2014 წლის შემდეგ საკანონმდებლო მაცნეზე გორის მერიის ანგარიში ინფორმაციის თავისუფლების შესახებ არ იძებნება

დეკემბერი 11 2018 font size decrease font size increase font size
Rate this item
(0 votes)

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 49 მუხლი საჯარო დაწესებულებებს ყოველი წლის 10 დეკემბრისთვის საჯარო ინფორმაციასთან დაკავშირებული ანგარიშის წარდგენას ავალდებულებს. დოკუმენტი ყოველწლიურად საქართველოს პრეზიდენტს, პრემიერ-მინისტრს და პარლამენტს ეგზავნება.

 

გორის მერმა საჯარო ინფორმაციათან დაკავშრებული ვალდებულება რადიო "მოზაიკასთან" საუბრისას ვერ გაიხსენა. გვითხრა, რომ ანგარიში ცენტრიდან მისთვის არავის უთხოვია. რაც შეეხება წლიურ ანგარიშს მისი საქმიანობის შესახებ, კონსტანტინე თავზარაშვილი საზოგადოების წინაშე რამდენიმე დღეში წარსდგება.

"არა, არ გაგვიგზავნია. არა ვარ საქმის კურსში, თუ არის ასეთი პრაქტიკა. მე ჩემი ანგარიში მზად მაქვს და ალბათ, იქითა კვირაში აუცილებლად იქნება", - ამბობს თავზარაშვილი.

გორის მერიის საჯარო ინფორმაციის გაცემაზე პასუხისმგებელი პირი გიორგი ღვინიაშვილი ამბობს, რომ მისი კომპეტენციიდან გამომდინარე, მხოლოდ ერთი მონაცემი დაამუშავა. ღვინიაშვილის თქმით, მიმდინარე წელს საჯარო ინფორმაციის მოთხოვნაზე 217 წერილია მერიაში შესული და მათგან შესრულება 100%-იანი იყო. დოკუმენტი, რომელიც საკანონმდებლო მაცნესა და მერიის ვებ გვერდზე უნდა იყოს გამოქვეყნებული, ჯერჯერობით ხელმიუწვდომელია.

"ჩემგან გაიგზავნა მხოლოდ რიცხვი - 217 საჯარო ინფორმაციის მოთხოვნით. 217 ერთეული გაიგზავნა, პრეზიდენტზეც, პარლამენტზეც და და ყველა დანარჩენზეც. მერიის ყველა სამსახურიდან მაქვს წამოღებული მასალა. ეს არის რიცხვი, თუ რამდენი მოთხოვნა შემოვიდა ჩემთან საჯარო ინფორმაციაზე", - ამბობს ღვინიაშვილი.

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 49-ე მუხლის მიხედვით, საჯარო დაწესებულება ვალდებულია ყოველი წლის 10 დეკემბერს საქართველოს პარლამენტს, საქართველოს პრეზიდენტსა და საქართველოს პრემიერ-მინისტრს წარუდგინოს, აგრეთვე „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეში“ გამოაქვეყნოს ანგარიში:

  •  საჯარო დაწესებულებაში შესული საჯარო ინფორმაციის გაცემისა და საჯარო ინფორმაციაში შესწორების შეტანის მოთხოვნათა რაოდენობის შესახებ და მოთხოვნაზე უარის თქმის თაობაზე მიღებულ გადაწყვეტილებათა რაოდენობის შესახებ;
  •  მოთხოვნის დაკმაყოფილების ან მოთხოვნაზე უარის თქმის შესახებ მიღებულ გადაწყვეტილებათა რაოდენობის, გადაწყვეტილების მიმღები საჯარო მოსამსახურის ვინაობის, აგრეთვე კოლეგიური საჯარო დაწესებულების მიერ საკუთარი სხდომის დახურვის თაობაზე მიღებული გადაწყვეტილების შესახებ;
  •  საჯარო მონაცემთა ბაზებისა და საჯარო დაწესებულებათა მიერ პერსონალური მონაცემების შეგროვების, დამუშავების, შენახვისა და სხვისთვის გადაცემის შესახებ;
  •  საჯარო მოსამსახურეთა მიერ ამ კოდექსის მოთხოვნების დარღვევის რაოდენობისა და პასუხისმგებელი პირებისთვის დისციპლინური სახდელების დადების შესახებ;
  •  იმ საკანონმდებლო აქტების შესახებ, რომლებსაც საჯარო დაწესებულება ეყრდნობოდა საჯარო ინფორმაციის გაცემაზე უარის თქმისას ან კოლეგიური საჯარო დაწესებულების სხდომის დახურვისას;
  •  საჯარო ინფორმაციის გაცემაზე უარის თქმის შესახებ მიღებული გადაწყვეტილების გასაჩივრების თაობაზე;
  •  საჯარო დაწესებულების მიერ ინფორმაციის დამუშავებასა და გაცემასთან, აგრეთვე საჯარო ინფორმაციის გაცემაზე უარის თქმის შესახებ მიღებული გადაწყვეტილების ან კოლეგიური საჯარო დაწესებულების სხდომის დახურვის თაობაზე მიღებული გადაწყვეტილების გასაჩივრებასთან დაკავშირებული ხარჯების, მათ შორის, მხარის სასარგებლოდ გადახდილი თანხების შესახებ.

"საკანონმდებლო მაცნეს ჰქონდა ხარვეზი დანართთან დაკავშირებით., დანართი დამოწმდება და გაიგზავნება ისევ., ასე, რომ ყველა ვარიანტში გამოქვეყნდება", - გვითხრა გიორგი ღვინაშვილმა

ადამიანის უფლებათა ცენტრის იურისტის, ლექსო მერებაშვილის განმარტებით, საჯარო დაწესებულების მხრიდან ანგარიშის წარუდგენლობა აღნიშნული კოდექსის დარღვევას ნიშნავს, თუმცა რაიმე სანქცია ამასთან დაკავშირებით ჯერჯერობით დაწესებული არ არის.

"ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი აწესრიგებს საჯარო ინფორმაციასთან დაკავშირებულ ურთიერთობებს. შესაბამისად, ამავე თავში მითითებული არის საჯარო დაწესებულებების ვალდებულება, რომ ყოველი წლის 10 დეკემბერს საქართველოს პარლამენტს, პრეზიდენტსა და პრემიერ - მინისტრს წარუდგინონ საჯარო ინფორმაციასთან დაკავშირებული შესაბამისი ინფორმაცია, რაც ჩამოთვლილია ამ მუხლში. პირდაპირ არის მითითებული რომ საჯარო დაწესებულება ვალდებულია, რომ ეს ინფორმაცია წარადგინოს. იმის გამო, რომ არ არის დაწესებული რაიმე სახის სანქცია, სამწუხაროდ, არ სრულდება ეს ვალდებულება ისე, როგორც უნდა შესრულდეს", - გვითხრა ლექსო მერებაშვილმა.

მიუხედავად იმისა, რომ კანონი საჯარო დაწესებულებებს ინფორმაციის თავისუფლების შესახებ ანგარიშის წარდგენას ყოველის წლის 10 დეკემბრის ჩათვლით ავალდებულებს, გორის მუნიციპალიტეტის შემთხვევაში გორის საკანონმდებლო მაცნეზე შესაბამისი დოკუმენტი 2014 წლის შემდეგ აღარ იძებნება.

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

studia-re

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

ნიმდი