დაუცველი გოგონები გორის მუნიციპალიტეტში და სკოლის როლი

მარტი 06 2019 font size decrease font size increase font size
Rate this item
(0 votes)

"მამამ 14 წლის გოგონაზე სექსუალურად იძალადა", "13 წლის გოგონა ბიძას სექსუალურ შევიწროვებაში ადანაშაულებს", "მერვე კლასელი გოგონა ბიძას ფიზიკურ ძალადობაში ადანაშაულებს", - ამ სათაურებით რადიო "მოზაიკამ" გორის მუნიციპალიტეტში არასწრულწლოვან გოგონებზე ახლობლების მხრიდან ძალადობის რამდენიმე ფაქტი გაასაჯაროა. 

 

სამივე შემთხვევაში გოგონები სკოლაში სწავლობდნენ და მომხდარის შესახებ საქმის კურსში იყვნენ მათი მასწავლებლები. 

როგორ შეუძლია სკოლას გოგონების დაცვა?

ამ კითხვით რადიო "მოზაიკამ" გორის რესურს-ცენტრის ხელმძღვანელს ნანა ტერმაკოზაშვილს მიმართა. 

ნანა ტერმაკოზაშვილის თქმით, მსგავსი ფაქტების გახმაურება ხშირად მოზარდებს უჭირთ, რადგან რცხვენიათ და მოსალოდნელი შედეგები აშინებთ. ეს შემთხვევები ამ კუთხით გამონაკლისია, რადგან შესაძლო ძალადობის ფაქტებზე თავად გოგონებმა ისაუბრეს. 

"ასეთი შემთხვევები, როგორც ფაქტებმა აჩვენა, ძირითადად 13 დან 15 წლამდე გოგონებში ფიქსირდება და უფრო მეტად სოფლებში. ის, რომ ასეთი ფაქტების გახმაურება დაიწყო, არის იმის შედეგი, რომ მოზარდებმაც ისწავლეს, რომ ასეთი საქციელი არასწორია. მათ იციან, რომ ასეთი ფაქტები დანაშაულია და რომ ის უნდა გაახმაურონ", - ამბობს ნანა ტერმაკოზაშვილი. 

მისი თქმით, გოგონების გამბედაობა, ისაუბრონ პრობლემაზე, ვითარების შეცვლისათვის საკმარისი არ არის. ის ფიქრობს, რომ საჭიროა მასწავლებლების გადამზადება, რათა ისინი დაეხმარონ გოგონებს, დაიცვან საკუთარი უფლებები და უსაფრთხოება. 

"სექსუალური განათლება, როგორც ცალკე საგანი, შეიძლება არ იყოს სკოლებში, მაგრამ ის, რაც არის ბიოლოგია, ანატომია და ა.შ. მე მგონი, ამ საგნების მასწავლებლებს სჭირდებათ დატრენინგება. სირცხვილი არ არის ამ ყველაფერზე საუბარი. პირიქით, აუცილებელი და საჭიროა, უფრო მეტად დაწვრილებით ესაუბრებოდნენ ამ ასაკის ბავშვებს ისეთ თემებზე, როგორიცაა სექსუალური ძალადობა, ნაადრევი ქორწინება და ა.შ. ალბათ მაგ გაუნათლებლობის შედეგი უფროა ის, რომ ნაადრევი ქორწინება ისევ ფიქსირდება გორის მუნციიპალიტეტში", - განმარტავს ნანა ტერმაკოზაშვილი.

ინფორმაციისთვის, ნაადრევი ქორწინების ერთ-ერთი შემთხვევის შესახებ, რადიო "მოზაიკამ" ინფორმაცია 4 მარტს გაავრცელა - 15 წლის გოგონამ და 24 წლის ბიჭმა ჯვარი დაიწერეს. გოგონამ კი, დედის განცხადების საფუძველზე, სკოლაში სწავლა შეწყვიტა. 

 

როგორ უნდა მოიქცეს სკოლა ასეთ დროს?

ეს კითხვა რადიო "მოზაიკამ" იურისტ ქეთი ბებიაშვილს დაუსვა. 

ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის გორის ოფისის ხელმძღვანელის ქეთი ბებიაშვილის თქმით, მნიშვნელოვანია, სკოლა დაინტერესებული იყოს საკუთარი მოსწავლეების პრობლემებით - საჭიროების შემთხვევაში, საკუთარი ინიციატივით მოიკვლიოს, ხომ არ არის ბავშვი ძალადობის მსხვერპლი სკოლაში ან ოჯახში. 

 "სკოლა უნდა იყოს ძალიან ყურადღებით თითოეული მოსწავლის მიმართ. დროულად უნდა მოახდინონ ყველა საეჭვო ფაქტზე რეაგირება. პრობლემას ქმნის ისიც, რომ არ არის სკოლაში დანერგილი ფსიქოლოგის ინტიტუტი. გადამზადება სჭირდებათ თავად მასწავლებლებს, რათა მათ პირველივე ნიშნების გამოვლენისთანავე, სათანადო რეაგირება მოახდინონ და არ ხდებოდეს ისე, როგორც დღეს ხდება - როცა სკოლა დაგვიანებით იგებს ფაქტის შესახებ და იმასაც თავად გოგონასგან", - გვითხრა ბებიაშვილმა.

იურისტის თქმით, სკოლამ უნდა შეძლოს, ადრეულ ეტაპზევე ჩააყენოს საქმის კურსში სოციალური მომსახურების სააგენტო და პროკურატურა, რათა ამ უწყებებმა შეძლონ გოგონათა დაცვა მათი უფლებების დარღვევამდე. 

ადგილი შენი რეკლამისთვის

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

studia-re

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

ნიმდი