დანაშაული და აღკვეთის ღონისძიებები - საიას მონიტორინგის შედეგები

დეკემბერი 07 2018 font size decrease font size increase font size
Rate this item
(0 votes)

ავტორი: ხატია მუმლაძე

გორში გასული წლის თებერვლიდან 2018 წლის მარტამდე პერიოდში, ნარკოტიკული დანაშაულის დროს აღკვეთის ღონისძიებიდან გირაოს გამოყენების 54% დაფიქსირდა, პატიმრობის-46%. ამის შესახებ ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის მონიტორინგის შედეგების ანგარიშშია ნათქვამი.

ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ გორში სისხლის სამართლის პროცესების მონიტორინგის შედეგები წარადგინა. ანგარიში 5 ქალაქში სისხლის სამართალწარმოების საკითხებს 2017 წლის თებერვლიდან მიმდინარე წლის მარტამდე პერიოდს მოიცავს.

ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის წარმომადგენლის, ბექა თაკალანძის თქმით, ანგარიშზე მუშაობისას ყურადღება გამახვილდა ისეთ საქმეებზე, როგორიცაა ოჯახში ძალადობა, ნარკოტიკული დანაშაულები და სასამართლო პროცესების დროს გამოვლენილი დარღვევები.

“მთლიანობაში სულ 2144 პროცესს დავაკვირდით 5 რეგიონში: თბილისი, ბათუმი, ქუთაისი, გორი და თელავი. ყველა ის საკითხი გამოიკვეთა, რაც მნიშვნელოვანი იყო ამ ანგარიშისთვის, მათ შორის აღკვეთის ღონისძიებების შეთანხმებასთან დაკავშირებით, ჩვენი მონიტორინგის მოხედვით გამოვლინდა, რომ ძირითადად აღკვეთის ღონისძიებების ორი სახე გამოიყენება, გირაო და პატიმრობა. ასევე გამოიკვეთა სპეციალური ანგარიშები ოჯახში ძალადობის, ოჯახში მომხდარი დანაშაულის, ქალთა მიმართ ძალადობისა და ნარკოტიკული დანაშაულების შესახებ“, - ამბობს ბექა თაკალანძე.

მონიტორინგის ანგარიშის მიხედვით, აღკვეთის ღონისძიების პატიმრობისა ან გირაოს გამოყენების გარდა, სხვა ალტერნატიული ღონიძიებების გამოყენება სასამართლოს მხრიდან თითქმის არ ხდება. ანგარიშში ნათქვამია, რომ გორის რაიონულ სასამართლოში 52 საქმიდან აღკვეთის ღონისძიების ალტერნატიული სახე არც ერთ შემთხვევაში არ გამოყენებულა.

“პრობლემატური საკითხი, რაზეც წლების განმავლობაში საუბრობს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია, არის ის, რომ ხშირია აღკვეთის ღონისძიებების დაუსაბუთებლობა, ასევე ვსაუბრობთ სასამართლოს სათანადოდ კონტროლის პრობლემაზე. მაგალითად, საპროცესო შეთანხმების სხდომაზე სასამართლოს მხრიდან კონტროლი არის ძალიან ზოგადი და მსჯელობა სასჯელის სამართლიანობასა და კანონიერებაზე. ჩვენი რეკომენდაციები წლების განმავლობაში რჩება გაუთვალისწინებელი, ამიტომ, აუცილებელია ამ და კიდევ სხვა პრობლემატურ საკითხების გამოსწორებაზე იზრუნოს როგორც სასამართლომ და პროკურატურამ, ასევე შესაბამისი კანონმდებლობის დონეზე იმუშაოს პარლამენტმაც“, - ამბობს ანგარიშის ავტორი და “საიას“ სისხლის სამართლის იურისტი მერაბ ქართველიშვილი.

ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის მონიტორინგის შედეგების მიხედვით, 2017 წლის თებერვლიდან 2018 წლის მარტამდე აღკვეთის ღონისძიების სახით გირაოს გამოყენების 62%, პატიმრობის- 35%, ალტერნატიული აღკვეთის ღონისძიების (პირადი თავდებობა და გაუსვლელობის შესახებ შეთანხმება) 3% დაფიქსირდა

ადგილი შენი რეკლამისთვის

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

studia-re

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

ნიმდი