გორელი მამები, რომლებიც მოსახლეობის 5%-ში შედიან

ივნისი 19 2019 font size decrease font size increase font size
Rate this item
(0 votes)
19 ივნისს საქართველოში მამის დღე აღინიშნება, თუმცა ეს თარიღი ბევრისთვის ჯერ კიდევ უცნობია. თუ კი, დედების დღე საქართველოში 1991 წლიდან აღინიშნება, მამებისთვის სპეციალური დღე პირველად 2016 წელს, გაეროს მოსახლეობის ფონდის (UNFPA) საქართველოს ოფისისა და არასამთავრობო ორგანიზაციის „We Care“ ინიციატივით, კამპანიის "კაცები ზრუნავენ" ფარგლებში აღინიშნა.
საზოგადოებაში არსებობს სტერეოტიპები და დამკვიდრებული კლიშეები, რომლებიც მამაკაცებს ხელს უშლით აიღონ პასუხისმგებლობა და მზრუნველი მამები, მეუღლეები, პარტნიორები და ოჯახის წევრები იყვნენ. მაგალითისთვის, გაეროს მოსახლეობის ფონდის, საქართველოს ოფისის მიერ ჩატარებული კვლევის მიხედვით, მოზარდისთვის საკითხავი ლიტერატურის შერჩევაში, მასწავლებელთან საუბარში, საჭიროების შემთხვევაში - დავალების მომზადებაში, ყოველდღიურად ჩართული მამაკაცების ხვედრითი წილი 5%-ს არ აღემატება,.
რადიო „მოზაიკამ“ მოძებნა გორელი მამები იმ 5%-დან, რომლებიც შვილის აღზრდაში აქტიურად არიან ჩართულები.
 
შოთა ჩილინდრიშვილი
"როდესაც ჩემი უფროსი შვილი, ნიკოლოზი სკოლაში მივიდა, მე ავიღე ორკვირიანი შვებულება. ამ დროის განმავლობაში, სკოლაში მიმყავდა, ველოდებოდი გარეთ ჩემს უმცროს შვილთან თორნიკესთან ერთად, შესაბამისად, მშობელთა კრებებსაც მე ვესწრებოდი. კლასში იყო ყველა დედა და მხოლოდ ერთი მამა - მასწავლებელს ხშირად მოუმართავს, “გოგოებო“. ამაზე ძალიან ვხალისობდი ხოლმე და უხერხულად ვგრძნობდი თავს, არც გოგო ვიყავი და არც დედა. ძალიან მნიშვნელოვანია, როდესაც მაქსიმალურად ხარ ჩართული შვილების აღზრდის პროცესში. მამობა ყველაზე რთულია - ნებისმიერი შეცდომა, რომელსაც დაუშვებ დღეს, ორი წლის მერე კი არა, ხვალვე შემოგიბრუნდება.
ოჯახი არის ერთობა და იმ ოჯახში ყველამ უნდა იცოდეს თავისი ვალდებულება და არ შეიძლება ვიღაცას ჰქონდეს გაბატონებული მდგომარეობა, იმის გამო, რომ ის მამაა, დიდია და ყველაზე ძლიერია. პატარა ასაკიდანვე ხდება ბავშვების პიროვნებად ჩამოყალიბება. თუ სკოლა, სწავლა, ჰიგიენა მხოლოდ დედაზე იქნება და მამა მხოლოდ ერთ კონკრეტულ პასუხისმგებლობას იღებს თავის თავზე, თვითონაც ზუსტად ამას გააკეთებენ და უპასუხისმგებლოები გახდებიან, ჩემი რწმენით ასეა."
SoTa mamikooo
 
 
დიმა თინიკაშვილი
"მე დამყავს უფროსი გოგო მასწავლებელთან. მიუხედავად იმისა, რომ გვიან აქვს გაკვეთილი, პროტესტს არ გამოვთქვამ, რომ დაღლილი ვარ და მეზარება. ჩემი შვილებიც ძალიან არიან დამოკიდებულები ჩემზე, თუ რაიმე წარმატებას უნდა მიაღწიონ სულ მიყურებენ თვალებში და თუ მე ვამხნევებ, ეს სიამოვნებთ და სტიმულს აძლევთ. დღემდე ჩემთან სძინავთ. დილით ხელ-პირის დაბანა და საუზმის მომზადებაც ჩემი საქმეა, ასე გვაქვს გადანაწილებული. ვიცი რომელ დღეს რამდენი და რა გაკვეთილი აქვს, ერთად ვმეცადინეობთ. მათემათიკა უყვარს, ჩვენ თამაშიც გვაქვს, "წეროები" პრინციპით ვასწავლი მათემათიკას და ძალიან შეუყვარდა.
ორი გოგო გვყვავს და მათ აღზრდაში მონაწილეობა ჩემი ერთ-ერთი მტავარი მოვალეობა და პასუხისმგებლობა მგონია."
deme mamikoo
 
ოთო კვირიკაშვილი
"ბავშვების აღზრდის პროცესში თითქმის ყველა ფუნქცია მაქვს შეთავსებული - სახლში საჭმელის მომზადება, დაბანა, საფენის გამოცვლა, სხვათაშორის, ყველაზე რთული იყო ჩემთვის ბავშვისთვის საფენის გამოცვლა, მაგრამ როდესაც მეუღლე ერთი თვით საზღვარგარეთ წავიდა, სხვა გზა აღარ მქონდა, გავბედე და მას მერე არანაირი საქმის კეთება აღარ მერთულება.
ყოფილა დღეები, როცა ბავშვები სულ ჩემთან ყოფილან და ჩემი მეუღლე სამსახურის საქმეებს აგვარებდა. ეს ჩვეულებრივი ამბავი მგონია, რადგან შვილებზე ზრუნვა მამების ისეთივე მოვალეობაა, როგორიც - დედების".
oati mamikooo
ლექსო მერებაშვილი
"საბავშვო ბაღში მე დამყავს დილით. ღამე უყვარს, გვერდით რომ ვუწვები და იძინებს. სადილიც მომიმზადებია, მაგრამ ეს ხშირად არ ხდება, ძირითადად, დედაა ამ საქმით დაკავებული.
ჩემ წილად, ვცდილობ მაქსიმალურად ჩავერთო მის არზრდაში - ხშირად ვესაუბრები სხვადასხვა საკითხებზე. მათ შორის, რუსეთ საქართველოს ურთიერთობებზეც, ოჯახი ცოტა კი მიშლის, რომ პატარაა, მაგრამ ვფიქრობ, უნდა იცოდეს ვინ მტერია და ვინ მოყვარე.
ცდილობ, კარგი ურთიერთობა მქონდეს შვილთან, გამოვხატო სიყვარული, არ ვეჩხუბო, და არ დავსაჯო, თუმცა რა თქმა უნდა. ზღვარი არსებობს, რის შემდეგაც მკაცრი ვარ."
leqso mamikooo
მამების დღე გორში არ აღუნიშნავთ, თუმცა საქართველოს მასშტაბით, არაერთი ღონისძიება დაიგეგმა.
კამპანიის "კაცები ზრუნავენ" მიზანია წაახალისოს მამაკაცების, როგორც არამოძალადე და მზრუნველი მამების და მეუღლეების ჩართულობა ოჯახების ჯანმრთელობისა და კეთილდღეობისათვის, რათა მამაკაცებმა მეტად დაუჭირონ მხარი გენდერულ თანასწორობას, და ამ გზით - ქალების სოციალურ და ეკონომიურ მონაწილეობას და საზოგადოების გაძლიერებას.

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

studia-re

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

ნიმდი