ქალი, რომელსაც გორში საკუთარი კვაზიმოდო და ტაიოსონი ჰყავს

მარტი 11 2019 font size decrease font size increase font size
Rate this item
(0 votes)

ავტორი: გვანცა დოლუაშვილი

- ბუჩქი, ბუჩქი, - მომესმა ეზოში შევლისთანავე და ორ ნაბიჯში, მუქი მწვანე თვალები კვაზიმოდომ და ტაიოსონმაც შემომანათეს.

ეს არ არის ალუზია, ეს ნამდვილი ამბავია სახლზე, სადაც 13 კატა ცხოვრობს.

ერთი შეხედვით, არაფრით გამორჩეულ ბინას თავისი უჩვეულო ყოველდღიურობა აქვს - გორში, 300 არაგველის ქუჩაზე 65 წლის ქალი საკუთარ სივრცეს 13 კატას უყოფს.

"ყველა გამორჩეულად მიყვარს. რამდენიმე ჩემს ხელში დაიბადა და ვერ წარმომიდგენია, როგორ არ უნდა ვიზრუნო მათზე. ზოგი ქუჩაში, უპატრონოდ იყო მიტოვებული და სახლში მოყვანის მერე მოყოჩაღდა", - მიყვება ციცო, რომელიც დივანზე ზის და ერთ-ერთს ბეწვს უვარცხნის.

"ამას უკარება ჰქვია. სულ ერთიციდა იყო, აქ რომ მოვიყვანე. ახლოს არ იკარებდა არავის და ეს სახელიც ამიტომ დავარქვი", - მიხსნის და ბეწვის ვარცხნას აგრძელებს.

cico da misi katukebi 1

ამ სახლში ყველა კატას - თავისი სახელი, ამ სახელებს კი საკუთარი ისტორიები აქვთ.

"კვაზი ჩემმა მეზობელმა მომიყვანა. ნაგვის ურნასთან იპოვა. კნუტი იყო, სულ მთლად მოთხუპნული. ისეთი მახინჯი, რომ ბავშვებმა კვაზიმოდო დაარქვეს და კი, შერჩა დღემდე ეგ სახელი. არადა, შეხედეთ, როგორი ლამაზია ახლა“, - მეუბნება და ღუმელთან მოკალათებულ დიდ, შავ კატაზე მითითებს.

მისი კატებიდან შვიდს შავი ბეწვი აქვს და ერთმანეთს ძალიან ჰგვანან, თუმცა ციცოს ისინი ერთმანეთში არასოდეს ერევა.

"შევხედავ თუ არა, მაშინვე ვხვდები, რომელი რომელია. ყველაზე უფროსი ტაიოსონია, ახლახანს 6 წლის გახდა. თავიდან ყველას ეჩხუბებოდა და კი, დაერქვა საკადრისი სახელიც. ყველაზე მეტად მაინც ის მეცოდება", - მეუბნება და სკამზე ჩამომჯდარ იმ კატაზე მიმანიშნებს, რომელსაც ფეხი აქვს მოტეხილი.

cico da misi katukebi 5

ციცო მოშიანურებულ ცხოველებს, სივრცესთან ერთად, საკუთარ რესურსებსაც უყოფს - ასუფთავებს, უმზადებს საჭმელს და თუ საჭირო გახდა, მკურნალობს კიდეც.

"ერთი კვირის განმავლობაში, 20 ლარის საკვები მაინც სჭირდებათ, მაგრამ სპეციალური საჭმლის გარდა, წვნიანსაც ვუმზადებ. მათზე ზრუნვა მამშვიდებს, რადგან გულწრფელად რომ ვთქვა, თავს ვალდებულებად ვგრძნობ, ასე მოვიქცე", - მიხსნის ის.

საკვებს ვეტაფთიაქში ყიდულობს, თუმცა ხშირად სახლში შეძენილი საჭმლის ნაწილით ბრუნდება - ნახევარს გზადაგზა, შემხვედრ ცხოველებს უყოფს.

"სხვანაირად ვერ წარმომიდგენია. როგორ შეიძლება გულგრილი იყო მათ მიმართ, ვისაც შენი დახმარება სჭირდება?! ბევრჯერ მითხრეს, რომ გამეშვა კატები სახლიდან. ერთხელ დავფიქრდი კიდეც, მაგრამ მივხვდი, რომ მათზე ნერვიულობა არ მომასვენებდა".

ასე იყო ციცოს დედაც, რომელიც 91 წლის ასაკში გარდაიცვალა.

"ცხოველების სიყვარული ბავშვობიდან მომდევს. დედა 91 წლის ასაკში დამეღუპა და სიცოცხლის ბოლომდე, კატასთან ერთად ეძინა. არ ვიცი, ვინ როგორ ფიქრობს, მაგრამ მგონია, რომ თუკი, მშობლები ბავშვობაშივე ასწავლიან პატარებს ცხოველების, ფრინველების და ზოგადად, გარემოს სიყვარულს, ნაკლები უბედურება მოხდება გარშემო".

ციცო ამას შეკედლებულ ცხოველებსაც ასწავლის - მის ეზოში მშვიდობიანად თანაცხოვრობენ ძაღლი, კატები და ჩიტები, რომლებსაც ის ყოველ დილით აპურებს.

"თავიდან, კატები უსაფრთებოდნენ ჩიტებს, მაგრამ გადავაჩვიე. ახლა, დილით რომ მოხვიდეთ, ნახავთ, რამდენი ჩიტი მელოდება, როდის დავუყრი პურის ნამცეცებს. აღარც ძაღლი მტრობს კატებს, თავიდან ისიც აგრესიული იყო", - მიყვება ციცო.

cico a misi katukebi 3

ის, უკვე წლებია, უმუშევარია და მოშიანაურებული ცხოველებისა და ფრინველებისთვის საჭმელს საკუთარი პენსიით ყიდულობს.

"იყო დრო, მშვენიერი სამსახურები მქონდა, მაგრამ ახლა, როცა ხერხემალი მაწუხებს და ვხედავ, როგორი უმუშევრობაც არის გარშემო, აბა, სამსახურზე როგორღა დავიწუწუნებ?! პენსია მაქვს და იმას ვიყოფ ამათთან ერთად".

ციცო 15 აპრილს 66 წლის გახდება და შეკედლებულ ცხოველებთან ერთად, კიდევ ერთ დაბადების დღეს აღნიშნავს.

ადგილი შენი რეკლამისთვის

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

studia-re

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

ნიმდი