5 ამბავი გორში ლგბტქ თემზე

მაისი 14 2019 font size decrease font size increase font size
Rate this item
(0 votes)

17 მაისი ჰომოფობიასთან, ბიფობიასთან და ტრანსფობიასთან ბრძოლის საერთაშორისო დღეა. ლგბტქ თემის წარმომადგენლებს თანასწორობისთვის ბრძოლა ყოველდღიურად უწევთ.

ამბავი N1

ბ.ბ : "მუნჯი მე " - რა თქმა უნდა, შესავლის გარეშე ვტოვებ იმ საკითხს, თუ ვინ ვარ და საიდან, იმიტომ, რომ მე მშიშარა ვარ . დავიბადე 29 წლის წინ, სრულიად ჯანმრთელი, 4.400კგ ისეთი ბიჭი მამები რომ რომ ამაყობენ, თუმცა რამდენიმე წელიწადში დედაც მიხვდა და მამაც, რომ რაღაც რიგზე არ იყო და არ ვგავდი სხვებს . და როცა მე თვითონაც მივხვდი, რომ არ იყო ყველაფერი ისე, როგორც უნდა ყოფილიყო . როგორც კი, ეს გავაცნობიერე მას მერე დავმუნჯდი, დავდივარ ნიღბით და და ვთამაშობ გამოგონილი ადამიანის როლს, რომელსაც ეშინია, ეშინია მშობლების, ძმის მეგობრების და იმ ქვეყნის სადაც დაიბადა . მე მუნჯი ვარ და ეს მიცავს თქვენი სიძულვილისგან.

ამბავი 2

ნ.გ : მეგობრებთან ერთად ატენში მიმავალ ერთ-ერთ სამარშრუტო ტაქსის გასვლას ვუცდიდი , როცა რამდენიმე გერმანელი ტურისტი გავიცანით . ორ მათგან ბიჭს საყურე ეკეთა . ჯერ ჩვენ გადავიხადეთ წინასწარ მგზავრობის საფასური, შემდეგ მათ. ამ დროს შევამჩნიე , რომ მძღოლი ჩვენზე ორჯერ მეტს ახდევინებდა , რა თქმა უნდა ჩავერიე , მძღოლმა გულიანად გაიცინა და მითხრა : „უცხოელები არიან, თანაც პიდარასტები, სამმაგი რომ არ გადავახდევინე მადლობა მითხრან“

ამბავი 3

რ.გ : როცა სკოლაში პირველად მითხრეს რომ გეი ვარ, ამ სიტყვის მნიშვნელობა არც კი ვიცოდი. საკუთარ თავში სექსუალური ორიენტაცია გარკვეული ჯერ არ მქონდა. ჯერ კიდევ პატარა ასაკში, კლასელებმა მაიძულეს, რომ ამაზე ფიქრი დამეწყო. მივხვდი, რომ რაღაც რიგზე არ იყო. მაიძულეს, რომ საკუთარ თავში ეჭვი შემეტანა. ვერ ვხვდებოდი, რა მჭირდა, გარშემო მყოფთაგან აუხსნელ სიძულვილს ვგრძნობდი. გაურკვევლობაში გაიარა ბავშვობამ. დღეს ზუსტად ვიცი, ვინ ვარ და რა მინდა, თუმცა ერთადერთი რაზეც ვფიქრობ, ქვეყნიდან გაქცევაა.

ამბავი 4

გ.გ : გარეთ გასვლის წუთიდან მუდმივად ვგრძნობ მზერას, რომ მე არ ვარ ჩვეულებრივი ადამიანი, შეძახილები რომ მე „პიდარასტი“ ვარ და არ უნდა ვცოცხლობდე, მანადგურებს. მახსოვს, ძალიან ცუდად როცა ვმუშაობდი ერთ-ერთ მიკროსაფინანსო ორგანიზაციაში, სადაც ეგრეთ წოდებული "შავი ბიჭების" ბანდა მავიწროებდა, ამის გამო, რამდენჯერმე მიფიქრია თვითმკვლელობაზე, თუმცა არა! დღეს მე ცოცხალი ვარ და ვებრძვი ყოველდღიურ ჩაგვრას.

ამბავი 5

ჟურნალისტი თინა თაყაძე:

„რეგიონებში გაუსაძლისია ცხოვრება. ყველანაირ გაჭირვებას გაუძლებს ადამიანი და აიტანს, მაგრამ გაუსაძლისია ის ტკივილი, რასაც მიუღებლობა და შემდგომში ფიზიკური თუ ფსიქოლოგიური ძალადობა მოსდევს. შევხვედრივარ ადამიანებს, რომელთაც საკუთარი თავისთვისაც ვერ გაუმხელიათ თუ ვინ არიან. ირგებენ როლებს. ცდილობენ ისეთები იყვნენ, დანარჩენებს რომ მოეწონებათ. მზად არიან, ოღონდ დანარჩენებს ასიამოვნონ და თუნდაც, თავად უბედურები იყვნენ.

-ლგბტქ ხარ?

-მორჩა, შენ არ უნდა არსებობდე!!!

ამას იმიტომ ვამბობ, რომ ხშირია შემთხვევები, როდესაც დამსაქმებელი სამსახურს არ გაძლევს ან გათავისუფლებს. შიდა ქართლში უფრო რთულადაა საქმე. თუნდაც, არ არსებობს უსაფრთხო თავშეყრის ადგილები. ღრმა სოფლებში მცხოვრებთ მინიმალური ინფორმაციის მიღებაც კი არ შეუძლიათ. რასაც ტელე ეკრანებიდან და სოციალური ქსელებიდან იგებენ, ეს უფრო აშინებთ. მე კი მინდა ვუთხრა მათ, რომ თქვენ ამ ქვეყნის საუკეთესო შვილები ხართ. 17 მაისი საუკეთესო დღეა, უფრო სწორედ, საუკეთესო კვირეული შეიძლება ვუწოდოთ - ჰომოფობებისთვის. მათ ხომ მხოლოდ ამ დროს შეუძლიათ ერთიანობა. მათ მხოლოდ ამ დროს აერთიანებთ ლგბტქ ადამიანების განადგურების სურვილი. შეშინებულები, აგრესიას საკუთარი ქვეყნის მოქალაქეებისადმი გამოხატავენ და მტერსაც მათში ეძებენ. "ქართველობას გვართმევენ!!!" ეს კარგად მოიფიქრეს და დაიმახსოვრეს. ვინ უნდა წაართვას ქართველობა? -ქართველმა ან საქართველოს მოქალაქემ? ხშირად დავფიქრებულვარ, ვინ უფრო მებრალება, ის ვისაც ქვებს უშენენ თუ ის, ვინც ქვებს ისვრის. საბოლოოდ დავრწმუნდი, რომ მეორე მეცოდება. ამხელა სიძულვილს ატარებდე, ან მართლა ან სხვების დასანახად, საცოდავი ხარ, აბა რა ხარ. არაერთი ადამიანი იყო ჯვარით ხელდამშვენებული რომ დარბოდა და სცემდა ლგბტქ ადამიანებს და ბოლოს, თავად აღმოჩნდა გეი.

სახალხო დამცველის ანგარიშის მიხედვით, 2018 წელს ლგბტქ პირთა უფლებრივი მდგომარეობა ქვეყანაში არსებითად არ შეცვლილა. საზოგადოებაში კვლავ ძლიერია ჰომოფობია და ანტიგენდერული ჯგუფების გავლენა, რის გამოც ლგბტქ ადამიანები კვლავ განიცდიან ჩაგვრას, დისკრიმინაციას და ხშირად ხდებიან ძალადობის მსხვერპლნი.

ადამიანის უფლებათა ცენტრის გორის ოფისის იურისტი, ლექსო მერებაშვილი ამბობს, რომ მიმდინარე წელს ლგბტქ თემის დისკრიმინაციის საკითხზე ორგანიზაციას ერთმა პირმა მიმართა:

მიმდინარე წელს იყო ერთი შემთხვევა, როდესაც კონსულტაციისთვის მოგვმართეს, თუმცა საქმე სასამართლომდე არ მივიდა. საქმე ეხებოდა შრომით ურთიერთობებს და სამუშაო ადგილზე სექსუალური ორიენტაციის ნიშნით დისკრიმინაციას. არსებობს შესაბამისი კანონები, რომლებიც იცავს სექსუალურ უმცირესობებს დისკრიმინაციისგან, თუმცა აღსრულება უკვე სულ სხვა თემაა და შეიძლება ითქვას, რომ ვერ ხერხდება ლგბტქ თემის უფლებების დაცვა“ - ამბობს ლექსო მერებაშვილი.

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის გორის ოფისში მსგავს საკითხზე არავის მიუმართავს. იურისტი ქეთი ბებიაშვილი ამბობს, რომ ეს ყველაფერი არ გამორიცხავს იმას, რომ გორში დისკრიმინაცია არ ხდება.

„პრაქტიკაში არ გვქონია, რომ ლგბტქ თემის წევრს მოემართოს ჩვენთვის, სექსუალური ორიენტაციის ნიშნით დისკრიმინაციის თემასთან დაკავშირებით. ქვეყანაში მოქმედებს კანონი ყველა ფორმის დისკრიმინაციასთან დაკავშირებით, რომელიც პირდაპირ კრძალავს სექსუალური ორიენტაციის ნიშნით ჩაგვრას. დაზარალებულს შეუძლია მიმართოს სახალხო დამცველს ან სასამართლოს, ასევე პროკურატურას. მიუხედავად იმისა, რომ ჩვენს ორგანიზაციაში არ მოუმართავს არავის, არ გამოვრიცხავ, რომ ხდება დისკრიმინაცია. უბრალოდ ძირითადად თბილისში ხდება ამ ადამიანების გადინება და შესაბამისად, ალბათ ამიტომაც, აქ ადგილზე არ მოუმართავს ვინმეს“, - აცხადებს საიას გორის ოფისის იურისტი ქეთი ბებიაშვილი.

17 მაისი ჰომოფობიასთან, ბიფობიასთან და ტრანსფობიასთან ბრძოლის საერთაშორისო დღეა. სექსუალური ორიენტაციის ნიშნით დისკრიმინაცია საქართველოში და მათ შორის, გორშიც კვლავ ერთ-ერთ გამოწვევად რჩება. ქვეყანაში არსებული ჰომოფობიური დამოკიდებულებები ხშირად ხდება ლგბტქ თემის წარმომადგენლების მიმართ დისკრიმინაციის საფუძველი.

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

studia-re

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

ნიმდი