Back to Top
შაბათი, 19 სექტემბერი 2020 21:25

Drive Democracy-ის მონაწილეებმა მაჟორიტარ კანდიდატებს პოლიტიკის დოკუმენტები გააცნეს

Rate this item
(0 votes)

"მედიათეკა - მულტიფუნქციური სივრცე თემის განვითარებისთვის" და "გორის მუნიციპალიტეტში მეწარმეობის განვითარების ხელშეწყობა" - ასე ჰქვია იმ პოლიტიკის დოკუმენტებს, რომლებიც დღეს "Drive Democracy"-ის მონაწილეებმა გორი-კასპის გაერთიანებულ ოლქში მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატებს გააცნეს.

 

რეგიონული განვითარების გზამკვლევის ავტორები დღეს "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის", "ევროპული საქართველოს" და "ლელოს" მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატებს შეხვდნენ.

 

 

 

 

 

ბადრი ბასიშვილმა, ლევან თარხნიშვილმა და პაპუნა კობერიძემ აღნიშნეს, რომ პრობლემები, რომელთა მოსაგვარებლადაც აღნიშნული დოკუმენტები შეიქმნა, მათთვის ნაცნობია, კანდიდატების თქმით, ისინი აღნიშნულ დოკუმენტებს დეტალურად გაეცნობიან.

 

გორის მუნიციპალიტეტში მეწარმეობის განვითარების ხელშეწყობა

 

"საქართველო ერთ-ერთი ძლიერი ქვეყანაა შესაძლებლობებითა და სამეწარმეო განვითარების კუთხით, თუმცა უმწვავეს პრობლემად რჩება როგორც ქვეყნისთვის, ისე გორის მუნიციპალიტეტისთვის უმუშევრობის მაღალი დონე და კვალიფიციური კადრების მიგრაცია. აღნიშნული პოლიტიკის დოკუმენტის მთავარი მიზანია გორის მუნიციპალიტეტში ხელი შეეწყოს მეწარმეობის განვითარებას - მეწარმეობა გამოიკვეთოს, როგორც პრიორიტეტული საკითხი, შემუშავებულ იქნას მეწარმეობის განვითარების პროგრამა და განვითარდეს გენდერულად მგრძნობიარე სამეწარმეო გარემო", - ამბობს დოკუმენტის ერთ-ერთი ავტორი მარიკა მღებრიშვილი.

 

მისი გუნდის შემუშავებული დოკუმენტის მიზანია: 

 

გორის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის პრიორიტეტებში მეწარმეობის ხელშეწყობა გახდეს პრიორიტეტული საკითხი;

შემუშავებულ იქნას მეწარმეობის განვითარების პროგრამა, რომლის შემადგენელი ნაწილიც იქნება თანადაფინანსების პროგრამა, როგორც დამწყები, ისე არსებული საწარმოების გაფართოების ხელშეწყობისათვის და სამუშაო ადგილების გაზრდის პერსპექტივით;
ხელი შეეწყოს ქალი მეწარმეების გაძლიერებას, რათა გაუმჯობესდეს გენდერული სამეწარმეო გარემო.

 

 

მედიათეკა - მულტიფუნქციური სივრცე თემის განვითარებისთვის

 

"გორის მუნიციპალიტეტში არ არსებობს მულტიფუნქციური სივრცე, რომელიც ხელს შეუწყობს ნებისმიერი პროფესიისა თუ ინტერესის მქონე ადამიანთა კულტურულ-საგანმანათლებლო განვითარებას და მათ მიაწვდის სხვადასხვა სახის შემეცნებით და განმავითარებელ სერვისებს, არსებული ტექნიკური ინფრასტრუქტურისა და ადამიანური რესურსის გამოყენებით. მსგავსი მულტიფუნქციური სივრცის შექმნა შესაძლებელია იმ რესურსების მობილიზებით, რომლებიც ქალაქში არსებული 3 ბიბლიოთეკის შენახვას ხმარდება. შემუშავდა დოკუმენტი, რომელიც მიზნად ისახავს გორის მუნიციპალიტეტში მედიათეკის შექმნას, რომლის ამოცანები იქნება ხელი შეუწყოს ნებისმიერი პროფესიისა თუ ინტერესის მქონე ადამიანთა კულტურულ-საგანმანათლებლო განვითარებას და მიაწოდოს სხვადასხვა სახის სერვისები არსებული ტექნიკური ინფრასტრუქტურისა და ადამიანური რესურსის გამოყენებით", - ამბობს დოკუმენტის ერთ-ერთი ავტორი გვანცა დოლუაშვილი.

 

მისი გუნდის მიერ შემუშავებული დოკუმენტის აღსრულების შედეგად, გორის მუნიციპალიტეტში მოხდება:

 

სოციალურ-კულტურული ცხოვრების განვითარება;

ახალი თაობის დაინტერესება წიგნით;

საზოგადოების განვითარებისთვის საჭირო ინფორმაციის გავრცელება;

საზოგადოების ყველა წევრისთვის საკუთარი შესაძლებლობების რეალიზების საშუალების მიცემა;

ციფრული წიგნადი ფონდის და აქტიური ელექტრონული პლატფორმის შექმნა

 

 

ინფორმაციისთვის, რეგიონული განვითარების გზამკვლევი არის მოქალაქეთა ხედვის დოკუმენტი, რომელიც მომზადებულია პროექტის “ რეგიონების უზრუნველყოფა ინფორმაციით და ამომრჩეველთა გაძლიერება დემოკრატიისთვის“ მონაწილეთა მიერ.

 

პროექტი ხორციელდება აღმოსავლეთ ევროპის ცენტრი მრავალპარტიული დემოკრატიისთვის (EECMD) მიერ, USAID-ის ფინანსური მხარდაჭერით და ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრთან (EPRC) თანამშრომლობით, და მიზნად ისახავს ამომრჩევლების იმდაგვარად გაძლიერებას, რომ წარმატებით მოითხოვონ მათთვის მნიშვნელოვან საკითხებზე ფოკუსირებული პოლიტიკური თუ საარჩევნო პროგრამები და ისეთი პოლიტიკის განხორციელება ქვეყანაში, რომელიც მეტად პასუხობს საქართველოს მოქალაქეების რეალურ საჭიროებებს. პროექტი საქართველოს ხუთ რეგიონში: თბილისში, კახეთში, შიდა ქართლში, იმერეთსა და აჭარაში ხორციელდება.