“დაინახე ჩემი ტანჯვა” - პროექტი, რომელიც მედიკოსების კვალიფიკაციის ამაღლებას ისახავს მიზნად

მაისი 16 2019 font size decrease font size increase font size
Rate this item
(0 votes)

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის მონაცემებით, 2017 წელს გარდაცვლილი 47 822 ადამიანიდან, საშუალოდან ძლიერი ინტენსივობის ტკივილით 20 000 ადამიანი იტანჯებოდა. ექიმებმა ძლიერი ტკივილგამაყუჩებელი მხოლოდ 15 % - ს დაუნიშნეს.

საინფორმაციო სახის შეხვედრაზე იმ პრობლემებზე ისაუბრეს, რომლებსაც მედიკოსები ტკივილისა და პალიატიური სიმპტომების მართვისას აწყდებიან. პროექტის ხელმძღვანელის, ნინო მირზიკაშვილის თქმით, ხშირად ექიმები არიდებენ თავს მძიმე ტკივილგამაყუჩებლების დანიშვნას, ისეთი როგორიც არის მორფინი.

„მოსახლეობისთვის ძალიან მნიშვნელოვანია იცოდეს, რომ ტკივილი გაყუჩებადია XXI საუკუნეში და ტკივილისგან აღარავინ უნდა იტანჯებოდეს. ხალხში, სამწუხაროდ, არსებობს სტერეოტიპი, რომ ოპიოიდები იწვევს დამოკიდებულებას პაციენტებში. ეს, რა თქმა უნდა, შესაძლებელია, მაგრამ არა ტკივილის სწორი მართვის შემთხვევაში. მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციისა და ბევრი სხვა ავტორიტეტული საერთაშორისო ორგანიზაციების რეკომენდაციებით, ოპიოიდების გამოყენება და ხელმისაწვდომობა სამედიცინო დანიშნულებით ძალიან მნიშვნელოვანია“, - ამბობს პროექტის ხელმძღვანელი ნინო მირზიკაშვილი.

ფონდი „ღია საზოგადოება“ საქართველოში 90-იანი წლების ბოლოდან აქტიურად მუშაობს პალიატიური მზრუნველობის განვითარებაზე საქართველოში. ფონდის წარმომადგენლის, ანა ტოკლიკიშვილის თქმით, ოპიოიდური საშუალებების მოხმარებასთან დაკავშირებით, უკვე ძლიერი ტკივილის შემთხვევაში, არასწორი წარმოდგენაა გავრცელებული.

„ტკივილის ადეკვატური მართვა აუცილებლად არის პალიატიური მზრუნველობის ნაწილი, ვინაიდან მზრუნველობას საჭიროებენ სწორედ ის პაციენტები, რომლებიც მძიმე ქრონიკული და განუკურნებელი დიაგნოზის მქონენი არიან და რომელთა დაავადება, როგორც წესი უკვე მკურნალობას აღარ ექვემდებარება. ეს ადამიანები არიან ყველაზე მოწყვლადები ტკივილის გაყუჩების მიმართ. სწორედ ამიტომ, მნიშვნელოვანია ცნობიერების ამაღლება იმ ექიმებში, რომლებიც ამ პაციენტებთან მუშაობენ“, - აცხადებს ფონდი „ღია საზოგადოების“ წარმომადგენელი, ანა ტოკლიკიშვილი.

ფატი ძოწენიძე ტკივილის პოლიტიკის საერთაშორისო ექსპერტია. ქრონიკული და განუკურნებელი დიაგნოზის მქონე პაციენტებთან შემხებლობაში მყოფ მედიკოსებთან საუბრისას კიდევ ერთი პრობლემა გამოყო - მკაცრი რეგულაციები ოპიოიდური ჯგუფის ტკივილგამაყუჩებლების გამოყენებისას.

„დღევანდელი მედიცინა უნდა იყოს ადამიანსა და ადამიანის საჭიროებებზე. ხშირად ხდება ისე, რომ მედიცინა ცალკე მიდის და ვითარდება და ცალკე რჩება ადამიანი. მნიშვნელოვანია, რა აწუხებს ადამიანს, ვიზრუნოთ მასზე თუ რა არის მისთვის შემაწუხებელი. აქცენტი გვქონდა ტკივილის მართვაზე, რადგან ოპიოიდური ჯგუფის ტკივილგამაყუჩებლები, როგორიცაა მაგალითად, მორფინი, არასწორად გამოყენების შემთხვევაში იწვევს მიჩვევას.

ეს ყველაფერი კონტროლდება კანონმდებლობით, რომელიც ირაციონალურად მკაცრია. აქედან გამომდინარე ექიმებიც ერიდებოდნენ ამ მედიკამენტების დანიშვნას. უმაღლეს სასწავლებლებშიც არასაკმარისად ისწავლება ტკივილის მართვის საკითხები. სწორედ ამიტომ დადგა საჭიროება განცხორციელებულიყო აღნიშნული პროექტი“, - ამბობს ფატი ძოწენიძე.

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის მონაცემებით, 2017 წელს გარდაცვლილი 47 822 ადამიანიდან, საშუალოდან ძლიერი ინტენსივობის ტკივილით იტანჯებოდა 20 000 ადამიანი, რომელთაგან მხოლოდ 3000-მდე პაციენტს გაუყუჩდა ტკივილი მორფინით. სწორედ ამ მიზეზების გამო შეიქმნა პროექტი - „დაინახე ჩემი ტანჯვა“ , რომელსაც ფონდი „საქართველოს ღია საზოგადოების“ მხარდაჭერით, ჯანმრთელობის დაცვისა და ადამიანის უფლებების კვლევის ცენტრი ახორციელებს.

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

studia-re

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

ნიმდი