მიუსაფარი ძაღლების თავშესაფრის მუშაობის შეფასება საკრებულოში კრიტიკის თანხლებით

დეკემბერი 14 2018 font size decrease font size increase font size
Rate this item
(0 votes)

ავტორი: ხატია მუმლაძე

გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მორიგ სხდომაზე დეპუტატები და ცხოველთა დამცველი ირმა მთიულიშვილი ერთმანეთს სიტყვიერად დაუპირისპირდა.

ცხოველთა უფლებათა დამცველის ირმა მთიულიშვილის გაღიზიანება საკრებულოს სხდომაზე გორის მუნიციპალიტეტის სპეციალური სერვისების მიწოდების სააგენტოს 2018 წლის საქმიანობის ანგარიშის შეფასებას მოჰყვა. ირმა მთიულიშვილმა მიუსაფარი ცხოველების თავშესაფრის მუშაობა გააკრიტიკა და დეპუტატებს აღნიშნული ა(ა)იპ - ის საქმიანობის დეტალურად შესწავლისკენ მოუწოდა.

“წლებია ქალაქში გადაუჭრელ პრობლემად რჩება მიუსაფარი ძაღლების პრობლემა. 17 000 ლარია აქვთ გამოყოფილი, რომელიც არის სამედიცინო და ცხოველების კვების ხარჯი, ამ დროს კი ამ თანხის უმეტესი ნაწილი აქვთ გაწერილი ხელფასებში. ოფიციალურად 15-მდე თანამშრომელი ჰყავთ გაფორმებული, მაგრამ პირადად მე, როცა ამ თავშესაფარში მივსულვარ, ამდენი თანამშრომელი არ მინახავს. ასევე აქვთ დიდი პრობლემები მოქალაქეებთან კომუნიკაციის, არც მოსახლეობის ცნობიერების ამაღლებაზე მუშაობენ, წლებია არ გვაქვს მიკედლების მექანიზმი შემუშავებული და რომელ ვაქცინაციაზე და სტერლიზაციაზე გვაქვს ლაპარაკი“, - ამბობს ირმა მთიულიშვილი.

თავშესაფრის დირექტორის, თამარ აფციაურის თქმით, მთიულიშვილი თავშესაფრის მუშაობის შესახებ არასწორ ინფორმაციას ფლობს.

“ეს პირველი შემთხვევა არ არის, როცა ირმა მთიულიშვილი პირდაპირ ებრძვის თავშესაფარს. თბილისის თავშესაფარში, პირიქით ცხოველთა უფლებათა დამცველები ეხმარებიან და ჩვენთან პირიქით ხდება, ცრუ ინფორმაციებს ავრცელებს. ამბობს, რომ სამედიცინო ხარჯებისთვის არასაკმარისი თანხაა გამოყოფილი და ცოფის ვაქცინა ძვირი ღირსო, მაგრამ ჩვენ ამ ვაქცინას გვაძლევს სურსათის უვნებლობის სამსახური სრულიად უსასყიდლოდ“, - განაცხადა თამარ აფციაურმა.

ცხოველთა უფლებების დამცველის კრიტიკა მიუღებელი აღმოჩნდა საკრებულოს დეპუტატებისთვისაც. მიუხედავად მთიულიშვილის მწვავე შენიშვნებისა, საკრებულოს წევრებმა სააგენტოს მუშაობა დადებითად შეაფასეს.

2019 წელს გორის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან სპეციალური სერვისების მიწოდების სააგენტო 168 000 ლარით დაფინანსდება. მიმდინარე წელს აღნიშნული ა(ა)იპ - ის ბიუჯეტი 143 000 ლარს შეადგენს

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

studia-re

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

ნიმდი