უნდა დაერქვას თუ არა გორში ქუჩას მოკლული 9 წლის გოგონას სახელი?

ივლისი 03 2019 font size decrease font size increase font size
Rate this item
(0 votes)

გორში ერთ-ერთ ქუჩას, შესაძლოა სასტიკად მოკლული 9 წლის გოგონას სახელი დაარქვან. ინიციატივა, რომელიც უკვე საკრებულოს დღის წესრიგში დგას, საზოგადოების ერთი ნაწილისთვის მიუღებელია.

ეს საკითხი დავის საგანი გახდა კომისიის ერთ-ერთ სხდომაზეც - საკრებულოს დამოუკიდებელი დეპუტატის აზრით, აღნიშნული ინიციატივა გაეროს კონვენციის მიხედვით ბავშვთა უფლებების დარღვევაა.

“არ შეიძლება დაიდგას ძეგლი, ეწოდოს ქუჩას სახელი, იმ შემთხვევაში, თუკი ხდება ბავშვთა ძალადობა, სექსუალური ძალადობა, წამება - ეს წერია ბავშვთა კონვენციაში, რომელზეც საქართველოს აქვს ხელი მოწერილი“, - განაცხადა ირმა ამბარდნიშვილმა.

მის კომენტარს ფრაქცია ქართული ოცნება დემოკრატიული საქართველოს თავმჯდომარემ მიშა გოგინაშვილიმა უპასუხა და დეპუტატს ამ მოსაზრების დამადასტურებელი დოკუმენტის წარდგენა მოსთხოვა.

“ეს ინიციატივა თვითონ მოსახლეობამ შემოიტანა, იქ მშობლებიც არიან. ეს არის ბავშვის სახელი. ეს გამოხატავს იმას, რომ ძალადობა დაუშვებელია და ხალხს ახსოვდეს. მომიტანე გაეროს ის მუხლი, სადაც წერია, რომ არ შეიძლება და მხარს დაგიჭერ“, - აღნიშნა მიშა გოგინაშვილმა.

რადიო “მოზაიკა” ამ საკითხზე ფსიქოლოგსაც ესაუბრა. ნინო ბალოიანი ფიქრობს, საკრებულომ მოსალოდნელი შედეგები უნდა გაანალიზოს და ნაჩქარევი გადაწყვეტილება არ მიიღოს.

“ოჯახის აზრია გასათვალისწინებელი. შესაძლოა, ახლა უნდათ, რომ ქუჩას მათი შვილის სახელი დაერქვას, დაერქვას მისი შვილის სახელი, მაგრამ ეს იქნება ინფორმაციის მიწოდება მუდმივად - იმ ქუჩაზე რომ გაივლიან, გაახსენდებათ, რომ მათი წამებით მოკლეს. უნდათ რომ მთელი ცხოვრება ეს სიმწვავე ჰქონდეთ? ეს უდიდესი ტრაგედიაა ყველასთვის და მგონია, რომ გადაწყვეტილება ნაჩქარევად არ უნდა მიიღოს საკრებულომ. ადგილობრივების კვლევაც უნდა ჩატარდეს და გაირკვეს, ვინ ემხრობა ამას და ვინ - არა“, - ამბობს ფსიქოლოგი ნინო ბალოიანი.

აღნიშნულ საკითხს იურისტებიც ეხმიანებიან. ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის გორის ოფისის ხელმძღვანელი ქეთი ბებიაშვილის თქმით, საკითხი მგრძნობიარეა და ამ თემით მანიპულირება არ შეიძლება.

“საკითხი არის ძალიან მგრძნობიარე , იმიტომ რომ შეეხება არასრულწლოვანი ბავშვის ძალადობრივ სიკვდილს და ამ თემით მანიპულირება ძალიან რთულია და არ უნდა ხდებოდეს. რაც შეეხება ქუჩის ან სკვერის სახელდებას, ძალინ მნიშვნელოვანია საკითხის მგრძნობელობიდან გამომდინარე, ოჯახის თანხმობა. ამიტომ მნიშვნელოვანია საკითხის განხილვა მოხდეს ღიად და გაჭვირვალედ, იყოს ამ საკითხზე მსჯელობა“, - განაცხადა ქეთი ბებიაშვილმა.

ინიციატივაზე საკუთარ მოსაზრებებს მოქალაქეებიც აფიქსირებენ. საზოგადოების ნაწილი მიიჩნევს, რომ ამით ვერც ძალადობის პრევენცია და ვერც საზოგადოების ცნობიერების ამაღლება ვერ მოხდება. ერთ-ერთი, ვინც ასე ფიქრობს, ლექსო ვალიაურია.

“ეს ინიციატივა არის პოპულიზმი, თუმცა პოპულიზმსაც აქვს ალბათ საზღვრები. არ შეიძლება ასეთი მძიმე თემებით სცადო საზოგადოების გულის მოგება. ფაქტი რომ შემზარავია, ამაზე არავინ ვდაობთ, თუმცა ქუჩის სახელწოდება ძალაუნებურად მოიტანს ინტერესს და შექმნის მუდმივ ორინტირებას მომხდარის ირგვლივ. ეს ინიციატივა არც პედოფილიის პრევენციისათვის და არც ძალადობის მიმართ სამოქალაქო ცნობიერების ამაღლებისათვის არ მოიტანს პოზიტიურ შედეგს“, - თქვა ლექსო ვალიაურმა.

"საკუთარ შვილებს რომ გაატარებთ მაგ ქუჩაზე, რა უნდა უთხრათ? ბავშვებს ეს საზარელი ამბავი უნდა მოუყვეთ? არ გგონიათ, რომ ამით მათ ფსიქიკაზე უარყოფითად იმომქედებეთ?" - ეს იყო კითხვები, რომლითაც ამ ინიციატივის განხილვამ საკრებულოდან მის მიღმა გადაინაცვლა.

გორის მუნიციპალიტეტის საკრებულო ამ ინიციატივაზე მსჯელობას ბიუროს სხდომაზე გააგრძელებს.

შეგახსენებთ, რომ 9 წლის 9 წლის გოგონას ცხედარი გორში 2018 წლის 25 ოქტომბერს იპოვეს. ბავშვს - ხელ-ფეხი შეკრული, სახეზე კი - პოლიეთილენის პარკი ჰქონდა ჩამოფარებული. მეორე დღეს, 26 ოქტომბერს, შსს-მ დააკავა 34 წლის ეჭვმიტანილი, რომელსაც სასამართლომ უვადო პატიმრობა მიუსაჯა.

პუბლიკაცია მომზადდა ევროპის ფონდის მხარდაჭერით, შვედეთის საერთაშორისო განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოს დაფინანსებით. მის შინაარსზე პასუხისმგებელნი არიან ავტორები. პუბლიკაციაში გამოთქმული ყველა მოსაზრება, შესაძლოა, არ ემთხვეოდეს ევროპის ფონდისა და შვედეთის საერთაშორისო განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოს ოფიციალურ პოზიციებს.

ადგილი შენი რეკლამისთვის

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

studia-re

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

ნიმდი