დევნილებისთვის განკუთვნილ სოციალურ პაკეტებში 2019 წელს ცვლილებები არ იგეგმება

დეკემბერი 12 2018 font size decrease font size increase font size
Rate this item
(0 votes)

ავტორი: ხატია მუმლაძე

2019 წლის ბიუჯეტში დევნილი მოსახლეობისთვის სოციალურ პაკეტებზე გამოყოფილი თანხის რაოდენობა თითქმის არც ერთ მუნიციპალიტეტში არ შეცვლილა. ქურთის, ერედვისა და თიღვის მუნიციპალიტეტების დევნილები, მომავალ წელსაც იმ პაკეტებით ისარგებლებენ, რაც წინა წლებში ჰქონდათ. 

ქურთის მუნიციპალიტეტის გამგებლის მოადგილე ნუგზარ კახნიაშვილი ამბობს, რომ მუნიციპალიტეტის ბიუჯეტი წინა წელთან შედარებით არ შეცვლილა და კვლავ 2 125 000 ლარია. მისი თქმით, იგივე დარჩა სოციალური პაკეტების რაოდენობაც. 

“9 სოციალური პაკეტი გვაქვს. სასურსათო პროგრამა გვაქვს, ყველა დევნილი მარაგდება სამი სახის პროდუქტით, უკვე რამდენიმე წელია. ასევე გვაქვს დახმარება 80 წელს ზემოთ გადაცილებულთათვის, სარიტუალო ხარჯებისთვის გვაქვს 500 ლარიანი დახმარება, ახალშობილებზე გვაქვს 300 ლარიანი დახმარება. ასევე გვაქვს სტიქიური უბედურებების დროს, გაზის გაჟონვა, ხანძარი და მსგავსი შემთხვევების დროს გვაქვს 1000 ლარიანი დახმარება“, -ამბობს ნუგზარ კახნიაშვილი. 

მომავალი წლის ბიუჯეტის რაოდენობა არც ერედვის მუნიციპალიტეტისთვის შეცვლილა, ადმინისტრაციული ერთეულის გამგებლის მოადგილის ალიკა მაისურაძის თქმით, სოციალურ პაკეტებზე 2019 წლის ბიუჯეტში 372 000 ლარია გამოყოფილი. 

“სოციალური პროგრამებიც იგივე დარჩა და ბიუჯეტში, შეიძლება ითქვას, ცვლილება არ ყოფილა, იმიტომ რომ ჩვენ ტრანსფერი არ გაგვიზრდია, ზუსტად იგივე მოგვივიდა, რაც წინა წლებში. სასურსათო პროგრამაში გვაქვს ყველა დევნილისთვის, 45 კგ ფქვილი, 10 ლიტრი ზეთი, შაქარი, წიწიბურა და სხვა. ასევე გვაქვს დახმარება ონკოლოგიური პაციენტებისთვის დახმარება 500 ლარიანი დახმარება“, - ამბობს ალიკა მაისურაძე.

ერედვისა და ქურთის მუნიციპალიტეტებისგან განსხვავებით თიღვის მუნიციპალიტეტის სოციალურ პაკეტებში გარკვეული ცვლილებები შევიდა. თიღვის მუნიციპალიტეტის გამგებლის მოადგილის, ზურა ტოროშელიძის თქმით, ახალშობილებზე 300 ლარის ნაცვლად 500 ლარიანი დახმარება გაიცემა. 

“ახალშობილებზე გვქონდა 300 ლარიანი ერთჯერადი დახმარება. გადავწყვიტეთ, რომ 500 ლარამდე გავზარდოთ. შარშან დავამატეთ რამდენიმე პროგრამა, სატესტო წელი იყო და მანამდე არ გვქონდა. ბიუჯეტს ჩვენ ცოტა მეტს ვითვალისწინებდით, მაგალითად, თუ ვთვლიდით, რომ საჭირო იყო 15 000, ვდებდით 17 000, რადგან შეიძლებოდა საკმარისი არ ყოფილიყო და მერე ვეღარ დავამატებდით. თუმცა წელს როგორც გადავხედეთ, დავინახეთ, რომ გარკვეული თანხების დაზოგვა შეიძლება და იმდენი არ დაგვჭირდება. წლის მიმდინარეობისას თუ დაგვაკლდება, ჩვეულებრივ შეგვიძლია ბიუჯეტში ცვლილებების გაკეთება“, - განმარტა ზურა ტოროშელიძემ. 

ერედვის, ქურთის და თიღვის მუნიციპალიტეტის გამგეობები 2008 წლის ომის შემდეგ თბილისშია განთავსებული, სხვადსხვა სოციალური დახმარებით იძულებით გადაადგილებული პირები უკვე 10 წელია სარგებლობენ.

ადგილი შენი რეკლამისთვის

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

studia-re

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

ნიმდი