტომატიანი და ნიღბიანი რუსი ოკუპანტებისგან საკუთარ მიწის ნაკვეთებს შეუიარაღებლები იცავენ. ვენერა ედიშერაშვილი ამბობს, რომ ბრძოლა ცხოვრებამ ასწავლა და 2008 წლის საომარი მოქმედებების დროს, რომ ტერიტორია არ დაუტოვებია, ესეც ამ ბრძოლის ნაწილია.

„ქმარი მომიკვდა ამ კონფლიქტებში, მერე ჩემი მეორე ვაჟი გაიტაცეს და მომიკლეს. ჩემ ცხოვრებას სხვა რაღა აზრი ჰქონდა თუ არა უფრო მეტი ტკივილის შეჩერება?! ცხოვრებამ მასწავლა ბრძოლა, პრინციპი. მაინც არ დავეცი, აგერ გადახედეთ, ეტყობა ჩემ სახლს რომ 2-3- მეტრში რუსი ჯარისკაცები დგანან და ყოველდღე გვითვალტვალებენ?! ათეულობით სული ფრინველი მყავს, მოგვყავს მოსავალი მე და ჩემ შვილს. არცერთ მტკაველ მიწას არავის დავუთმობ. ეს ჩვენი კარმიდამოა, სიმწრით და ტანჯვით დღემდე გადარჩენილი სახლ-კარი. 2008 წელს რუსებს პირისპირ შევხვდი, ამხელა ქალი გამომიყვანეს და გარეთ გამათევინეს ღამე, თვითონ კი შევიდნენ სახლში და რაც მოეწონათ, აკრიფეს და წაიღეს, ინდაურები ცოცხლად გაპუტეს და წაიღეს. ომი იყო, მაგრამ გადავრჩით და ვაგრძელებთ ცხოვრებას ისევ იგივე შემართებით, რომ ბოლომდე აქ ვიქნები ჩემი მიწა-წყლის გადასარჩენად".

ქალები, რომლებსაც რადიო „მოზაიკა“ ესაუბრა, განსხვავებულ ისტორიებს ყვებიან, თუმცა ყველა მათგანს ერთი საერთო მახასიათებელი აქვს - ამ ქალებმა რეალობის შეცვლის, უკეთესი მომავლისთვის ბრძოლის მაგალითები შექმნეს.

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

studia-re

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

ნიმდი