მწყობრიდან გამოსული ლიფტები - 9 სართულიან კორპუსებში მცხოვრებლების პრობლემა

მაისი 20 2019 font size decrease font size increase font size
Rate this item
(0 votes)

გორში არსებული 9 სართულიანი კორპუსების უმეტესობაში არსებული ლიფტები რამდენიმე ათეულ წელს ითვლის. სიძველის გამო ლიფტები ხშირად გამოდის მწყობრიდან.

თამარ მეფის ქუჩაზე მდებარე კორპუსების მაცხოვრებლები ამბობენ, რომ ლიფტი ხშირად ფუჭდება, მაგრამ მალევე აკეთებენ.

ლიფტით სარგებლობის საფასური 10 თეთრია.

“ხან მუშაობს ხან არა, მოძველებულია და რა გასაკვირია, რომ ხშირად ფუჭდება. მაგრამ როგორც წესი, ძალიან მალე აკეთებენ. მაგალითად, ჩვენ კორპუსში ერთი ადამიანია მომაგრებული და როცა ლიფტი ფუჭდება, ვურეკავთ, მოდის და აკეთებს“, -გვითხრა ერთ-ერთმა მაცხოვრებელმა.

მსგავსი სიტუაციაა რუსთაველის ქუჩაზე არსებულ კორპუსშიც. ლიფტი მოძველებულია, თუმცა დანარჩენებთან შედარებით, ბევრად მოვლილი და სუფთაა.

“კი, ფუჭდება ხოლმე, მაგრამ მოდის ლიფტიორი და აკეთებს, რამდენჯერმე იყო შემთხვევა, რომ შიგნით დავრჩით, მაგრამ ისე არ ხდება, რომ დიდ ხანს იყოს გაფუჭებული“, - ამბობს ადგილობრივი.

კომბინატის დასახლებაში, შინდისის გამზირზე არსებული კორპუსის მაცხოვრებლები მოძველებული ლიფტის გამოცვლაზე დიდი ხანია საუბრობენ. მათი თქმით, ლიფტი ხშირად ფუჭდება და რამდენიმე დღე სარგებლობას ვერ ახერხებენ.

“ჩვენ კორპუსში სამი დღის წინ გაფუჭდა და ამ დრომდე არ მუშაობს. საკმაოდ ხშირად გამოდის მწყობრიდან და ხანდახან გვეშინია კიდეც შესვლა. მაგრამ ზემოთ სართულებზე ვინც ცხოვრობს, იმათთვის მართლა ძნელია, დღეში რამდენჯერმე კიბეზე ასვლა - ჩასვლა“.

გორის მერიაში ამბობენ, რომ ძველი ლიფტების ახლით ჩანაცვლება დიდი ხარჯებთანაა დაკავშირებული, თუმცა დაზიანებული ლიფტების რეაბილიტაცია კორპუსის ამხანაგობებს მერიის თანადაფინანსებით შეუძლიათ.

“თუ განცხადებას შემოიტანენ, რომ სურთ ლიფტის რეაბილიტაცია, მერია თანადაფინანსების ფარგლებში დაეხმარება. ახლით ჩანაცვლებაზეც შეუძლიათ განაცხადის შემოტანა. რაც შეეხება ლიფტების შეკეთებას, ამას კორპუსის ამხანაგობა თვითონ წყვეტს“, - განაცხადეს მერიაში.

თანადაფინანსების პროგრამით რამდენიმე კორპუსის ამხანაგობამ უკვე ისარგებლა. თუმცა პრობლემა ბევრ კორპუსში, კვლავ გადაუჭრელია. 

 

პუბლიკაცია მომზადდა ევროპის ფონდის მხარდაჭერით, შვედეთის საერთაშორისო განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოს დაფინანსებით. მის შინაარსზე პასუხისმგებელნი არიან ავტორები. პუბლიკაციაში გამოთქმული ყველა მოსაზრება, შესაძლოა, არ ემთხვეოდეს ევროპის ფონდისა და შვედეთის საერთაშორისო განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოს ოფიციალურ პოზიციებს.

 

ადგილი შენი რეკლამისთვის

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

studia-re

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

ნიმდი