Back to Top
 

JPrize Web Geo

ორშაბათი, 06 ივლისი 2020 12:46

ლოთიშვილების მარანი ატენში - ისტორია და ოჯახური ტრადიცია

Rate this item
(1 Vote)

ლოთიშვილების ღვინის მარანი რამოდენიმე ათეულ წელს ითვლის. ოჯახს აქვს ღვინის დაყენების საუკუნოვანი ტრადიცია. მარანი გაწყობილია უძველესი ნივთებით, რაც ასევე ოჯახის საკუთრებაა და წლების განმავლობაშია შეგროვებული.

 

როგორც გია ლოთიშვილი ამბობს, სახლის საძირკველზე ადრე ქვევრები ჩაიყარა.

 

“ამ მარანში ქვევრები 1946 წლიდან ჩაიყარა, მაგ პერიოდში დაიწყო მამაჩემმა მშენებლობა. ძველად ასე იყო, ჯერ ქვევრებს ჩაყრიდნენ, მერე საძირკველი ისხმებოდა და შემდეგ უკვე გადახურვა იწყებოდა. ჩვენი მარნის ისტორიაც სწორედ ამ წლებიდან იწყება. კედლები გალესილი იყო, სიძველის ეფექტი უფრო მეტად რომ მიმეცა, ხელით ჩამოვყარე ნალესი და ეს ძველებური ქვები გამოვაჩინე, მე არ მომწონს მოპირკეთებული კედლები, ასე მირჩევნია“, - ამბობს გია ლოთიშვილი.

 

მარანს განსაკუთრებულ ეფექტს ძველი ნივთები სძენს. ყველა ნივთი, რომელიც მარანშია განთავსებული, საკუთარი ისტორია აქვს. ერთ - ერთია აკვანი, რომელიც საუკუნეზე მეტს ითვლის.

 

 

“ესაა კვანი, რომელიც ას წელზე მეტს ითვლის. ეს დედაჩემის და მისი დედმამიშვილების პერიოდისაა. შემდეგ მეც გავიზარდე და ჩემ შვილსაც მოუწია რამოდენიმე თვე ამ აკვანში წოლა. ძველ ნივთებს ვაგროვებდი და სახლის სახურავზე ვინახავდი, რადგან ყოველთვის ვიცოდი, რომ გამოვიყენებდი და თავის დანიშნულებას მივცემდი. აქ არ არის სრული ნივთები, კიდევ მაქვს და პერიოდულად შევმატებ მარანს“, - გვითხრა ლოთიშვილმა.

 

აქ ნახავთ წლების წინანდელ საწამლ აპარატს, ძველებურ თუჯის ქვაბს, ქალამნებს, წლების წინანდელ ბარს, თოხს, ნამგალს, დანებს, თიხის ჭურჭელს და სამოვარს.

 

 

ოჯახს ტრადიციად აქვს კონიაკის დაყენება, ეს ტრადიცია თაობებზე გადადის.

 

“ჩვენ ოჯახს კონიაკის დაყენების ტრადიცია აქვს. როდესაც მე დავიბადე მამაჩემმა დააყენა და თქვა, რომ ჩემ ქორწილზე უნდა გაეხსნათ. ასეც მოხდა. ახლა მე გავაგრძელე ტრადიცია. ჩემი ორი შვილიშვილის სახელზე დავაყენე კონიაკი, რომელსაც მათ ქორწილზე გავხსნი. შესაძლოა, სხვა ოჯახებშიც ხდება ეს და არა მხოლოდ ჩვენთან. იმედი მაქვს, ჩემი მომავალი თაობაც ასე გააგრძელებს“, - თქვა გიამ.

 

მარანში სხვა ნივთებთან ერთად ნახავთ ვაზსაც, როგორც გია ამბობს, ვაზი გახმა, გადასაგდებად დაენანა და მარანში კედელზე მიუჩინა ადგილი.

 
 

“გასულ შემოდგომაზე ვაზი მომიკვდა 65 წლის თავკვერი, - მე ასე ვამბობ, როდესაც ვაზი მიხმება. ვერ დავუშვებდი, რომ ასე უბრალოდ მომეშორებინა, ამიტომ მარანში კედელზე მივამაგრე. ეს სულ მექნება და თავის ისტორიას შეინახავს. მე ძალიან მიყვარს ვაზი და ღვინის კულტურას განსაკუთრებულ პატივს ვცემ“, - ამბობს გია ლოთიშვბილი.

 

ლოთიშვილების საოჯახო მეურნეობა 70-ზე მეტ წელს ითვლის. ამ დროის განმავლობაში, ღვინო სარეალიზაციოდ არასდროს ჩამოუსხამთ. გია ლოთიშვილი ამბობს, რომ მარნისთვის ძველი ნივთების შეგროვებას მომავალშიც გააგრძელებს.