ევროკავშირის ახალგაზრდა ელჩები კონფლიქტის ზონიდან

მარტი 20 2019 font size decrease font size increase font size
Rate this item
(0 votes)

რადიო "მოზაიკა" საოკუპაციო ხაზთან მცხოვრები ახალგაზრდებისთვის ევროკავშირის შესახებ ინფორმაციის მიწოდებას განაგრძობს. 

17 წლის ლიკა ომაძე სოფელ ფხვენისიდან ყოველ შაბათს გორის "დემოკრატიის სკოლაში" დადის. ლიკა რადიო „მოზაიკას“ პროექტის „ევროპა მითების გარეშე“ ფარგლებში გამართულ ტრენინგებს ესწრება.

აგვისტოს ომის დროს სოფელში ოჯახის წევრებთან ერთად, მძიმე მომენტების გადატანა მოუხდა და როგორც თავად ამბობს, იმ პერიოდიდან ამ დრომდე ბევრი კითხვა გაუჩნდა. მისი ინტერესი ძირითადად იმ დამოკიდებულებას ეხება, რასაც განსაკუთრებით უფროსი თაობისგან ისმენს. ლიკა ამბობს, რომ კონფლიქტის ზონის სოფლებში, მიუხედავად 10 წლის წინანდელი საომარი მოქმედებებისა და დაძაბულობისა, ადგილობრივების ნაწილი რუსეთს ყველაზე სასარგებლო ქვეყნად მიიჩნევს.

სწორედ მსგავსი მითების აღმოსაფხვრელად და თემში სწორი ინფორმაციის გასავრცელებლად ლიკა ომაძე პროექტში ჩართული ექსპერტებისგან იმ კითხვებზე პასუხებს ისმენს, რაც მისი აზრით, მოსახლეობასთან საუბრისას საჭირო არგუმენტების გამყარებაში დაეხმარება. პროექტი „ევროპა მითების გარეშე“ სწორედ რუსული პროპაგანდის საპასუხოდ იმ სიკეთეების შესახებ ითვალისწინებს ინფორმაციის მიწოდებას, რაც ევროკავშირთან ურთიერთობას საქართველოსთვის იქნება შესაძლებელი.

„ეს პროექტი ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან მესმის უამრავი მითი ევროკავშირთან დაკავშირებით ჩემ სსოფელშიც კი. ჯერ რამოდენიმე ტრენინგი გავიარეთ და უკვე ძალიან ბევრი რამ ვისწავლე. რაც შეეხება ჩემს სოფელში გავრცელებულ მითებს, მე ამის უკვე აღარ მჯერა, თუმცა ამ პროექტის საშუალებით ჩემს მეგობრებს, ნათესავებსა და თანასოფლელებს დავეხმარები ამ მითების დამსხვრევაში. უკვე ვიცი, რომ ტყუილია, თითქოს ევროკავშირში შესვლისთანავე რუსეთი საქართველოს აიღებს. რისიც ჩემს თანასოფლელებს დღემდე სჯერათ. არსებობს ასევე ის მოსაზრებაც, რომ ქართველობას წაგვართმევენ ევროპელები. მე პირადად ვეცდები ყველანაირად ეს აბსურდული მითები დავამსხვრიო ჩემს სოფელში“, - ამბობს ლიკა ომაძე.

მასთან ერთად პროექტში გამყოფ ხაზთან მდებარე სხვადასხვა სოფელში მცხოვრები 30 ახალგაზრდაა ჩართული. ერთ-ერთია შინდისელი გუგა ბაბუციძე. მისი აზრით, არაინფორმირებული საზოგადოება რუსული პროპაგანდის გავლენის ქვეშ მარტივად ექცევა. 

elchebi 2 3d

„პროექტიდან ,,ევროპა მითების გარეშე" მივიღე ბევრი სარგებელი. ახლა შემიძლია გავუზიარო მიღებული ცოდნა ჩემს მეგობრებს და დავამსხვრიო ჩემ თემში არსებული მითები ევროპის შესახებ. ჩემი აზრით, უნდა ტარდებოდეს შეხვედრები, ტრენინგები ან დისკუსიები უფროს თაობაშიც იმისთვის, რომ მათი აზრი შეიცვალოს. მე ვფიქრობ, რომ როდესაც არ ხდება ამ საკითხების შესახებ საუბარი, განხილვები და მსჯელობა, ადამიანების ცნობიერება უცვლელი დარჩება", - ფიქრობს გუგა ბაბუციძე.

15 წლის მარიამ მაჩაბელი სოფელ ხვითიდანაა. გორში გამართულ ტრენინგებს ის კვირაობით ესწრება. ევროკავშირთან დაკავშირებულ საკითხებზე გამართულ შეხვედრებს ახალგაზრდები ორ ჯგუფად ესწრებიან. 15 მათგანი შაბათის ჯგუფშია, 15 კი ტრენინგებს კვირა დღეს ესწრება. მარტის თვეში მათ უკვე 3 თემაზე ჩაუტარდათ ტრენინგი. ბოლო საკითხი კი ევროასოცირების ხელშეკრულებას და მის ძირითად ასპექტებს ეხებოდა. 

„ჩემთვის ეს პროგრამა ძალიან მნიშვნელოვანი და პროდუქტიული აღმოჩნდა. გამიმართლდა ის მოლოდინები, რაც თავიდან მქონდა. გავიგე მთელი მსოფლიოს შესახებ უმრავი რამ. საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობებზე, რუსეთზე, ოკუპაციაზე და კიდევ უამრავ საკითხს გავეცანი, რასაც სხვაგან ვერ მოვისმენდი. ამიმაღლდა ცნობიერება და განმიმტკიცდა ჩემი შეხედულებები ამ საკითხებთან დაკავშირებით. ჩემს თემში არსებობს მითები, რომ რუსეთი ომს დაიწყებს, ქართველობას, რელიგიას, კულტურას დავკარგავთ ევროპასთან ურთიერთობით. მე კი ვეცდები, ახლა უკვე ჩემი ცოდნით, ავუმაღლო თემში მცხოვრებ საზოგადოებას ცნობიერება და დავამსხვრიო ეს სტერეოტიპები“, - ამბობს მარიამ მაჩაბელი.

კონფლიქტის ზონის ახალგაზრდებთან სასაუბროდ რადიო „მოზაიკა“ ექსპერტებს თბილისიდან იწვევს. სხვადასხვა ორგანიზაციის წარმომადგენლები 30-მდე მონაწილეს პროექტით გათვალისწინებულ საკითხებთან ერთად, იმ შეკითხვებზე პასუხობენ, რისი ინტერესიც ახალგაზრდებში თანასოფლელების საუბრებიდან წარმოიშობა. 

elchebi 53

„ტრენინგის მიმდინარეობისას ახალგაზრდები განსაკუთრებით დაინტერესდნენ ევროკავშირთან ეკონომიკური ურთიერთობის პერსპექტივებით, - როგორია ევროკავშირთან საქართველოს სავაჭრო ურთიერთობები და რა უპირატესობა გააჩნია ევროპის ბაზარს, რუსეთთან შედარებით. ასევე განვიხილეთ საზოგადოებაში არსებული მითები ასოცირების ხელშეკრულების თუ ევროკავშირის შესახებ, რა ხდება ტყუილების გავრცელების მიზეზი და როგორ ვებრძოლოთ დეზინფორმაციას ჩვენს გარშემო“, - განმარტავს მერაბ ჯანიაშვილი, რომელმაც ტრენინგი მათთან ევროასოცირების ხელშეკრულებაზე ჩაატარა. 

ტრენინგის მიმდინარეობას "ღია საზოგადოების ფონდის" წარმომადგენელიც დაესწრო. ეს ის ორგანიზაციაა, რომელმაც რადიო „მოზაიკას“ 6-თვიანი პროექტი მოიწონა და მისი მხარდაჭერა გადაწყვიტა. სალომე კაჭარავა ამბობს, რომ ამ ახალგაზრდების სახით, გამყოფ ხაზთან მდებარე სოფლებში მნიშვნელოვანი რესურსი იარსებებს, რომელიც კონფლიქტის ზონაში დღემდე გავრცელებულ რუსულ პროპაგანდას დაუპირისპირდება. 

„განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს ამ ახალგაზრდების მონაწილეობას, რადგან წარმოადგენენ გამყოფი ხაზის სოფლებს. ტრენინგის მსვლელობისას ვაკვირდებოდი მონაწილეებს, მაღალია მათი ინტერესი, ითვალისწინებდნენ და ჩანიშვნებს აკეთებდნენ. მნიშვნელოვანია თუ მივაწვდით ინფორმაციას უვიზო მიმოსვლასთან დაკავშირებით, რომ საკუთარ თემში გაავრცელონ, რა საბუთებია საჭირო ევროკავშირში, შენგენის ზონაში სამოგზაუროდ. კიდევ უფრო მეტი უნდა ვისაუბროთ თავისუფალ სავაჭრო სივრცეზეც. ამ თაობას ყველაზე მეტი პოტენციალი აქვს, რომ სოფლის მეურნეობაში ჩაერთოს და ექსპორტზე გაიტანოს თავისი პროდუქტი. ეს არის უკეთესი თაობა, რომელსაც ყველაფრის შეცვლა შეუძლია. ეს ის ასაკობრივი კატეგორიაა, ვისთანაც მეტი ჩართულობა და მუშაობაა საჭირო. „ევროპა მთების გარეშე“ ძალიან მნიშვნელოვანი პროექტია“,- აღნიშნა ტრენინგის შემდეგ სალომე კაჭარავამ.

პროექტის ფარგლებში, მარტის თვეში ტრენინგები კიდევ ორ თემაზე ჩატარდება. DCFTA - ეკონომიკური წინსვლის პერსპექტივა მოქალაქეებისთვის. ამ საკითხზე ახალგაზრდებს "პოლიტიკის ინსტიტუტის" ექსპერტი ესაუბრება. რუსული პროპაგანდის გავლენებსა და ქვეყნის დემოკრატიული განვითარების მნიშვნელობას კი, პროექტის მონაწილეებს "მედიის განვითარების ფონდის" წარმომადგენელი გააცნობს.

სატრენინგო კურსის დასრულების შემდეგ ახალგაზრდები ვიდეორგოლებს მოამზადებენ, რომელთა პრეზენტაციებს, გავრცელებული მითების აღმოსაფხვრელად, საკუთარ თემში მოაწყობენ

 

 

ადგილი შენი რეკლამისთვის

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

studia-re

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

ნიმდი