Back to Top
პარასკევი, 14 აგვისტო 2020 16:35

კაცი, რომელსაც ცოლი სექსუალურ ძალადობაში ადანაშაულებს, ბრალს არ აღიარებს

Rate this item
(0 votes)

გორის რაიონული სასამართლოს მოსამართლე შალვა კაკაურიძე განიხილავს გორში მცხოვრები გ.გ.-ს საქმეს, რომელსაც ბრალად ედება მეუღლის მიმართ ჩადენილი სექსუალური ხასიათის ძალადობა და სიცოცხლის მოსპობის მუქარა. აღსანიშნავია, რომ მეუღლეზე ძალადობის ბრალდებით, გ.გ. წარსულში ნასამართლევია.

 

სასამართლოზე ბრალდების მხარეს წარმოადგენდა პროკურორი გიორგი კრავეიშვილი, რომელმაც მოსამართლეს კიდევ ერთხელ განუმარტა ბრალდების არსი.

 

"2020 1 ივნისს, გ.გ.-მ მეუღლის მიმართ ჩაიდინა სქესობრივი ხასიათის გაუკუღმართებული ძალადობრივი ქმედება, ასევე ფიზიკური ძალადობა, რომელიც წარსულშიც ხშირად ხდებოდა. იგი ასევე სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა მეუღლეს, რა დროსაც დაზარალებულს გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში", - განაცხადა პროკურორმა გიორგი კრავეიშვილმა.

 

მოსამართლემ ბრალდებულს განუმარტა სასჯელის სავარაუდო ზომის შესახებ. როგორც ცნობილია, საქმე აღძრულია სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე პრიმა მუხლის მეორე ნაწილის "ე" პუნქტით და ასევე, მე-11 პრიმა მუხლით და 151-ე მუხლის მეორე ნაწილის "დ" პუნქტით.

 

ბრალდებული ორ თვეზე მეტია წინასწარ პატიმრობაშია. იგი დანაშაულს არ აღიარებს. მისი ადვოკატი ფიქრობს, რომ საბოლოოდ, სასამართლო მის უდანაშაულობაში დარწმუნდება, რადგან საკმარისი მტკიცებულებები არ არსებობს.

 

"ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი თავს დამნაშავედ არ ცნობს, ვთვლი, რომ არსებული გარემოებებით და მტკიცებულებათა ერთობლიობით სასამართლო დარწმუნდება მის უდანაშაულობაში", - განაცხადა ადვოკატმა.

 

საქმის არსებითი განხილვისას, სასამართლო პროცესზე პროკურორმა 2 მოწმე წარმოადგინა, თუმცა ადვოკატმა სასამართლოს განცხადებით მიმართა.

 

"ბრალდებული აღნიშნული მოწმეების თავდაპირველ ჩვენებას უდაოდ ხდის, შესაბამისად, სასამართლო პროცესზე მათი დაკითხვის საჭიროება აღარ არის", - აღნიშნა გ.გ.-ს ადვოკატმა.

 

აღნიშნულიდან გამომდინარე, მოსამართლემ საჭიროდ აღარ მიიჩნია მოწმეების დაკითხვა და პროცესი დასრულებულად გამოაცხადა. შემდეგი სხდომა კი, 2 სექტემბერს, 15 საათისთვის ჩაინიშნა.