პრობლემები, რომლებზეც გორელი პოლიციელები საუბრობენ

მარტი 11 2019 font size decrease font size increase font size
Rate this item
(0 votes)

"ამ პრობლემებზე თითქმის არაფერი იწერება. არადა, ფაქტია, რომ ისინი ჩვენ გვეხება და საჭიროა, საზოგადოებამაც იცოდეს მათ შესახებ", - უთხრა რადიო "მოზაიკას" ერთ-ერთმა პოლიციელმა. რომელიც გორის რაიონულ სამმართველოში მუშაობს.

ის და მისი კოლეგა რადიო "მოზაიკას" იმ სირთულეებზე ესაუბრნენ, რომლებიც მათივე სიტყვებით, პოლიციას მუშაობას ურთულებს.

პრობლემა 1.

"ერთ ამბავს მოგიყვებით და ასე უკეთ მიხვდებით, რაშიც არის პრობლემა", - გვიყვება ერთ-ერთი პოლიციელი და დაახლოებით, 3 თვის წინ მომხდარ ფაქტს იხსენებს.

"დროებითი მოთავსების იზოლატორში იმყოფებოდა ერთი პირი, რომელიც ამბობდა, რომ თავს ცუდად გრძნობდა. ჩვენ ის გადავიყვანეთ გორის ერთ-ერთ კლინიკაში, თუმცა იქ გვითხრეს, რომ მისი ჰოსპიტალიზაცია არ იყო საჭირო და მას საავადმყოფოში ვერ დატოვებდნენ. სხვა გზა არ იყო, უკან უნდა წამოგვეყვანა, მაგრამ დროებითი მოთავსების იზოლატორის ხელმძღვანელი გვეუბნებოდა, რომ სანამ ფორმა 100-ს არ მომიტანთ, რომ ნამდვილად კარგად არის, აქ ვერ მივიღებო. ფორმა 100-ს კი საავადმყოფო არ გვიწერდა, ხვალ დილამდე ვერ დაგიწერთო", - იხსენებს პოლიციელი, რომელიც ამბობს, რომ მსგავსი შემთხვევები ხშირად ხდება და მათ ასეთი საკითხების მოგვარებისთვის რამდენიმე საათის დაკარგვა უწევთ.


პრობლემა 2.

"არის საკითხები, რომელსაც მარტო პოლიცია ვერ წყვეტს და ვერც გადაწყვეტს", - გვეუბნება ერთ-ერთი პოლიციელი და რადიო "მოზაიკას" იმ სირთულეზე ესაუბრა, რომელსაც ფსიქიკური პრობლემების მქონე ადამიანების მდგომარეობა უქმნით.

"საერთოდ არ ვიცი, ეს პრობლემა როგორ უნდა მოგვარდეს, მაგრამ ფაქტია, რომ ამაზე ვინმემ უნდა ილაპარაკოს. გორში რამდენიმე ადამიანია, რომელსაც ფსიქიკური პრობლემები აქვს. ზოგიერთი მათგანი მუდმივად მოდის სამმართველოში და განცხადების დაწერას ან გასაუბრებას ითხოვს. ან არ მოდის და რეკავს და პოლიციის დახმარებას ითხოვს", - გვიყვება და აღნიშნავს, რომ ზოგჯერ პოლიციას ისინი სარეაბილიტაციო ცენტრში გადაჰყავს, სადაც მათ მკურნალობის რამდენიმედღიანი კურსი უტარდებათ.

"ყოფილა შემთხვევები, რომ სარეაბილიტაციო ცენტრში მიგვიყვანია ხან ერთ-კვირიანი, ხან კი ორ-კვირიანი კურსი უტარდებათ. მკურნალობას რამდენიმე კვირა აქვს ხოლმე ეფექტი, მაგრამ მერე ყველაფერი თავიდან იწყება. მგონია, რომ ამ პრობლემას უნდა მიხედოს სახელწმიფომ, რადგან ეს იმაზე დიდი სირთულეა, ვიდრე ესე, ერთი შეხედვით შეიძლება ჩანდეს - ყოფილა შემთხვევა, როცა ფსიქიკური პრობლემის მქონე ადამიანი ოჯახის წევრზე ძალადობს და ჩვენი მისი დაკავება არ შეგვიძლია. რამდენიმე თვის წინაც იყო ასეთი შემთხვევა".


პრობლემა 3.

"მე პირადად მიყვარს ჩემი სამსახური და ბავშვობიდან მინდოდა, პოლიციელი ვყოფილიყავი, მაგრამ ამ ბოლო დროს სამსახურიდან წასვლაზეც ვფიქრობ ხოლმე", - გევუბნება გორის რაიონული სამმართველოს თანამშრომელი და რადიო "მოზაიკას" ღამის მორიგეობებზე უყვება.

"ახლა შედარებით უკეთ არის საქმე. ის პირი, რომელიც არასწრულოვანი იყო და ფეიბოქსებსაც ტეხავდა, 18 წლის გახდა და დავაკავეთ, მაგრამ მაინც რთულადაა საქმე - ხან მთელი ღამე გვიწევს მორიგეობა და ობიექტების თვალთვალი, რომ არავინ გატეხოს. ზოგჯერ, შეიძლება მანქანის გარეშე გიწევდეს სადმე ყოფნა და პატრულირება. ზამთარში კიდევ უფრო რთული იყო ამის კეთება. ზოგადად, ხშირად არის იმაზე საუბარი, რომ მანქანების დამატება გვჭირდება. მეც ვეთანხმები ამას".

 

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

studia-re

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

ნიმდი